დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 08.04.2020
საქმის ნომერი
ბს-51(კ-20)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
08.04.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე Nბს-51(კ-20) 8 აპრილი, 2020 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ო. ბ-ე

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი: ო. ბ-ემ 2018 წლის 15 ივნისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით. სარჩელის დაზუსტების შედეგად, მოსარჩელემ მოპასუხედ დაასახელა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია და მოითხოვა ამავე კომისიის 2018 წლის 19 აპრილის №553 განკარგულების ბათილად ცნობა, ასევე, კომისიისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება თბილისში, ..., ... N68-ში მდებარე, 5693 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ო. ბ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ო. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ო. ბ-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით ო. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ო. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 19 აპრილის №553 განკარგულება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ქ.თბილისში, ..., ... N68-ში მდებარე 5693 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ო. ბ-ის საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებით. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ განმცხადებელი ვალდებულია, დაადასტუროს მიწის თვითნებურად დაკავებისა და ფლობა-სარგებლობის ფაქტი ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე. განმცხადებელმა უნდა წარუდგინოს კომისიას შესაბამისი დოკუმენტაცია. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციისა და საქმის გარემოებების გამოკვლევის შედეგად კი არ დადგინდა ო. ბ-ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და სარგებლობის ფაქტი 2007 წლამდე. კერძოდ, წარდგენილი დოკუმენტაციით, ფოტოსურათებითა და ორთოფოტოებით (აეროფოტოგადაღებებით) დგინდება, რომ მიწის ნაკვეთი არ არის შემოსაზღვრული მყარი სასაზღვრო მიჯნით, ხოლო საქმის მასალებით არ დგინდება, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობები აშენებულია უშუალოდ განმცხადებლის მიერ.

საკასაციო საჩივრის მიხედვით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული მტკიცების ტვირთის გადანაწილება ადმინისტრაციულ აქტთან დაკავშირებული სარჩელის წარდგენისას არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე საერთოდ თავისუფლდება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისგან, ანუ იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და იურიდიულად გამართლებული აღმოჩნდება. მოსარჩელემ კი ვერ უზრუნველყო სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენა.

მოწმეთა ნოტარიულად დამოწმებულ განცხადებასთან დაკავშირებით კასატორი აღნიშნავს, რომ მოწმეები ადასტურებენ არა განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი - 5693.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტს, არამედ - 3060.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა. გარდა აღნიშნულისა, საქმეში წარმოდგენილია მცხეთის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1984 წლის 24 ივლისის N147 გადაწყვეტილება, რომლითაც დგინდება, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი გამოყოფილი იყო მსუბუქი ავტომობილის „...“ საგარანტიო სადგურისთვის, რომელიც ემსახურებოდა სამამულო ომის ინვალიდებს სამრეცხაოს, ვულკანიზაციისა და სხვა შენობათა მოსაწყობად. ამავე მცხეთის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1984 წლის 24 ივლისის N147 გადაწყვეტილებით მსუბუქი ავტომობილის „...“ საგარანტიო სადგურის ხელმძღვანელობას დაევალა პროექტის შედგენა და მშენებლობის წარმოება. მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობები წარმოადგენს სწორედ იმ დანიშნულების ნაგებობებს, რა მიზნითაც იქნა გამოყოფილი მიწის ნაკვეთი მსუბუქი ავტომობილის „...“ საგარანტიო სადგურისთვის. გადახდის ქვითრებით კი დგინდება, რომ ო. ბ-ის მიერ არა როგორც ფიზიკური პირის, არამედ როგორც ავტოსერვისის წარმომადგენლის მიერ არის გადახდილი თანხები. გადახდის ქვითრებში, გარდა ო. ბ-ისა, გადამხდელად ფიქსირდება ასევე ა. ნ-ი.

კასატორის მოსაზრებით, არ დასტურდება, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობები აშენებულია მოსარჩელის მიერ და იგი, როგორც ფიზიკური პირი, ფლობდა და სარგებლობდა სადავო მიწის ნაკვეთით და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით 2007 წლამდე. კერძო სამართლის იურიდიულმა პირებმა კი, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 74-ე მუხლის თანახმად, 2012 წლის 1 იანვრიდან დაკარგეს საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის უფლება.

საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს, სასამართლომ გადაწყვეტილებაში ყურადღება გაამახვილა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის 2019 წლის 20 მაისის წერილზე და განმარტა, რომ კომისიამ აღნიშნული წერილი უნდა გაითვალისწინოს გადაწყვეტილების მიღებისას, თუმცა თავად არ იხელმძღვანელა მოცემული მტკიცებულებით. 2019 წლის 20 მაისის წერილით დგინდება, რომ სადავო მიწის ნაკვეთის ნაწილი, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, მოქცეულია სამრეწველო ზონა 1-ში (ს-1), ხოლო ნაწილი - სარეკრეაციო ზონა-2-ში (რზ-2). ამდენად, სადავო მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება.

სამოტივაციო ნაწილი: საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილება. მითითებული ნორმით გათვალისწინებულია სასამართლოს შესაძლებლობა, შეცილებით სარჩელთან დაკავშირებით მიიღოს გადაწყვეტილება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე. ამავე ნორმით განსაზღვრულია, რომ მსგავსი გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ მაშინ, როდესაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, ხოლო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისთვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

განსახილველ შემთხვევაში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 19 აპრილის №553 სადავო განკარგულებაში მითითებული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი არ ქმნის მისი კანონიერად მიჩნევის შესაძლებლობას და სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, კომისიის გასაჩივრებული აქტი არ შეიცავს საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების სათანადო ფაქტობრივ-სამართლებრივ დასაბუთებას. სააპელაციო სასამართლომ კი განმარტა, კონკრეტულად რა გარემოებები არ იყო შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში და რა საკითხებზე უნდა გაამახვილოს ყურადღება საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ ახალი ადმინისტრაციული წარმოებისას.

საკასაციო პალატა, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მეორე მუხლის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებზე მითითებით, აღნიშნავს, მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტიდან გამომდინარე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის დაინტერესებულმა პირმა უნდა დაადასტუროს, რომ დასახელებული კანონის ამოქმედებამდე (2007წ.) ფლობდა და სარგებლობდა მიწის ნაკვეთით, რომელზეც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული). მხოლოდ დასახელებული კანონის ამოქმედებამდე აღმოცენებული ფაქტის დამტკიცება წარმოშობს კომისიის ვალდებულებას - აღიაროს კერძო პირის საკუთრების უფლება თვითნებურად დაკავებულ მიწაზე. მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი კი, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილების მეორე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის (სადავო პერიოდში მოქმედი) შესაბამისად, არის ცნობა-დახასიათება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი. განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილია ფოტოსურათები, ფიზიკურ პირთა სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება, ექსპერტიზის დასკვნა, გადახდის ქვითრები. თუმცა, მოცემული დოკუმენტაცია ადმინისტრაციულმა ორგანომ მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარის მტკიცებულებებად არ მიიჩნია.

საკასაციო პალატა, საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნისა და ფოტოსურათების გათვალისწინებით, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ დასკვნას, რომ მიწის ნაკვეთზე ნამდვილად არის განთავსებული შენობა-ნაგებობები და მას ნამდვილად ჰყავს მოსარგებლე. ამდენად, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა შეისწავლოს და შეაფასოს, კონკრეტულად ვის მიერ არის შემოღობილი მიწის ნაკვეთი და ვინ ააშენა შენობა-ნაგებობები. მართალია, კასატორი აღნიშნავს, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებული ნაგებობები წარმოადგენს მცხეთის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1984 წლის 24 ივლისის N147 გადაწყვეტილებით გათვალისწინებული, მსუბუქი ავტომობილის „...“ საგარანტიო სადგურის აშენების მიზნით განთავსებულ ნაგებობებს და მათ ო. ბ-ე, როგორც ფიზიკური პირი არ ფლობდა, მაგრამ მოცემული გარემოება ადმინისტრაციული წარმოების დროს სათანადოდ შესწავლილი და შეფასებული არ ყოფილა. ადმინისტრაციულ ორგანოს მსგავსი გარემოების დადასტურებულად მიჩნევამდე სრულყოფილად უნდა გამოეკვლია საქმის გარემოებები. მათ შორის, გასათვალისწინებელია მოსარჩელის განმარტება, რომ სადავო ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობები მის მიერ იქნა აშენებული საიჯარო საწარმო „ა..-ის“ დაშლის შემდგომ. ასევე, მის მიერ არის შემოღობილი აღნიშნული ნაკვეთი. გარდა ამისა, ყურადღება უნდა გამახვილდეს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ გადახდის ქვითრებზე, რომლებითაც დადგენილია, რომ ო. ბ-ეს 2000 და 2002 წლებში გადახდილი აქვს ... მდებარე არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთით სარგებლობის გადასახადი. შესაბამისად, ადმინისტრაციულმა ორგანომ ყურადღება უნდა გაამახვილოს შენობების აშენების, ავტომობილ „...“ საგარანტიო სადგურის აშენებისა და საიჯარო საწარმო „ა...-ის“ დაშლის სავარაუდო პერიოდებზე, უნდა დადგინდეს, როდის და ვის მიერ აშენდა შენობები, ამასთან, გამოკვლეულ უნდა იქნეს, 2007 წლამდე ფლობდა და სარგებლობდა თუ არა უძრავი ნივთით ო. ბ-ე, როგორც ფიზიკური პირი.

რაც შეეხება ადმინისტრაციული ორგანოს მითითებას, რომ საქმეში წარმოდგენილი, ფიზიკურ პირთა სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებები მხოლოდ 3060 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ფლობას შეეხება, საკასაციო სასამართლო მიუთითებს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 ოქტომბრის სხდომაზე მოწმის სახით მიწვეული დ. რ-ის განმარტებაზე, რომ ო. ბ-ე 90-იანი წლებიდან ფლობს სადავო მიწის ნაკვეთს, რომელიც შემოღობილია მოსარჩელის მიერ. მოწმის განცხადებით, კონკრეტულად რა ფართობს შეადგენს მიწის ნაკვეთი, არ იცის. სანოტარო ბიუროში მან მხოლოდ დაადასტურა ო. ბ-ის მიერ სადავო მიწის ნაკვეთის ფლობის ფაქტი, ხოლო მიწის ფართობი განცხადებაში იყო მითითებული. ამდენად, მოცემული გარემოება - მოსარჩელის მიერ დაკავებული ტერიტორიის ფართობის განსაზღვრა, ასევე, საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამასთან, თუკი ადმინისტრაციული ორგანო მიიჩნევდა, რომ ფიზიკური პირი მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე სრულად ვერ ადასტურებდა თვითნებურად დაკავების ფაქტს, მას დადებითი გადაწყვეტილება უძრავი ნივთის იმ ნაწილის მიმართ მაინც უნდა მიეღო, რომლის ფლობა და სარგებლობაც დადასტურდა. შესაბამისად, სანოტარო წესით დამოწმებულ განცხადებებში დაფიქსირებულ და მოსარჩელის მოთხოვნილ მიწის ნაკვეთის ფართობებს შორის სხვაობა მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებაზე უარის თქმის წინაპირობას ავტომატურად არ ქმნიდა.

გარდა ზემოაღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დასადგენი და გამოსაკვლევია სადავო მიწის ნაკვეთის სტატუსი. კერძოდ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის 2019 წლის 20 მაისის წერილით დასტურდება, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის N39-18 დადგენილებით დამტკიცებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის - რუკის მიხედვით, სადავო ტერიტორია (საკადასტრო კოდი N...-ის მიმდებარედ) მდებარეობს სამრეწველო ზონა 1-სა (ს-1) და სარეკრეაციო ზონა 2-ში (რზ-2).

საკასაციო პალატა მიუთითებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის N14-39 დადგენილებით დამტკიცებულ „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესზე“, რომლის მე-15 მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სარეკრეაციო ზონა 2 (რზ-2) მოიცავს თბილისის განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში არსებულ/დაგეგმილ გამწვანებულ ტერიტორიებს: პარკს, ღია სათამაშო მოედნებს და მსგავსი ტიპის სხვა ტერიტორიებს. იმავე მუხლის მე-5 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სამრეწველო ზონა 1 (ს-1) არის შერეული სამრეწველო ქვეზონა, რომელიც მოიცავს თბილისის განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში არსებულ/დაგეგმილ საწარმოო და სამრეწველო გამოყენების ტერიტორიებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ცალსახად ადგენს, რომ საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების რეკრეაციული დანიშნულების პარკი, ტყე-პარკი, სკვერი და სხვა ტერიტორია, გარდა საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთოსათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მქონე ტერიტორიებისა. თუმცა, ვინაიდან სადავო ტერიტორია, სარეკრეაციო ზონასთან ერთად, ექცევა სამრეწველო ზონაში, უნდა შეფასდეს, მიწის ნაკვეთის რომელი ტერიტორია რომელ ზონაში მდებარეობს, რამდენად არის შესაძლებელი მათი გამოყოფა, მიწის ნაკვეთის ნაწილზე საკუთრების უფლების აღიარება, ხომ არ დაირღვევა აღნიშნულით ქალაქის განვითარების მიზნები. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-51 მუხლის მე-2 პუნქტიდან გამომდინარე კი, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საკითხის განხილვისას მოთხოვნის ქალაქის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებთან და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან შესაბამისობის დადგენა სწორედ ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს. სადავო შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში არ შეისწავლა და არ გაითვალისწინა სადავო მიწის ნაკვეთის ფუნქცია, მისი სტატუსი, რაც გამოკვლეული და შეფასებული უნდა იქნეს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით დაწყებული ახალი ადმინისტრაციული წარმოებისას.

შესაბამისად, ო. ბ-ის საქმეზე სადავო აქტის მიღებისას დარღვეულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებით დადგენილი, ადმინისტრაციული წარმოების საქმის გარემოებათა სრულყოფილად დადგენისა და შესწავლის მეშვეობით მიმდინარეობის, შედეგად კი დასაბუთებული აქტის გამოცემის მოთხოვნები. აღნიშნული ქმნის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გასაჩივრებული განკარგულების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის საფუძველს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არცერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი: საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. ქადაგიძე