საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 90-კოლ 19 ოქტომბერი 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: თ. ლალიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მ. ისაევი,ი. ტყეშელაშვილი
განიხილა მსჯავრდებულ ლ. კ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების _ ა. კ-სა და ვ. თ-ს საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005წ. 27 აპრილის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005წ. 27 აპრილის განაჩენით ლ. კ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, 332-ე მუხლის მესამე ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა სასჯელის საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
განაჩენით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
მსჯავრდებული ლ. კ. 1999წ. 10 თებერვლიდან მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ანტიტერორისტული ცენტრის უფროსის თანამდებობაზე, იყო სახელმწიფო მოხელე, მინიჭებული აქვს გენერალ-მაიორის სპეციალური წოდება.
უშიშროების მინისტრის 1999წ. 1 თებერვლის ¹023 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურის დებულების მე-14 მუხლში, ასევე საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის 2000წ. 10 სექტემბრის ¹0202 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ანტიტერორისტული ცენტრის დებულების 22-ე მუხლში ჩამოთვლილია სამსახურის (ცენტრის) უფროსის უფლებები. აღნიშნული მუხლების შესაბამისად, სამსახურის (ცენტრის) უფროსს აქვს მთელი რიგი უფლებები, მათ შორის: ახორციელებს საერთო ზედამხედველობას და პასუხისმგებელია სამსახურებრივი ფუნქციის შესრულებაზე, თვალყურს ადევნებს სამსახურში (ცენტრში) შემავალი სტრუქტურული ერთეულების მიერ თავისი ფუნქციონალური მოვალეობის შესრულებას, დადგენილი წესით განკარგავს ფულად სახსრებს და მატერიალურ ფასეულობებს. ლ. კ-მ, რომელიც იყო სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ანტიტერორისტული ცენტრის უფროსი, ბოროტად გამოიყენა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება და შპს „კავკასიონ-1-ს“ უპირატესობის მისაღებად, კანონიერი საფუძვლის გარეშე, 2000წ. 2 მაისის მიღება-ჩაბარების აქტით უსასყიდლოდ გადასცა სამსახურის ბალანსზე არსებული ორი ცალი ,თითქოსდა ექსპლოატაციისათვის უვარგისი, ერთობლიობაში 400 ლარად ღირებული ¹1.... და ¹.......... „აკ-74“ სისტემის ავტომატური იარაღი. შპს „კავკასიონი-1-ის“ ხელმძღვანელობამ ავტომატებზე ჩაატარა მათთვის სასურველი ექსპერიმენტი, გადააკეთა სხვა კონსტრუქციაზე, წლების მანძილზე აღარ დაუბრუნა კანონიერ მფლობელს და საბოლოოდ 2003წ. 22 მაისს, დასახელებული საზოგადოების ლიკვიდაციის შემდეგ, ისინი მიითვისა, რითაც არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი.
2000წ. 25 ივლისს შპს „კავკასიონი-1-ის“ გენერალურმა დირექტორმა ვ. კ-მ კვლავ მიმართა წერილობით ანტიტერორისტული ცენტრის იმჟამინდელ უფროსს ლ. კ-ს საწარმოო ექსპერიმენტის ჩასატარებლად 2 ცალი ექსპლოატაციისათვის უვარგისი „აკ-74-ის“ სისტემის ავტომატისა და 4 ცალი მჭიდის გადაცემის თაობაზე. ლ. კ-მ არაერთგზის ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება და შპს „კავკასიონ-1-ს“ უპირატესობის მისაღებად, კანონიერი საფუძვლის გარეშე, 2000წ. 3 აგვისტოს შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტით უსასყიდლოდ და უვადოდ გადასცა სამსახურის ბალანსზე არსებული ორი ცალი ¹... და ¹ ..... „აკ-74“ სისტემის ავტომატური იარაღი, საერთო ღირებულებით 48 აშშ დოლარი. შპს „კავკასიონი-1-ის“ ხელმძღვანელობამ ისარგებლა რა აღნიშნულით და იმით, რომ გადაცემისას არ დაკონკრეტებულა იარაღების დაბრუნების ვადა, ავტომატებზე ჩაატარა მათთვის სასურველი ექსპერიმენტები, წლების მანძილზე აღარ დაუბრუნა კანონიერ მფლობელს და საბოლოოდ 2003წ. 22 მაისს, დასახელებული საზოგადოების ლიკვიდაციის შემდეგ, ისინი მიითვისა, რითაც არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი.
