საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 05.05.2005
საქმის ნომერი
2კ-132დად.-05
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
05.05.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 132-დად 5 მაისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნ. გაბრიჩიძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი (მომხსენებელი),მ. ისაევი

განიხილა ე. გ-ის კერძო საკასაციო საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 28 მარტის დადგენილებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი საჩივარი რუსთავის საგამოძიებო განყოფილების გამომძიებელ ვ. ჩ-ის 2005წ. 3 თებერვლის დადგენილების გაუქმების შესახებ.

აღწერილობითი ნაწილი:

2005წ. 11 მარტს ე. გ-მა საჩივრით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა რუსთავის საგამოძიებო განყოფილების გამომძიებელ ვ. ჩ-ის 2005წ. 3 თებერვლის დადგენილების გაუქმება, რომლითაც არ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და სისხლისსამართლებრივი დევნა ე. დ-სა და ლ. კ-ის მიმართ.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ 2005წ. 3 თებერვლის დადგენილებით არ დააკმაყოფილა ე. გ-ის საჩივარი უსაფუძვლობის გამო.

კერძო საკასაციო საჩივრით ე. გ-ი ითხოვს გამომძიებლისა და სასამართლოს ზემოაღნიშნული დადგენილებების გაუქმებას. საჩივარში იგი მიუთითებს, რომ 2000წ. 1 მარტიდან 2004წ. 1 აპრილამდე მუშაობდა რუსთავის აზოტის ქარხნის ტომრების საამქროში სარქველების ჩამჭრელად. მის სამუშაო ოთახში ტომრების დაჭრისა და დაქუცმაცების შედეგად გამოყოფილი კვამლით იგი დაავადდა, რის გამოც დასჩემდა ჰაერის უკმარისობა, გულის რევის შეგრძნება. ამ დაავადების გამო იმკურნალა რუსთავის ¹-- საავადმყოფში, შემდეგ ფორმა ¹25-ით და ანკეტით გამოკვლევა გაიარა თბილისის კვლევით ინსტიტუტში. მოგვიანებით აღმოაჩინა, რომ რუსთავის საავადმყოფოს დირექტორ ლ. კ-ის მითითებით, განყოფილების გამგემ _ ე. დ-მა გადააკეთა მისი ანკეტა და გააყალბა, რის გამოც დაეკარგა პენსიის მიღების შესაძლებლობა. ე. გ-ლი თვლის, რომ გამომძიებელმა ზერელედ გამოიკვლია მისი საჩივრის მოტივები, არ დაადგინა ანკეტის გაყალბების ფაქტი, არ ჩაატარა ექსპერტიზები მისი ჯანმრთელობის გამოკვლევისა და სამუშაო პირობების შემოწმების მიზნით და ა. შ.

პალატის სხდომაზე ე. გ-მა მოითხოვა თავისი კერძო საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება, სასამართლოსა და გამომძიებლის დადგენილებების გაუქმება და საქმის მასალების რუსთავის პროკურატურაში დაბრუნება სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადასაწყვეტად.

სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა გ. უ-მა კერძო საკასაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირა. მან რუსთავის საქალაქო სასამართლოს დადგენილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ე. გ-ის საჩივარი რუსთავის საგამოძიებო განყოფილების გამომძიებელ ვ. ჩ-ის 2004წ. 3 თებერვლის დადგენილების გაუქმების შესახებ, მიიჩნია კანონიერად და მოითხოვა მისი უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია და თვლის, რომ კერძო საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო. პალატა თვლის, რომ მოკვლევის დროს სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით სრულად და ყოველმხრივ იქნა გამოკვლეული ე. გ-ის საჩივარში მითითებული გარემოებები. ამ მიზნით ამოღებულ იქნა სამედიცინო დოკუმენტაცია ე. გ-ის მიმართ ჩატარებული მკურნალობისა და გამოკვლევის შესახებ, ახსნა-განმარტებები ჩამოერთვათ რუსთავის საავადმყოფოს დირექტორ ლ. კ-სა და განყოფილების გამგეს _ ე. დ-ლს. მოკვლევის მიერ მოპოვებული მასალებით ვერ დადასტურდა ლ. კ-სა და ე. დ-ის მიერ ე. გ-ის სახელზე გაფორმებული სამედიცინო დოკუმენტაციის გაყალბების ფაქტი.

პალატა თვლის, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 28 მარტის დადგენილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ე. გ-ის საჩივარი რუსთავის საგამოძიებო განყოფილების გამომძიებელ ვ. ჩ-ს 2005წ. 3 თებერვლის დადგენილების გაუქმებაზე, კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 242-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 28 მარტის დადგენილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ე. გ-ის საჩივარი რუსთავის საგამოძიებო განყოფილების გამომძიებელ ვ. ჩ-ის 2004წ. 3 თებერვლის დადგენილების გაუქმებაზე, დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.