დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ბს-10 (კ-19) 08 აპრილი, 2020წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ლ. ჯ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა 20.09.2018წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. ჯ-მა 22.06.2017წ. სარჩელით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ ლ. ჯ-სათვის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 30.03.2017წ. N3 სხდომის ოქმის ბათილად ცნობისა და კომისიისათვის დაბა წაღვერში, ... ქუჩის მიმდებარედ არსებულ 598.11 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ლ. ჯ-სათვის აღიარების შესახებ ახალი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 04.10.2017წ. გადაწყვეტილებით ლ. ჯ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ჯ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.09.2018წ. საოქმო განჩინებით ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.09.2018წ. განჩინებით ლ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყევტილება. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმის მასალების მიხედვით არ დასტურდება ლ. ჯ-ის მიერ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი. სააპელაციო პალატის მოსაზრებით მიწის ნაკვეთის შეღობვა არ ნიშნავს მის თვითნებურად დაკავების კანონით გათვალისწინებულ დადასტურებას. ამასთან, საქმის მასალებით დასტურდება, რომ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია წიწვოვანი ჯიშის ხეები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.09.2018წ. განჩინება ლ. ჯ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა.
კასატორმა აღნიშნა, რომ საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა იმ დასაბუთებით, რომ სადავო მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა ტყის მასივის ტერიტორიას, რის გამოც არ არსებობდა საკუთრების უფლების აღიარების სამართლებრივი საფუძველი. კასატორი მიუთითებს, რომ სადავო მიწის ნაკვეთი სატყეო ფონდის ტერიტორიას 2011 წლამდე მიეკუთვნებოდა, ხოლო დღეს მას ეს სტატუსი არ გააჩნია. ამდენად, მხოლოდ ის გარემოება, რომ მიწის ნაკვეთი დაფარულია მრავალწლოვანი წიწვოვანი ჯიშის ნაძვის და ფიჭვის ხეებით, მას ტყის ფონდად ვერ აქცევს, შესაბამისად დაუსაბუთებელია ამ საფუძვლით საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმა. საქმეში წარმოდგენილია მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც ადასტურებენ ლ. ჯ-ის მიერ სადავო ნაკვეთის 1996 წლიდან ფლობისა და სარგებლობის ფაქტს, რაც სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალების მიხედვით ლ. ჯ-ს საკუთრების უფლება რეგისტრირებული აქვს ბორჯომის რაიონში, დაბა წაღვერში მდებარე 601 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე, ხოლო აღნიშნული უძრავი ქონების მომიჯნავედ შემოღობილი აქვს მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია მრავალწლოვანი წიწვოვანი ჯიშის ნაძვისა და ფიჭვის ხეები. ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 30.03.2017წ. N3 სხდომის ოქმით უარი ეთქვა ლ. ჯ-ს ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთის (598.11 კვ.მ.) აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული ტერიტორია იყო ტყის მასივი, რაც გამორიცხავდა სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას. საკასაციო პალატა მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნავს, რომ კანონის მითითებული დანაწესი თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის მნიშვნელობას ანიჭებს ამ კანონის ამოქმედებამდე თვითნებურად დაკავების ფაქტს, რაც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს საქმის გარემოებების გათვალისწინებით. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება მიწის ნაკვეთის ლ. ჯ-ის მიერ თვითნებურად დაკავების, ფლობის და სარგებლობის ფაქტი, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს არ ეტყობა სარგებლობისა და ათვისების კვალი, მიწის ნაკვეთი ძირითადად დაფარულია წიწვოვანი ჯიშის ხეებით, რაც ასევე დადასტურებულია ახალციხის რაიონული სასამართლოს ადგილზე დათვალიერების ოქმით.
უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება მოწმეთა ჩვენებების სასამართლოს მიერ სავალდებულო წესით გაზიარებასთან დაკავშირებით, რადგან მიწის ნაკვეთის ფლობის და სარგებლობის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებების არარსებობის პირობებში მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები ვერ იქნება მიჩნეული საკუთრების აღიარების საკმარის წინაპირობად. ამდენად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ არ არსებობს სადავო აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ლ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.09.2018წ. განჩინება;
3. ლ. ჯ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 31.12.2018წ. N54 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი