შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 01.03.2005
საქმის ნომერი
2კ-2აპ.-05
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
01.03.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 2-აპ 1 მარტი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი (მომხსენებელი),თ. ლალიაშვილი

განიხილა ადვოკატ პ. გ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 16 დეკემბრის განაჩენზე, რომლითაც შეიცვალა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 21 იანვრის განაჩენი ვ. იმნაძის მიმართ.

აღწერილობითი ნაწილი:

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 21 იანვრის განაჩენით ვ. ი-ს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით, 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “ბ”, “გ” და “დ” ქვეპუნქტებით _ 4 წლით, 184-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით _ 4 წლით, 118-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 2 წლით, სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპით, საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 16 დეკემბრის განაჩენით დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს განაჩენი ვ. ი-ს მიმართ შეიცვალა: ვ. ი-ს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “ბ”, “გ”, “დ”' ქვეპუნქტებითა და 184-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “ბ” ქვეპუნქტებით _ 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპით, საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

განაჩენით ვ. ი-ს მსჯავრი დაედო დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ყაჩაღობისათვის, ძარცვისათვის, ავტომანქანის მისაკუთრების მიზნის გარეშე მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებისა და გ. მ-სათვის სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანების მიყენებისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში: 2002წ. 15 ოქტომბერს გ. ი.E სხვა პირთან ერთან ყაჩაღურად თავს დაესხა ტაქსის მძღოლ ვ. მ-ს, რომელსაც დანის გამოყენების მუქარით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით გასტაცა 15 ლარი. 16 ოქტომბერს ვ. ი. სხვა პირთან ერთად ყაჩაღურად თავს დაესხა დ. დ-ს, რომელსაც გასტაცა 60 ლარი და 4000 ლარად ღირებული ავტომანქანა “ოპელ-ვექტრა”. აღნიშნული ავტომანქანა ვ. ი-მ და მასთან მყოფმა პირმა დატოვეს მეტრო “ახმეტელის” მიმდებარე ტერიტორიაზე და მიიმალნენ.

17 ოქტომბერს ვ. ი. და მასთან მყოფი პირი, ძარცვის მიზნით, თავს დაესხნენ ტაქსის მძღოლ გ. მ-ს, რომელსაც გასტაცეს 40 ლარი; ამასთან ერთად ვ. იმნაძემ და მასთან მყოფმა პირმა სცემეს გ. მ-ს და მიაყენეს სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

საკასაციო საჩივრით ადვოკატი პ. გ. ითხოვს განაჩენის გაუქმებას და საქმის შეწყვეტას შემდეგი მოტივებით: სსსკ-ის 216-ე მუხლის თანახმად, ვადის გაცდენით ნაწარმოები საპროცესო მოქმედება ბათილია, თუკი ვადა არ არის აღდგენილი იმ ორგანოს ან თანამდებობის პირის მიერ, რომლის წარმოებაში არის საქმე. ადვოკატს მიაჩნია, რომ, ვინაიდან ვ. ი-ს საბრალდებო დასკვნა შედგენილია საგამოძიებო ვადის დარღვევით, იგი სსსკ-ის 216-ე მუხლის საფუძველზე, ბათილია. აქედან გამომდინარე, ბათილია ყველა ის მოქმედება, რომელიც ვადის გაცდენით იქნა ნაწარმოები, მათ შორის _ სასამართლო განხილვისას მოპოვებული მტკიცებულებაც.

პალატის სხდომაზე ადვოკატმა პ. გ-მ მოითხოვა საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება.

სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა მ. დ-მა საკასაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირა. მან განაჩენი ვ. ი-ს მიმართ მიიჩნია კანონიერად და მოითხოვა მისი უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი განაჩენის გაუქმებისა და საქმის შეწყვეტის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.

პალატას მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, დაზარალებულების _ გ. მ-ს, დ. დ-ს, ვ. მ-ს ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ვ. ი-ს მიერ მასზე ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია და მას სწორი სამართლებრივი შეფასება აქვს მიცემული.

ამასთან ერთად პალატა თვლის, რომ განაჩენი ვ. ი-ს მიმართ უნდა შეიცვალოს დანაშაულის კვალიფიკაციისა და სასჯელის ნაწილში. იმის გამო, რომ ვ. ი-მ ჩაიდინა ყაჩაღობა ჯგუფურად და არაერთგზის, მისი მართლსაწინააღმდეგო ქმედებები სწორად არის დაკვალიფიცირებული სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით. რაც შეეხება სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “ბ”, “გ”, “დ”, 184-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “ბ” ქვეპუნქტებს და ამ მუხლებით მისთვის შეფარდებულ სასჯელებს, პალატა თვლის, რომ იგი, როგორც ზედმეტად წარდგენილი, განაჩენიდან უნდა ამოირიცხოს, ვინაიდან სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ბ' ქვეპუნქტები _ ყაჩაღობა ჩადენილი ჯგუფურად და არაერთგზის, მოიცავს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “ბ”, “გ” და 184-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულს. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით განსაზღვრულმა სასჯელმა _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთამ უნდა შთანთქას სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და ვ. ი-ს მოსახდელად უნდა დარჩეს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

პალატა თვლის, რომ, მართალია, საბრალდებო დასკვნა შედგენილია საგამოძიებო ვადის გასვლიდან 3 დღის შემდეგ, რაც წარმოადგენს სისხლის სამართლის საპროცესო კანონის დარღვევას, მაგრამ ეს გარემოება არ არის საპროცესო კანონის ისეთი არსებითი დარღვევა, რაც შეიძლება საფუძვლად დაედოს განაჩენის გაუქმებას. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 563-ე მუხლის შესაბამისად, არსებითად ითვლება ამ კოდექსის მოთხოვნათა ისეთი დარღვევები, რომლებმაც შეზღუდეს პროცესის მონაწილეთა უფლებები, ხელი შეუშალეს საქმის ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად განხილვას, გავლენა მოახდინეს კანონიერი, საფუძვლიანი და სამართლიანი განაჩენის დადგენაზე, რასაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვ. იმნაძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის განხილვისას ადგილი არ ჰქონია. აღნიშნულ დარღვევასთან დაკავშირებით რაიონული სასამართლოს მოსამართლემ გამოიტანა კერძო დადგენილება, რაც სათანადო რეაგირებისათვის გაეგზავნა ქ. თბილისის პროკურორს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ, იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით, სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ცვლილებით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 16 დეკემბრის განაჩენი ვ. ი-ს მიმართ შეიცვალოს შემდეგი მიმართებით:

განაჩენიდან ამოირიცხოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “ბ”, “გ”, “დ” ქვეპუნქტებით, 184-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდებები და ამ მუხლებით დანიშნული სასჯელები. სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი და ვ. იმნაძეს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად.