შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 87-კოლ 7 ივნისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გაბრიჩიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),დ. სულაქველიძე,ი. ბიბილაშვილი
განიხილა მსჯავრდებულ თ. ქ-ს საკასაციო საჩივარი აჭარის ა/რ-ის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2005წ. 21 თებერვლის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
გასაჩივრებული განაჩენით თ. ქ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1431-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და “ე” ქვეპუნქტებით _ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, 363-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე მას საბოლოოდ მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
განაჩენის მიხედვით თ. ქ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
2003წ. ნოემბერში თ. ქ-მ გაიცნო მოქალაქე ი. კ., რომელსაც მისი გაყიდვისა და ექსპლუატაციის მიზნით შესთავაზა, რომ წაიყვანდა თურქეთის რესპუბლიკაში და დააწყებინებდა მუშაობას მომვლელად ან დამლაგებლად. ი. კ-ს თანხმობის შემდეგ თავისი ხარჯებით გაუკეთა მას ჯერ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ხოლო შემდეგ _ პასპორტი საზღვარგარეთ გამგზავრების მიზნით და 2004წ. 10 ნოემბერს იმ მოტივით, რომ მას თურქეთის რესპუბლიკაში დააწყებინებდა მუშაობას, მოტყუებით, სარფის საბაჟო პუნქტის გავლით ჩაიყვანა ქ. ტრაპიზონში, სადაც მან ი. კ-ს წაართვა პასპორტი და 300 ლარად ღირებული “ნოკიას” ფირმის მობილური ტელეფონი, პასპორტი დაუხია, ხოლო მობილური ტელეფონი დაუმტვრია. გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაჰყავდა იგი ერთ-ერთ სასტუმროში, სადაც აიძულებდა სქესობრივი კავშირის დამყარებას სხვადასხვა მამაკაცებთან, რის შემდეგაც ასევე ექსპლუატაციის მიზნით მიჰყიდა იგი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეს, ვინმე “ალის”. ი. კ-მ 2 დღის შემდეგ მოახერხა გაქცევა და დახმარებისათვის მიმართა ქ. ტრაპიზონის პოლიციას, რომლის მეშვეობითაც 2004წ. თებერვალში სარფის საბაჟო პუნქტის გამოვლით დაბრუნდა საქართველოში.
თ. ქ-მ არაერთგზის, 2004წ. იანვარში მოქალაქე მ. მ-ს შესთავაზა, რომ თურქეთის რესპუბლიკის გავლით წაიყვანდა გერმანიაში და დააწყებინებდა მომვლელად მუშაობას. ეს წინადადება მისაღები გახდა მ. მ-სათის, რის შემდეგაც თ. ქ-მ თავისივე ხარჯებით თბილისში გაუკეთა მას პასპორტი და შემდეგ იმ მოტივით, რომ თურქეთის რესპუბლიკის გავლით წაიყვანდა გერმანიაში, მოტყუებით, სარფის საბაჟო პუნქტის გავლით ჩაიყვანა იგი ქ. ტრაპიზონში, სადაც ექსპლუატაციის მიზნით დაჰყავდა რესტორანში და აიძულებდა სხვადასხვა მამაკაცებთან დაემყარებინა სქესობრივი კავშირი, ფულს კი თვითონ იღებდა. იანვრის ბოლოს თ. ქ. და მ. მ. თურქულმა მხარემ იძულებით, დეპორტაციის წესით გამოაძევა თურქეთიდან.
თ. ქ-მ 2004წ. თებერვალში შეიტყო, რომ მის ნაცნობ თ. ფ-ს გათხოვებასთან დაკავშირებით ოჯახში პრობლემები ჰქონდა, ისარგებლა ამით და მისი გაყიდვისა და ექსპლუატაციის მიზნით შესთავაზა, რომ წაიყვანდა თურქეთის რესპუბლიკაში და გაათხოვებდა. თ. ფარტენაძის თანხმობის შემდეგ თ. ქ-მ 2004წ. 23 თებერვალს მოტყუებით, რომ თურქეთის რესპუბლიკაში გაათხოვებდა, სარფის საბაჟო პუნქტის გავლით ჩაიყვანა ქ. ტრაპიზონში, სადაც წაართვა პასპორტი და 4000 აშშ დოლარად მიჰყიდა წარმოშობით დაღესტანელ ე.წ. “მამაშას” _ “ინას”, რომლის მეშვეობითაც სამი თვის განმავლობაში ქ. ტრაპიზონში თ. ფ-ს უწევდნენ სქესობრივ ექსპლუატაციას. თ. ფ-მ მოახერხა მშობლებთან დაკავშირება, რის შემდეგაც ნათესავების დახმარებით დაბრუნდა საქართველოში.
მსჯავრდებული თ. ქ. საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას და გამართლებას.
პალატის სხდომაზე პროკურორმა ნ. ნაკაშიძემ დადგენილი განაჩენი მიიჩნია კანონიერად და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა, მოუსმინა პროკურორს და მიაჩნია, რომ განაჩენში მსჯავრდებულ თ. ქ-ს სასარგებლოდ უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა არ იზიარებს საკასაციო საჩივრის იმ მოსაზრებას, რომ თ. ქ-ს ი. კ-სა და თ. ფ-ს მიმართ არ ჩაუდენია მასზე ბრალად შერაცხული დანაშაული.
