შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 74-აპ 7 აპრილი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),ნ. გვენეტაძე (მომხსენებელი),ნ. გაბრიჩიძე
განიხილა მსჯავრდებულ დ. ზ-სა და სახელმწიფო ბრალმდებლის, რუსთავის პროკურორის თანაშემწე ზ.ბ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 11 იანვრის განაჩენზე ზ. ს-სა და დ. ზ-ს მიმართ.
აღწერილობითი ნაწილი:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 25 ოქტომბრის განაჩენით ზ. ს. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “ბ” ქვეპუნქტებით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც სსკ-ის მე-60 მუხლის შესაბამისად, დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 1 წელი და 5 თვე _ და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 9 წლითა და 5 თვით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
დ. ზ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით _ 2 წლით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით _ 6 წლითა და 6 თვით. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 11 იანვრის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 25 ოქტომბრის განაჩენში შეტანილ იქნა შემდეგი ცვლილებები: ზ. ს-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “ბ” ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 184-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “ბ” ქვეპუნქტებსა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილზე. ზ.ს. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 184-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “ბ” ქვეპუნქტებით, იმავე მუხლის მე-3 ნაწილით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც სსკ-ის მე-60 მუხლის თანახმად, დაემატა წინა განაჩენით მოუხდელი სასჯელიდან 1 წელი და საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. დ. ზ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 184-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტსა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილზე. დ.ზ. ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 184-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, იმავე მუხლის მე-3 ნაწილით, 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით და მიესაჯა: სსკ-ის 184-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით _ თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 1 წლით, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით _ 2 წლით. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დ.ზ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
განაჩენით ზ.ს-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ავტომობილის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება დროებითი გამოყენების მიზნით, ჯგუფურად, არაერთგზის, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ან ასეთი ძალადობის მუქარით. დ.ზ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ავტომობილის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება დროებითი გამოყენების მიზნით, ჯგუფურად, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის მუქარით; მანვე მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი, რასაც, ასევე, მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა. მათ მიერ ჩადენილი დანაშაულები გამოიხატა შემდეგში:
2003წ. 8 მაისს, საღამოს, ზ. ს. ქ.რუსთავში შეხვდა თავის მეგობარ დ. ზ-ს. მათ გადაწყვიტეს, რომ მეორე დღეს დილიდან წასულიყვნენ 9 მაისის დღესასწაულის აღსანიშნავად. შეთანხმების თანახმად, ისინი 9 მაისს, დაახლოებით 9 საათსა და 30 წუთზე, ჩავიდნენ თბილისში, რკინიგზის ცენტრალურ სადგურზე, მაგრამ გაიგეს, რომ მათთვის საინტერესო ღონისძიებები არ ტარდებოდა და გადაწყვიტეს ისევ რუსთავში დაბრუნება. მანქანის დაქირავებამდე დ.ზ. გავიდა ბუნებრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად რკინიგზის სადგურის ქვეშ მდებარე გასასვლელისკენ, სადაც მან იპოვა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა 16-კალიბრიანი “ბმ” მოდელის ¹24170 გადაჭრილლულიანი ატიპიური ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც, ასევე, მართლსაწინააღმდეგოდ ტარების მიზნით წაიღო და აჩვენა ზ.ს-ს. ამის შემდეგ ზ.ს-მა და დ.ზ-მ რუსთავში წასასვლელად დაიქირავეს, რომელსაც მართავდა მოქ. თ. ჩ. ავტომანქანა “მერსედეს-ბენცი-190”, და მოილაპარაკეს, რომ თ.ჩ-სთვის ფული არ გადაეხადათ, ხოლო შემდეგ კი გადაჭრილი თოფის მუქარით, დროებითი გამოყენების მიზნით, მისთვის ავტომანქანა წაერთმიათ. რკინიგზის სადგურიდან გასვლისას მათ შენიშნეს თავიანთი მეგობარი _ ვ. ფ., რომელიც ჩაისვეს მანქანაში, რადგან ისიც რუსთავში მიდიოდა და უარი რომ ეთქვათ წაყვანაზე, მძღოლი ეჭვს აიღებდა. ამ უკანასკნელმა არაფერი იცოდა მათი განზრახვის შესახებ. ქ.რუსთავში ჩასვლის შემდეგ, დაახლოებით 10 საათსა და 30 წუთზე, ზ.ს-მა და დ.ზ-მ მოტყუებით, თითქოსდა მეგობრების მოსანახულებლად, რომლებიც ბუნებაში ქეიფობდნენ, თ.ჩ-ს თავი ჩააყვანინეს “მარის არხის” პირველ დასახლებაში. აქ მათ დროებითი გამოყენებისათვის, მანქანის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების მიზნით, თ.ჩ-ს მიმართ გამოიყენეს ძალადობა, კერძოდ, ზ.ს. ჩაჯდა მძღოლის გვერდით და დანა მოუღერა მას, ხოლო დ.ზ-მ უკნიდან თოკი წაუჭირა ყელში და იმავდროულად გადაჭრილი თოფი მიაბჯინა. ამის შემდეგ თ.ჩ-ს სკოჩით შეუკრეს ხელები და პირი და აიძულეს, უკანა სავარძელზე გადამჯდარიყო, რის შემდეგაც დ.ზ. მიუჯდა საჭეს, შევიდნენ იქვე არსებულ ტყეში, იქ ჩამოსვეს თ.ჩ., შეუკრეს ფეხებიც და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და მუქარით დაეუფლნენ 5.400 ლარად ღირებულ თ.ჩ-ს კუთვნილ ავტომანქანას. როდესაც მანქანით მოძრაობდნენ მშვიდობის გამზირზე, გამვლელ ავტომანქანაზე შეჯახების შემდეგ ისინი დააკავეს პოლიციის მუშაკებმა.
მსჯავრდებული დ.ზ. საკასაციო საჩივრით ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას იმ მოტივებით, რომ წარსულში ნასამართლევი არ არის, აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არა აქვს, ხასიათდება დადებითად.
სახელმწიფო ბრალმდებელი, რუსთავის პროკურორის თანაშემწე ზ.ბ. საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და საქმის ხელახალი სასამართლო განხილვისათვის დაბრუნებას იმ მოტივებით, რომ სააპელაციო სასამართლომ ზ.ს-სა და დ.ზ-ს ქმედება სსკ-ის 179-ე მუხლიდან უსაფუძლოდ გადააკვალიფიცირა სსკ-ის 184-ე მუხლზე და დაადგინა უკანონო, დაუსაბუთებეილი და აშკარად ლმობიერი განაჩენი.
პროკურორი დ.მესტვირიშვილი მხარს უჭერს რუსთავის პროკურორის თანაშემწის _ ზ.ბელთაძე საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს მის დაკმაყოფილებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრების მოტივების საფუძვლიანობა და თვლის, რომ მსჯავრდებულ დ.ზ-ს საკასაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო რუსთავის პროკურორის თანაშემწის _ ზ.ბ-ს საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა ვერ გაიზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის საკასაციო საჩივრის მოტივს იმის თაობაზე, რომ სასამართლომ ზ.ს-სა და დ.ზ-ს ქმედება სსკ-ის 179-ე მუხლიდან უსაფუძვლოდ გადააკვალიფიცირა სსკ-ის 184-ე მუხლზე.
საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ დ.ზ-სა და ზ.ს-ს არ ჰქონდათ ავტომანქანის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი, მათ სურდათ თ.ჩ-ს კუთვნილი “მერსედესის” მარკის ავტომანქანით დროებით გადაადგილება ქალაქში და მისი გადამალვისა და გაყიდვის მიზანი არ ამოძრავებდათ.
პალატა თვლის, რომ მოცემულ საქმეზე სასამართლო გამოძიება ჩატარებულია სრულად და ობიექტურად, განაჩენი ემყარება მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ზ.ს-სა და დ.ზ-ს ქმედება სწორად არის დაკვალიფიცირებული სსკ-ის 184-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით.
ამასთან, პალატა ითვალისწინებს რა მსჯავრდებულ დ.ზ-ს პიროვნებასა და მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ, იმას, რომ ის აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არ არის ნასამართლევი, ხასიათდება დადებითად, დაზარალებულს მის მიმართ არავითარი პრეტენზია არ გააჩნია, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არა აქვს, მიაჩნია, რომ დ.ზვიადაძეს დანიშნული სასჯელის ზომა უნდა შეუმცირდეს 6 თვით და საბოლოოდ განესაზღვროს 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 562-ე, 565-ე, 568-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ დ.ზ-ს საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.
რუსთავის პროკურორის თანაშემწის _ ზ.ბ-ს საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 11 იანვრის განაჩენი შეიცვალოს იმ მიმართებით, რომ დ. ზ-ს დანიშნული სასჯელი _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა _ შეუმცირდეს 6 თვით _ და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.