საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 19.05.2005
საქმის ნომერი
2კ-7კოლ.-05
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
19.05.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 7-კოლ 19 მაისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ი. ბიბილაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მ. ისაევი,მ. გოგელია

განიხილა ადვოკატ მ. ვ-ს საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 30 დეკემბრის განაჩენზე კ. ვ-ს მიმართ.

აღწერილობითი ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 30 დეკემბრის განაჩენით კ. ვ-ს_ მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 1 წლით; ამავე მუხლის მეორე ნაწილით _ 3 წლით; 353-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 2 წლით; მე-19,109-ე მუხლის “ა”, “ზ”, “თ” და “კ” ქვეპუნქტებით _ 13 წლით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპით კ. ვ-ს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

განაჩენით კ. ვ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ მან 2001წ. 23 ივნისს, დაახლოებით 21 საათსა და 30 წუთზე, ქ. ჭიათურაში, ..., პოლიციის მუშაკებს _ პ. ბ-ს, ა. ბ-სა და ზ. ლ-ს გაუწია წინააღმდეგობა, მათი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით დაემუქრა და შეაგინა მათ, მცირე ხნის შემდეგ ა/მანქანიდან გადმოყო ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა, ინახავდა და ატარებდა და რამდენჯერმე გაისროლა ჰაერში მათი შეშინების, საქმიანობის შეწყვეტისა და ზემოქმედების მიზნით.

მანვე 2002წ. 4 სექტემბერს, დაახლოებით 17 საათსა და 30 წუთზე, ქ. ჭიათურაში, ... მდებარე სკვერში, ჯგუფურად _ სხვა პირთან ერთად ხულიგნური ქვენაგრძნობით, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ჩაიდინა ორი პირის _ ჯ. ზ-სა და გ. ტ-ს მკვლელობის მცდელობა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა, ინახავდა და ატარებდა, რა დროსაც დაიღუპა ჯ. ზ., ხოლო გ. ტ. გადარჩა სიკვდილს სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად.

2002წ. 5 სექტემბერს კ. ვ-ს საცხოვრებელ სახლში ჩხრეკის შედეგად აღმოჩნდა “მაკაროვის” კონსტრუქციის პისტოლეტის სამი ვაზნა _ საბრძოლო მასალა, რასაც იგი მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა.

საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული კ. ვ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. ვ. ითხოვს განაჩენის გაუქმებას და საქმის შეწყვეტას. ადვოკატი თვლის, რომ კ. ვ. უკანონოდ არის მსჯავრდებული და მას ბრალად შერაცხული დანაშაული არ ჩაუდენია. მისი აზრით, საქმეში არ მოიპოვება უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებს მის ბრალეულობას. ადვოკატი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არ შეაფასა იმ მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც უარყოფენ კ. ვ-ს მონაწილეობას დანაშაულის ჩადენაში; შემთხვევის ადგილზე მსჯავრდებული საერთოდ არ ყოფილა; პოლიციელთა ჩვენებები, რომ თითქოსდა მსჯავრდებულმა მათ გაუწია წინააღმდეგობა, სიმართლეს არ შეესაბამება; როდესაც მკვლელობა მოხდა, ის კ. ც-სთან ერთად “ნივით” გაემგზავრა სოფ. ...; ჯ. ზ-თან და გ. ტ-სთან მსჯავრდებულს კონფლიქტი არ ჰქონია და, ამდენად, არც მოტივი გააჩნდა, ჩაედინა მათი მკვლელობის მცდელობა და ა. შ.

საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა _ ბ. ვ-მ, ბ. კ-მა და ი. ა-მ მოითხოვეს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება _ კ. ვ-ს მიმართ განაჩენის გაუქმება და საქმის შეწყვეტა.

დაზარალებულის უფლებამონაცვლე ლ. ზ-მა მოითხოვა განაჩენის უცვლელად დატოვება.

სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა გ. ქ-მა საკასაციო საჩივრის მოტივები მიიჩნია უსაფუძვლოდ. მან განაჩენი კ. ვ-ს მიმართ მიიჩნია კანონიერად და მოითხოვა მისი უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი, რომელიც ითხოვს კ. ვ-ს მიმართ განაჩენის გაუქმებას და საქმის შეწყვეტას, არ უნდა დაკმაყოფილდეს. საქმეში არ მოიპოვება არსებითი ხასიათის ისეთი პროცესუალური დარღვევა, რომელიც საფუძვლად დაედება განაჩენის გაუქმებას. პალატა არ ეთანხმება საკასაციო საჩივრის მოტივებს, რომ თითქოს მსჯავრდებულ კ. ვ-ს ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედებები არ ჩაუდენია და იგი უკანონოდ არის დასჯილი. ასეთი მოსაზრების დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ მოიპოვება.

საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, მათ შორის დაზარალებულების _ ა. ბ-ს, შ. ბ-ს, ზ. ლომიძის, მოწმეების _ ლ. ა-ს, კ. ც-ს, ი. გ-ს, თ. ჭ-სა და ზ. შ-ს წინასწარი გამოძიების დროს მიცემული ჩვენებებით, ნივთმტკიცებებით, სასამართლო-სამედიცინო და ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნებით, კ. ვ-ს მიერ მასზე ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია და ამ მიმართებით განაჩენი არის დასაბუთებული.

ამასთან ერთად, პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ კ. ვ-ს უსაფუძვლოდ აქვს წარდგენილი სსკ-ის მე-19,109-ე მუხლის “ზ” ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება და იგი განაჩენიდან უნდა ამოირიცხოს, რადგან საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება კ. ვ-ს მიერ განზრახ მკვლელობის მცდელობის ჩადენა ისეთი საშუალებით, რაც საფრთხეს უქმნიდა სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. პალატას მიაჩნია, რომ, ვინაიდან მსჯავრდებულ კ. ვ-ს შეუმცირდა ბრალის მოცულობა, მას განაჩენით დანიშნული სასჯელი _ 16 წლით თავისუფლების აღკვეთა _ უნდა შეუმცირდეს 1 წლით და მოსახდელად განესაზღვროს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის “დ”, პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტებით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 30 დეკემბრის განაჩენი კ. ვ-ს მიმართ შეიცვალოს შემდეგი მიმართებით: კ. ვ-ს ამოერიცხოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის “ზ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდება. კ. ვ-ს განაჩენით დანიშნული სასჯელი _ 16 წლით თავისუფლების აღკვეთა _ შეუმცირდეს 1 წლით და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.