საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 401-აპ 20 იანვარი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დ. სულაქველიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მ. გოგელია,თ. ლალიაშვილი
განიხილა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის _ ზ. ა-ის კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 21 ოქტომბრის განჩინებაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
2004წ. 26 იანვარს, დაახლოებით 12 საათზე, ქ. თბილისში, --- მცხოვრებ ნ. ჯ-ეს ყაჩაღურად თავს დაესხა სამი პირი, რომლებმაც ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების მუქარით მისგან გაიტაცეს 4000 აშშ დოლარი, სხვადასხვა დასახელების ოქროს ნივთები და მისი შვილის ტანსაცმელი. აღნიშნულ ფაქტზე 2004წ. 26 იანვარს ქ. თბილისის შინაგან საქმეთა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის საგამოძიებო სამსახურში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ¹--, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 174-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “გ” ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებით.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 2004წ. 30 იანვარს სხვა პირებთან ერთად ეჭვმიტანილის სახით დაკავებულ იქნა ი. ჩ-ძე, რომელიც პროდუქტებით ვაჭრობდა ე.წ. “---ის” ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე. 2004წ. 31 იანვარს ი. ჩ-ეს წარედგინა ბრალდება ზემოაღნიშნული დანაშაულის ჩადენაში, ხოლო 1 თებერვალს მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა დაპატიმრება 3 თვის ვადით, რის გამოც მან პატიმრობაში გაატარა 69 დღე. 2004წ. 8 აპრილს ქ. თბილისის შინაგან საქმეთა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის საგამოძიებო სამსახურში გამოტანილ იქნა დადგენილება ი. ჩ-ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის თაობაზე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.
2004წ. 23 ივნისს ი. ჩ-ემ განცხადებით მიმართა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს, რომლითაც ითხოვდა რეაბილიტაციას, აგრეთვე, სამართალდამცავი ორგანოების მიერ უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი მოქმედებით მისთვის მიყენებული მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას, კერძოდ, მორალური ზიანის ნაწილში _ 25000 ლარის ოდენობით, ხოლო მატერიალური ზიანის ნაწილში _ 2416 ლარის ოდენობით.
რაიონულმა სასამართლომ განიხილა ი. ჩ-ს განცხადება, რომელიც 2004წ. 12 აგვისტოს დადგენილებით ცნო რეაბილიტირებულად, ხოლო მისი მოთხოვნა მორალური და მატერიალური ზიანის ნაწილში არ დააკმაყოფილა.
რეაბილიტირებულმა ი. ჩ-ემ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნული დადგენილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით. საჩივრით იგი, როგორც რეაბილიტირებული, კვლავ აყენებდა მოთხოვნას მისთვის მიყენებული მორალური და ქონებრივი ზიანის ანაზღაურების თაობაზე მის მიერ განსაზღვრული მოცულობით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2004წ. 21 ოქტომბრის განჩინებით რეაბილიტირებულ ი. ჩ-ის მოთხოვნა მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე დააკმაყოფილა ნაწილობრივ, კერძოდ, მატერიალური ზიანის ნაწილში საკომპენსაციო თანხა განსაზღვრა 350 ლარის ოდენობით, ხოლო მორალური ზიანის ნაწილში _ 3000 ლარის ოდენობით ე.ი. სულ _ 3350 ლარის ოდენობით.
აღნიშნული განჩინების თაობაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ზ. ა-ემ კერძო საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, რომლითაც ითხოვდა სააპელაციო სასამართლოს ხსენებული განჩინების შეცვლას იმ ნაწილში, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა რეაბილიტირებულ ი. ჩუბინიძის მოთხოვნა მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
პალატის სხდომაზე განხილვისას ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა ლ. გ-ემ დააზუსტა კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა, კერძოდ, კასატორმა პალატის წინაშე დააყენა საკითხი იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ რეაბილიტირებულ ი. ჩ-ის სასარგებლოდ განსაზღვრული საკომპენსაციო თანხა შემცირდეს და დადგინდეს გონივრულ ფარგლებში.
რეაბილიტირებულმა ი. ჩ-ემ და მისმა დამცველმა, ადვოკატმა დ. ჭ-ამ მხარი არ დაუჭირეს კერძო საკასაციო საჩივარს და ითხოვეს სააპელაციო სასამართლოს განჩინების უცვლელად დატოვება.
პროცესში მონაწილე პროკურორმა ი. ა-ემ მხარი არ დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივარს, ვინაიდან მიიჩნია უსაფუძვლოდ და ითხოვა, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 21 ოქტომბრის განჩინება რეაბილიტირებულ ი. ჩ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა ი. ჩ-ის რეაბილიტაციის საქმის მასალები, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნის საფუძვლიანობა და დასაბუთებლობა, მოუსმინა მხარეებს და მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატამ რეაბილიტირებულ ი. ჩ-ის სასარგებლოდ საკომპენსაციო თანხა განსაზღვრა მისთვის მიყენებული მორალური ზიანის ხასიათისა და რეალური მატერიალური ზიანის მოცულობის შესაბამისად: ამ თვალსაზრისით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება არის საფუძვლიანი და დასაბუთებული. ამავე დროს პალატა თვლის, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ შეტანილი კერძო საკასაციო საჩივარი ზემოაღნიშნული სასამართლო განჩინების თაობაზე მოკლებულია ჯეროვან საფუძველსა და დასაბუთებულობას, რის გამოც იგი ვერ დაკმაყოფილდება.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 21 ოქტომბრის განჩინება რეაბილიტირებულ ი. ჩ-ის სასარგებლოდ მორალური და მატერიალური ზიანის საკომპენსაციო თანხის განსაზღვრის თაობაზე კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ფინანსთა მინისტრის მოადგილის _ ზ. ა-ის კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
თბილისის საოლქო სასამართლოს 2004წ. 21 ოქტომბრის განჩინება რეაბილიტირებულ ი. ჩ-სათვის მორალური და მატერიალური ზიანის საკომპენსაციო თანხის განსაზღვრის შესახებ დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.