განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 517-დად 18 იანვარი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მ. ტურავა (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი (მომხსენებელი),თ. ლალიაშვილი
განიხილა ლ. კ-ის კერძო საკასაციო საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 29 ნოემბრის დადგენილებაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
2004წ. 10 აგვისტოს ფინანსური პოლიციის ოპერატიული დეპარტამენტის მე-6 განყოფილების უფროსმა ი. გ-ემ გამოიტანა დადგენილება ი. რ-ს, მ. და ც. ვ-ების მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო. ლ. კ-ემ საჩივრით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა ზემოაღნიშნული დადგენილების გაუქმება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 2004წ. 29 ნოემბერს განიხილა ლ. კ-ის საჩივარი და არ დააკმაყოფილა იმ მოტივით, რომ გასული იყო მოკვლევის ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა.
კერძო საკასაციო საჩივრით ლ. კიკვაძე ითხოვს სასამართლოს დადგენილების გუქმებას, გასაჩივრების ვადის აღდგენასა და თვისი საჩივრის ქუთაისის საქალაქო სასამართლოში განსახილველად დაბრუნებას. საჩივარში მიუთითებს, რომ ავადმყოფობის გამო ვერ შეძლო სასამართლოში საჩივრის დროულად შეტანა. იგი აღნიშნავს, რომ მოკვლევის ორგანომ და პროკურატურამ არ განუმარტეს დადგენილების გასაჩივრების წესი.
პალატის სხდომაზე ლ. კ-ემ მოითხოვა კერძო საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება იმავე მოტივებით.
სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა ნ. ო-ემ კერძო საკასაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირა და მოითხოვა სასამართლო დადგენილების უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია და თვლის, რომ კერძო საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მოკვლევის ორგანომ თავის მიერ მიღებული დადგენილების შესახებ ლ. კ-ეს აცნობა 2004წ. 17 აგვისტოს. აღიშნული დადგენილება ლ. კ- გაასაჩივრა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, საიდანაც პასუხი მიიღო 2004წ. 27 ოქტომბერს. იმავე წლის 15 ნოემბერს ლ. კ-ემ საჩივრით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, რომელმაც მის განხილვაზე უარი უთხრა იმ მოტივით, რომ გასული იყო დადგენილების გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა. ლ. კ-ძე საჩივარში მიუთითებს და პალატის სხდომაზეც აღნიშნა, რომ საპატიო მიზეზით, კერძოდ კი ავადმყოფობის გამო, ვერ შეძლო საჩივრის სასამართლოში დროულად შეტანა, რაც საფუძველს მოკლებული არ არის. პალატა, მხედველობაში იღებს რა იმ გარემოებას, რომ იგი არის პენსიონერი, ამასთან, მოკვლევის ორგანოს მისთვის არ განუმარტავს დადგენილების გასაჩივრების წესი, თვლის, რომ ლ. კ-ეს მოკვლევის ორგანოს დადგენილების გასაჩივრების გაცდენის ვადა უნდა ჩაეთვალოს საპატიოდ, რის გამოც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 29 ნოემბრის დადგენილება უნდა გაუქმდეს და მას უნდა აღუდგეს მოკვლევის მიერ მიღებული დადგენილების სასამართლოში გასაჩივრების ვადა.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 215-ე, 561-ე, 568-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 29 ნოემბრის დადგენილება, რომლითაც ლ. კ-ეს უარი ეთქვა საჩივრის განხილვაზე.
ლ. კ-ეს მოკვლევის ორგანოს 2004წ. 10 აგვისტოს დადგენილების გასაჩივრების ვადა აღუდგეს და მისი საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად დაუბრუნდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.