განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად

სისხლის სამართლის 11.04.2005
საქმის ნომერი
2კ-120დად.-05
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
11.04.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 120-დად 11 აპრილი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მ. ისაევი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ი. ბიბილაშვილი,მ. გოგელია

განიხილა ბრალდებულ ე. კ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. მ-ის კერძო საკასაციო საჩივარი ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის 2005წ. 21 მარტის ბრძანებაზე, რომლითაც ბრალდებულ ე. კ-ას უძრავ-მოძრავ ქონებასა და საბანკო ანგარიშებს დაედო ყადაღა.

აღწერილობითი ნაწილი:

წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ ბრალდებული ე. კ-ია 2004წ. 9 ნოემბერს მთვრალი მართავდა რა ავტომანქანა “მოსკვიჩს”, დაარღვია საგზაო მოძრაობის შესახებ კანონის მოთხოვნა და დაეჯახა თ. დ-ს, რომელმაც მიიღო სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

ბრალდებულ ე. კ-ას დანაშაულებრივი ქმედებით დაზარალებულს მიადგა ქონებრივი და მორალური ზიანი, რის გამოც მან წარადგინა სამოქალაქო სარჩელი 4000 ლარის ოდენობით.

ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ბრძანებით, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ბრალდებულ ე. კ-ას უძრავ-მოძრავ ქონებასა და საბანკო ანგარიშს დაედო ყადაღა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივრით ბრალდებულ ე. კ-ას ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. მ-ძე ითხოვს სასამართლოს ბრძანების გაუქმებას. იგი მიუთითებს, რომ ბრალდებულს უძრავ-მოძრავი ქონება არ გააჩნია.

პალატის სხდომაზე ადვოკატმა მ. მ-ემ ვრცლად მიმოიხილა მასალები, მან მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების შესახებ. ადვოკატმა აღნიშნა, რომ ყადაღის დადების თაობაზე შუამდგომლობის განხილვის თარიღი სასამართლოს ბრალდებულისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატისათვის არ შეუტყობინებია, რითაც დაირღვა მათი კანონით გარანტირებული უფლება; ამასთან, სასამართლომ ყადაღა დაადო იმ ქონებას, რომელიც ბრალდებულს არ ეკუთვნის; აღსანიშნავია ისიც, რომ სარჩელი წარდგენილი იყო 4000 ლარის ოდენობით, ყადაღა კი დაედო 22 ათასად ღირებულ უძრავ ქონებას. ადვოკატმა წარმოადგინა ქონებაზე ყადაღის დადების ოქმი და ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რაც დაერთო საქმის მასალებს.პროკურორმა ბ. თ-ამ კანონიერად მიიჩნია სასამართლოს მიერ მიღებული ბრძანება ბრალდებულ ე. კ-ას ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ. პროკურორმა იშუამდგომლა სასამართლოს ბრძანების უცვლელად დატოვების შესახებ.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება და თვლის, რომ მოსამართლის ბრძანება ბრალდებულ ე. კ-ას ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ უნდა გაუქმდეს და მასალები ხელახალი განხილვისათვის გადაეცეს იმავე სასამართლოს სხვა მოსამართლეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსსკ-ის 140-ე მუხლის მეექვსე ნაწილის თანახმად, მოსამართლე შუამდგომლობას ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ განიხილავს. პროკურორისა და იმ ორგანოს წარმომადგენლის მონაწილეობით, რომელმაც შუამდგომლობით მიმართა მოსამართლეს. სასამართლო სხდომაში მონაწილეობის უფლება აქვთ ბრალდებულს და მის დამცველს. კანონის ეს მოთხოვნა მოსამართლემ არ დაიცვა და ქონებაზე ყადაღის დადების შუამდგომლობის განხილვის შესახებ არ აცნობა ბრალდებულ ე. კ-ას და მისი ინტერესების დამცველს, ადვოკატ მ. მ-ეს, რითაც დაირღვა ბრალდებულის დაცვის უფლება. შუამდგომლობის ხელახალი განხილვისას მოსამართლემ უნდა დაიცვას კანონის ეს მოთხოვნა.

შუამდგომლობის ხელახალი განხილვისას აუცილებლად უნდა გაირკვეს, თუ ვის ეკუთვნის ქ. ფოთში, --- მდებარე საცხოვრებელი სახლი და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გადაწყდეს მასზე ყადაღის დადების საკითხი. ასევე საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადებისას უნდა გაირკვეს, თუ რომელ ბანკში არსებულ კონკრეტულად რომელ ანგარიშს უნდა დაედოს ყადაღა.

პალატა თვლის, რომ ბრალდებულ ე. კ-ას ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ მოსამართლის ბრძანება უნდა გაუქმდეს და გამომძიებლის შუამდგომლობა მასალებთან ერთად გადაეცეს სხვა მოსამართლეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის მე-200 და 243-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ცვლილებით.

ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის 2005წ. 21 მარტის ბრძანება ბრალდებულ ე. კ-ას ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ გაუქმდეს და გამომძიებლის შუამდგომლობა მასალებთან ერთად ხელახალი განხილვისათვის გადაეცეს იმავე სასამართლოს სხვა მოსამართლეს.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.