დაზარალებულების _ ი. კ-ს, თ. ფ-ს ჩვენებებით და საქმეში არსებული სხვა მასალებით სრულად არის დადასტურებული თ. ქარჩავას მიერ სსკ-ის 1431-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და “ე” ქვეპუნქტებით, 363-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ აჭარის ა/რ-ის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2005წ. 21 თებერვლის განაჩენი თ. ქ-ს მიმართ, ზემოაღნიშნული მუხლებით მსჯავრდების ნაწილში, კანონიერია.
ამასთან, პალატა მიიჩნევს, რომ თ. ქ-ს ბრალდება იმ ნაწილში, რომლის მიხედვითაც მან თითქოს მ. მ-ს მიმართ ჩაიდინა სსკ-ის 1431-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული _ ტრეფიკინგი, უტყუარად არ არის დადასტურებული და არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან. კერძოდ: მსჯავრდებული თ. ქარჩავა აჩვენებს, რომ მას მ. მ. თურქეთში მოტყუებით ან ძალადობით არ წაუყვანია, წინასწარ ძალიან კარგად იცოდა რისთვისაც მიდიოდა თურქეთში და თანახმა იყო.
თვით მ. მ. აჩვენებს, რომ თ. ქ-მ თურქეთში წასვლამდე, ჯერ კიდევ საქართველოში უთხრა მას, რომ გერმანიაში კი არა თურქეთში მიდიოდნენ, სადაც უნდა მომსახურებოდა მამაკაცებს, დაემყარებინა მათთან სქესობრივი კავშირი, რაზედაც ის თანახმა იყო. თვენახევრის შემდეგ დაბრუნდნენ საქართველოში და შემდეგ თ. ქ-სთან ერთად ისევ დაბრუნდნენ თურქეთში, შემდგომში ისინი დააკავა პოლიციამ და გამოაძევა თურქეთიდან. მას თ. ქ-ს მიმართ არავითარი პრეტენზია არ გააჩნია და არ ითხოვს მის დასჯას.
დაზარალებულ მ. მ-ს დედამ მ. ს-მ აჩვენა, რომ მ. მ. არის მისი შვილი, რომელიც ქმარს გაშორებულია და ჰყავს სამი წლის შვილი, ვინაიდან ეკონომიურად უჭირდათ, მ.მ უთხრა, რომ გერმანიაში მიდიოდა სამუშაოდ და თვეში ხელფასი ექნებოდა 500 დოლარი, შემდეგ გაიგეს, გერმანიაში კი არა, თურქეთში ყოფილა, ტელეფონით უკავშირდებოდნენ, ჩამოდიოდა ვიზის გასაგრძელებლად, მაგრამ სახლში არ მოდიოდა, რომ არ დაგვესაჯა. 3 მარტს ჩამოვიდა, თურმე დეპორტაცია ჰქონია გაკეთებული და მომატყუა, ისე წამოვედითო. ამის შემდეგ იყო სახლში, ღამღამობით მანქანებით აკითხავდნენ, სად დადიოდა, არ ვიცი, მეზობლების მრცხვენოდა და გავაგდე სახლიდან, ამის შემდეგ 20 დღე არ მინახია. მერე გავიგე, რომ თ. ქ-სთან ერთად იყო თურქეთში, მერე თურქეთიდან გადმომიგზავნეს ბოტკინით დაავადებული. ახლა ვიღაც კაცი ჰყავს და მასთან ცხოვრობს (ს.ფ.189-190).
მ. მ-ს ბებიის ე. მ-ს ჩვენებით, მან გაიგო, თუ რას საქმიანობდა მისი შვილიშვილი თურქეთში. თ. ქ-ს დაურეკეს, რომ იგი ბათუმში ჩამოეყვანა. გავიდა დრო და მან მ. მ. ჩამოიყვანა. შემდეგ ისევ წავიდა, სულ სამჯერ ჰყავდა თურქეთში წაყვანილი, ბოლოს ბოტკინით დაავადებული ჩამოვიდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, თ. ქ-ს უნდა მოეხსნას სსკ-ის 1431-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და “ე” ქვეპუნქტებით შერაცხული ბრალდება მ. მ-ს ეპიზოდში, ხოლო დანარჩენ ნაწილში განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
რაც შეეხება სასჯელს, საკასაციო პალატა ითვალისწინებს რა იმ გარემოებას, რომ მსჯავრდებული თ. ქ. პირველადაა სამართალში, ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი, მძიმედ დაავადებული მწოლიარე მამა, მის ქმედებას არ მოჰყოლია მძიმე შედეგი, სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე შესაძლებლად მიიჩნევს, რომ თ. ქ-ს დაენიშნოს შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებულ მინიმალურ ზღვარზე ნაკლები ზომის სასჯელი _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, იმავე მუხლის მესამე ნაწილით, 568-ე მუხლით, სსკ-ის 55-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
აჭარის ა/რ-ის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2005წ. 21 თებერვლის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
მსჯავრდებულ თ. ქ-ს მოეხსნას სსკ-ის 1431-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და “ე” ქვეპუნქტებით შერაცხული ბრალდება მ. მ-ს ეპიზოდში.
თ. ქ-ს სსკ-ის 1431-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და “ე” ქვეპუნქტებით, 363-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებული სასჯელი _ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა _ სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით შეუმცირდეს და მოსახდელად განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
სხვა ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.