დატოვებულია განუხილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 333-აპ 20 ოქტომბერი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),ნ. გაბრიჩიძე,მ. ისაევი
განიხილა ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ. ო-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005წ. 8 ივნისის განაჩენზე ჯ. ც-ის მიმართ.
საბრალდებო დასკვნით ჯ. ც-ეს ბრალი ედებოდა იმაში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ეს ქმედება კონკრეტულად გამოიხატა შემდეგში:
2004წ. 18 ოქტომბერს, ზუსტი დრო დაუდგენელია, ჯ. ც-ემ განიზრახა ს.ს. “---იდან” მოეპარა კაბელები, რისთვისაც ელექტროშემდუღებელი აპარატიდან ფარულად გაიტაცა ყვითელი და შავი სპილენძის იზოლირებული კაბელი. ნაქურდალი შეინახა თავის საცხოვრებელ სახლში, მეორე დღეს კი დაუბრუნა დაზარალებულს, რომელსაც მიადგა 150 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
ჯ. ც-ის ქმედება წინასწარმა გამოძიებამ დააკვალიფიცირა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით და საქმე განსახილველად წარიმართა ხარაგაულის რაიონულ სასამართლოში.
რაიონული სასამართლოს 2005წ. 8 აპრილის განაჩენით, ჯ. ც-ის ქმედება სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 177-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე იმ მოტივით, რომ წინასწარი გამოძიებისას ნივთის ღირებულების შესაფასებლად სასაქონლო ექსპერტიზა არ ჩატარებულა და დაზარალებულის განცხადებით, დანაშაულის შედეგად მნიშვნელოვანი ზიანი არ მისდგომია, მოპარული კაბელი დაუბრუნდა და რაიმე პრეტენზია არ აქვს. ჯ. ც-ეს სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 200 ლარის ოდენობით.
პროკურორმა თ. ო-ემ განაჩენი გაასაჩივრა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში და მოითხოვა ჯ. ც-ის ქმედების სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით დაკვალიფიცირება, ხოლო სასჯელად 3 წლით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა, პირობით, ამავე ვადით.
მსჯავრდებულმა ჯ. ც-ემ შესაგებლით მოითხოვა რაიონული სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
სააპელაციო პალატის 2005წ. 8 ივნისის განაჩენით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რაიონული სასამართლოს განაჩენი დარჩა უცვლელად.
პროკურორი თ. ო-ძე საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო პალატის განაჩენის, როგორც უკანონოს, გაუქმებას და ხელახლა განსახილველად საქმის იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის გაგზავნას შემდეგი მოტივებით:
არასწორია ჯ. ც-ის ქმედების გადაკვალიფიცირება სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე იმ მოტივით, რომ დაზარალებული ზიანს მნიშვნელოვნად არ მიიჩნევს, რადგან ეს უკანასკნელი აღნიშნავს, რომ კაბელის ღირებულებაა 150 ლარი. არსებული ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე ეს ზიანი მნიშვნელოვანია. ჯ. ც-ძე წარსულში ნასამართლევია. მართალია, ეს ნასამართლობა გაქარწყლებულია, მაგრამ გარკვეულ წარმოდგენას ქმნის მისი პიროვნების შესახებ. ამდენად, დანიშნული სასჯელი ლმობიერია, არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას, ჩადენილის სიმძიმეს და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას. პირობითი მსჯავრის შემთხვევაში სასჯელის მოსალოდნელი გამკაცრება უფრო ეფექტურად იმოქმედებს მსჯავრდებულზე, რითაც თავიდან იქნება აცილებული ახალი დანაშაული.
სასამართლო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა რ. ს-მა უკან გაითხოვა საჩივარი იმ მოტივით, რომ იგი დაუსაბუთებელია და ჯ. ც-სთვის დანიშნული სასჯელი არ არის აშკარად ლმობიერი. ამდენად, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს განხილული.
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 552-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 668-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საკასაციო საჩივარი არ იქნეს განხილული.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005წ. 8 ივნისის განაჩენი ჯ. ც-ის მიმართ შევიდეს კანონიერ ძალაში და მიექცეს აღსასრულებლად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.