2000წ. 21 ნოემბერს შპს „კავკასიონი-1-ის“ გენერალურმა დირექტორმა კვლავ მიმართა ანტიტერორისტული ცენტრის იმჟამინდელ უფროსს ლ. კ-ს სნაიპერის 10 ცალი შაშხანის (ოპტიკური სამიზნეებით), 8 ცალი ყუმბარმტყორცნი „ტიშინის“, 10 ცალი ხელის ტყვიამფრქვევი „რპკ-ს“, 30 ცალი დანა „ნრ-ის”, 1 ცალი დანა „ნრს-ის“, 5 ცალი ავტომატი „აკმს-ის“, 200 ცალი ვაზნით, 6 ცალი სპეციალური პისტოლეტის, 30 ცალი ჩაფხუტი „სფერას“, 30 ცალი ჯავშანჟილეტის, 5 ცალი ავტომატი „აკსუ-ის“ საწარმოო ექსპერიმენტის ჩატარების მიზნით გადაცემის თაობაზე.
ლ. კ-მ 2000წ. 24 ნოემბრის აქტით, კანონიერი საფუძვლის გარეშე, უსასყიდლოდ და უვადოდ შპს „კავკასიონ-1-ს“გადასცა სამსახურის ბალანსზე არსებული ზემოთ მითითებული იარაღები, კერძოდ:
1. „სვდ“ (სნაიპერის შაშხანა) _ 10 ცალი: 1)„კტ-951“ (სამიზნე 31442), 2) „უ-951“ (სამიზნე 72608), 3) „უ-834“ (სამიზნე 52635), 4) „უ-597“ (სამიზნე 32957), 5) „ავ-527“ (სამიზნე 81137) 6) „02456“ (სამიზნე 08330), 7) „ავ-674“ (სამიზნე 10405), 8) „09214“ (სამიზნე 93810), 9) „ლ-4009“ (სმიზნე 10112), 10) „45965“ (სამიზნე 32671), ვაზნები: 7, 62 („პსს-მპსს“)-200 ც.
2. „რკპ“ (ტყვიმფრქვევი)-10 ცალი: 1) „კი-5409“, 2) „სო-8784“, 3) „კი- 9461“, 4) „კი-9347“, 5) „კი-9342“, 6) „კი-5904“, 7) „კი-9221“, 8) „კი-9154“, 9) „ჟნ -7266“, 10) „კი-6007“, სულ ღირებული 4000 ლარად.
3. ყუმბარმტყორცნი „ტიშინა“ _ 8 ცალი: 1) „სრ-0121“, 2) „სრ-0297“, 3) „სრ-0298“, 4) „სრ-0290“, 5) „სრ-0357“, 6) „სრ-0157“, 7) „სრ-0162“, 8) „სრ-0282“, სულ ღირებული 2640 ლარად.
4. ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი „აკმს“ _ 5 ცალი: ¹¹ .., სულ ღირებული 1000 ლარად.
5 სპეცპისტოლეტი „პსს“ _ 2 ცალი: ¹ .........?
6. სპეცპისტოლეტი „მპსს“ _ 4 ცალი: ¹ ...........
7. დანა „ნრს“- 1 ცალი ¹ სკ 0237.
8 ჩაფხუტი „სფერა“ _ 30 ცალი, სულ ღირებული 1200 ლარად.
9. „ნრ“ _ დანა 30 ცალი, ღირებული 600 ლარად.
10. ჯავშანჟილეტი _ 30 ცალი.
11. 7, 62 კალიბრიანი 200 ვაზნა, საერთო ღირებულება -80 ლარი.
ლ. კ-მ პირადი მოტივით, ჰქონდა რა ახლო ნაცნობობა შპს „კავკასიონი-1-ის“ ხელმძღვანელობასთან, იმისათვის, რათა გაეადვილებინა ამ რაოდენობის იარაღების უსასყიდლოდ გადაცემა კერძო სტრუქტურისათვის, 2000წ. 23 ნოემბერს დაამტკიცა ტექნიკური დათვალიერების აქტი, რომლის მიხედვითაც, ზემოთ აღნიშნული იარაღები, საბრძოლო მასალა და აღჭურვილობა თითქოსდა იყო გაუმართავი.
2001წ. 15 მარტს შპს „კავკასიონი-1-ის“ ხელმძღვანელობამ კვლავ მიმართა წერილობით ანტიტერორისტული ცენტრის იმჟამინდელ უფროსს, მსჯავრდებულ ლ. კ-ს საცდელი სამუშაოებისა და ექსპერიმენტების ჩასატარებლად 2 ცალი „აო-44“, მაყუჩიანი ტიპის პისტოლეტისა და საბრძოლო კომპლექტაციის გადაცემის თაობაზე. მსჯავრდებულმა ლ. კ-მ არაერთგზის გამოიყენა რა ბოროტად სამსახურებრივი უფლებამოსილება, შპს „კავკასიონ-1-ს“ 2001წ. 20 მარტს, ფაქტობრივად უვადოდ და უპირობოდ, გადასცა ორი ცალი „აო-44-ის“ ტიპის ¹ ირ-1302 -კმ და აპ-2164 პისტოლეტი თავისი მაყუჩით, 6 მჭიდით და 120 ვაზნით, სულ ღირებული 948 ლარად, ასევე 8 „აკმ-ის“ სისტემის ავტომატი („ტიშინის“) ¹პერ-367, მა-974, ხრ-5022, ხრ-3400, ომ-9928, ტმ-3512, 1786773, 178365, სულ ღირებული 1600 ლარად. ამ იარაღთაგან 120 ვაზნა გამოძიებით დაუდგენელმა პირებმა მიითვისეს, რითაც არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი.შპს „კავკასიონი-1-ის“ ხელმძღვანელობამ ანტიტერორისტული ცენტრიდან 2000წ. 21 ნოემბერსა და 2001წ. 20 მარტს მიღებულ იარაღსა და საბრძოლო მასალაზე ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგად ვერ მიიღო რა სასურველი შედეგები, სიტყვიერად აცნობა ამის შესახებ ანტიტერორისტული ცენტრის სწრაფი რეაგირების შენაერთის მომარაგების განყოფილების შეიარაღების ქვეგანყოფილების უფროსს – ი. ბ-ს და სთხოვა მათი უკან წაღება. ამ უკანასკნელმა აღნიშნულის შესახებ თავის მხრივ მოახსენა ცენტრის უფროსს, მსჯავრდებულ ლ. კ-ს, რომელმაც, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არ არსებობდა ნორმატიული აქტი, რომელიც აწესრიგებდა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის განადგურებას, გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას და გასცა განკარგულება შპს „კავკასიონი-1-სათვის“ გადაცემული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის განადგურების შესახებ.
ლ. კ-ს თავმჯდომარეობითა და სიტყვიერი ბრძანებით უკანონოდ შექმნილმა, არაუფლებამოსილმა კომისიამ 2001წ. 26 აპრილს შეადგინა აქტი იმის თაობაზე, რომ მათ შეამოწმეს ანტიტერორისტულ ცენტრში არსებული ცეცხლსასროლი იარაღი, დაადგინეს მათი უვარგისობა და მიიღეს განადგურების გადაწყვეტილება, რაც ხელმოწერით დაადასტურა მსჯავრდებულმა ლ. კ-მ.
მსჯავრდებულ ლ. კ-ს უკანონო ბრძანება სისრულეში მოიყვანეს ი. ბ-მ და შპს „კავკასიონი-1-ის“ პრეზიდენტმა ე. ხ-მ, რომლებმაც 2 ყუთში მოათავსეს ანტიტერორისტული ცენტრის ბალანსზე არსებული იარაღები და საბრძოლო მასალა, კერძოდ:
1. „სვდ“ (სნაიპერის შაშხანა) _ 10 ცალი: 1)„კტ-553“ (სამიზნე 31442), 2) „უ-951“ (სამიზნე 72608), 3) „უ-834“ (სამიზნე 52635), 4) „უ-597“ (სამიზნე 32957), 5) „ავ-527“ (სამიზნე 81137) 6) „02456“ (სამიზნე 08330), 7) „ავ-674“ (სამიზნე 100405), 8) „09214“ (სამიზნე 93810), 9) „ლ-400“ (სამიზნე 10112), 10) „45965“ (სამიზნე 32671), რომელთა საერთო ღირებულება შეადგენდა 6500 ლარს.
2. „რკპ“ (ტყვიმფრქვევი)-10 ცალი: 1) „კი-5409“, 2) „სო-8784“, 3) „კი-9461“, 4) „კი-9347“, 5) „კი-9342“, , 6) „კი-5904“, 7) „კი-9221“ 8) „კი-9154“, 9) „ჟნ-7266“, 10) „კი-6007“.
3. ყუმბარმტყორცნი „ტიშინა“ _ 8 ცალი: 1) „სრ-0121“, 2) „სრ-0297“, 3) „სრ-0298“, 4) „სრ-0290“, 5) „სრ-0357“, 6) „სრ-0157“, 7) „სრ-0162“, 8) „სრ-0282“.
4. „აკმს“ (ტიშინა) 7 ერთეული: ¹ „........“, „მა-974“, „ხრ-5022“, „ხრ-3400“, „ოტ-9928“, „ტმ-3512“, „1786773“, „1783765“.
5 სპეცპისტოლეტი „პსს“ _ 2 ცალი: ¹ .....
6. სპეცპისტოლეტი „მპსს“, 4 ცალი: ¹ ...........
7. დანა „ნრს“- 1 ცალი: ¹ სკ 0237.
8. „აო-44“-2 ცალი: ¹„.....“.
9. „აო-44“-ის მაყუჩი: ¹„.........“.
ზემოთ ჩამოთვლილი იარაღი და საბრძოლო მასალა გაანადგურეს რუსთავის მეტალურგიული ქარხნის საფოლადო-საჩამომსხმელო საამქროს ელექტროღუმელში, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.
კასატორები _ მსჯავრდებულ ლ. კ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატები _ ა. კ. და ვ. თ. საკასაციო საჩივრით ითხოვენ განაჩენის გაუქმებას, ლ. კენჭაძის გამართლებას და მის მიმართ საქმის შეწყვეტას, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არ არსებობის გამო. კასატორთა განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა თავის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და არასწორად დასდო ლ. კ-ს მსჯავრი. კასატორთა მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენის სამოტივაციო ნაწილში გაკეთებული დასკვნის შესაბამისად, ლ. კ-ს სამსახურებრივი უფლებამოსილება ბოროტად კი არ გამოუყენებია, არამედ სამსახურებრივი უფლებამოსილებისათვის გადაუმეტებია, რასაც, კასატორთა განმარტებით, ადასტურებს ის ფაქტი, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში მიუთითა “აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტზე. მათი განმარტებით, ზემოაღნიშნული კანონით სასამართლო კოლეგია ცდილობს დაასაბუთოს, რომ ანტიტერორისტულ ცენტრს, რომლის უფროსიც იყო ლ. კ., უფლება არ ჰქონდა, დამოუკიდებლად, სამინისტროს გვერდის ავლით დაემყარებინა მესამე პირებთან ურთიერთობა, რაც არასწორია, ვინაიდან, ზემოთ მითითებულ კანონში არ წერია, რომ ანტიტერორისტულ ცენტრს არ ჰქონდა უფლება, დამოუკიდებლად დაემყარებინა მესამე პირებთან ურთიერთობა, პირიქით, უშიშროების სამინისტროს დებულების, ასევე უშიშროების სამინისტროს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურის (შემდგომ სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ანტიტერორისტული ცენტრის) დებულების შესაბამისად, სამსახური (ცენტრი) წარმოადგენს სახელწიფო უშიშროების სამინისტროს, სამსახურის (ცენტრის) უფროსი წარმოადგენს სამსახურს (ცენტრს) სხვადასხვა უწყებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში, ასევე ცენტრის უფროსი “დადგენილი წესით განკარგავს ფულად სახსრებსა და მატერიალურ ფასეულობებს“. კასატორთა მითითებით, ანტიტერორისტულ ცენტრს ჰქონდა უფლება, დამოუკიდებლად დაემყარებინა ურთიერთობა მესამე პირებთან. კასატორთა განმარტებით, განაჩენის სამოტივაციო ნაწილში სასამართლო კოლეგია სამართლებრივ შეფასებას აძლევს ბრალდების ოთხ ეპიზოდს და უთითებს, რომ ლ. კ-ს მოქმედებით ბრალდების ოთხივე ეპიზოდში განხორციელდა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შემადგენლობა. მათი მითითებით, ლ. კ-ს ბრალეულობის დასადასტურებლად არასწორია სასამართლო კოლეგიის მითითება უშიშროების სამინისტროს სამსახურებრივ – საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის, ტარებისა და გამოყენების შესახებ 1999წ. 8 აპრილის ინსტრუქციის 24-ე და 25-ე მუხლებზე, ვინაიდან 25-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ეკრძალება მასზე რიცხული სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სხვისთვის გადაცემა, ბრალდება კი ლ. კ-ს ედავება არა სამსახურებრივ-საშტატო იარაღის, არამედ სამხედრო-საბრძოლო იარაღის სხვისთვის გადაცემას. კასატორთა განმარტებით, სამხედრო – საბრძოლო იარაღი უშიშროების სამინისტროს თანამშრომლებს სატარებლად კი არ გადაეცემათ, არამედ ის გამოიყენება დაკისრებული ფუნქციის შესასრულებლად სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის, თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ორგანოების მიერ. კასატორთა განმარტებით, ლ. კ-ს ბრალი არ ედება პირადად მასზე გაპიროვნებულ, ასევე ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომლებზე გაპიროვნებულ სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლ იარაღთან დაკავშირებით.
კასატორთა მითითებით, ანტიტერორისტული ცენტრის მიერ იარაღის შპს “კავკასიონ-1-სათვის“ გადაცემა არც განკარგვაა და არც იარაღის დროებით სარგებლობაში გადაცემა. მათივე მითითებით, უშიშროების სამინისტრო იარაღს გადასცემდა შპს “კავკასიონ-1-ს“, რომელსაც ჰქონდა უფლება, ეწარმოებინა იარაღთან დაკავშირებული ნებისმიერი ქმედება. აღნიშნულმა ფირმამ უშიშროების სამინისტროს უსასყიდლოდ გადასცა 7 ძვირფასი სახეობის იარაღი, ასევე 22,170 ვაზნა. კასატორის განმარტებით, შპს “კავკასიონ-1–ს“ ლიცენზიით გააჩნდა იარაღის რეკონსტრუქციის უფლება და ჰქონდა შესაბამისი ლაბორატორია. იარაღი, რომელიც შპს „კავკასიონ-1-ს“ გადაეცემოდა, იყო გაუმართავი, და გადაცემის მიზანი იყო მხოლოდ და მხოლოდ მისი რეკონსტრუქცია, ანუ საწარმოო ექსპერიმენტი, რომელიც გულისხმობდა მწყობრიდან გამოსული საბჭოთა იარაღის ნატოს სტანდარტზე გადაყვანას. კასატორთა განმარტებით, მითითებული იყო იარაღის გადაცემის კონკრეტული შინაარსი, რომელიც თავისი ბუნებით ძალზე უახლოვდება ნარდობის სამოქალაქო ინსტიტუტს. კასატორთა მითითებით, ანტიტერორისტულ ცენტრსა და შპს „კავკასიონი-1-ს“ შორის დამყარებული ურთიერთობა არის ტიპური სანარდო ურთიერთობა, ვინაიდან ამ ურთიერთობის შინაარსს წარმოადგენდა მოძველებული და მწყობრიდან გამოსული იარაღის რეკონსტრუქცია და მისი ნატოს სტანდარტებზე გადაყვანა. კასატორთა მითითებით, ერთადერთ გადახრას ნარდობიდან წარმოადგენდა ის, რომ სახელმწიფო ამაში საზღაურს არ იხდიდა. აქედან გამომდინარე, კასატორები უთითებენ, რომ სარეკონსტრუქციოდ გადაცემულ იარაღს არ შეიძლება სარგებლობაში გადაცემული იარაღი ეწოდოს. მათი განმარტებით, ლ. კ. მაშინ დაარღვევდა საქართველოს შეიარაღებული ძალების სადისციპლინო წესდების მე-3 მუხლს და მაშინ ექნებოდა მისი მხრიდან ადგილი მინდობილი იარაღისადმი, საბრძოლო ტექნიკისა და სამხედრო და სახელმწიფო ქონებისადმი გაუფრთხილებლობას, თუკი იგი არ მიიღებდა ზომებს მწყობრიდან გამოსული იარაღის აღსადგენად. სასამართლოს დასკვნა იარაღის დროებით სარგებლობაში გადაცემის შესახებ მცდარია. კასატორთა განმარტებით, ასევე დაუსაბუთებელია სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ იარაღის გადაცემა შპს “კავკასიონ-1-სათვის“ უკეთესი სამეწარმეო პირობების შექმნის მიზნით ხდებოდა, ვინაიდან იარაღის გადაცემით საწარმოს არავითარი სარგებელი არ მიუღია. კასატორთა განმარტებით, სასამართლო კოლეგიამ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ იგი მიიჩნევდა, რომ ლ. კ-ს მოქმედება იყო დანაშაული, არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მას და არასწორად ჩათვალა მისი ქმედება არაერთგზისობად, ვინაიდან თუკი ლ. კ-ს განზრახვას საფუძვლად ედო ერთიანი მიზანი, მაშინ ეს არის განგრძობადი და არა არაერთგზისი დანაშაული.
კასატორთა განმარტებით, განაჩენით პირველი ინსტანციის სასამართლოს არ დაუდგენია, თუ რა უფლებამოსილება გააჩნდა ლ. კ-ს და რაში გამოიხატა მის მიერ უფლებამოსილების გადამეტება, ასევე, რა არსებითი ზიანი დადგა. მათივე განმარტებით, სასამართლო კოლეგიამ არ გაიზიარა პროკურატურის პოზიცია იმის თაობაზე, რომ არ არსებობდა ნორმატიული აქტი იარაღის განადგურების შესახებ, ვინაიდან “საქართველოს უშიშროების სამინისტროს სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის, ტარებისა და გამოყენების შესახებ“ 1999წ. 8 აპრილის ინსტრუქციის მე-17 მუხლი შეიცავს მითითებას სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის განადგურების თაობაზე. სასამართლო კოლეგიას საერთოდ არ უმსჯელია ზიანის შესახებ და ამ ზიანის არსებითობაზე. კასატორთა განმარტებით, არასწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა მოწმეების _ ზ. კ-ს, თ. კ-ს, ვ. ნ-ს, ე. ხ-ს, რ. ღ-ს, ი. ბ-ს და სხვათა ჩვენებებს.
კასატორთა მითითებით, მართალია, ისინი არ აყენებენ ალტერნატიულ მოთხოვნას სასჯელის შემცირების თაობაზე, ვინაიდან მსჯავრდებული უდანაშაულოა, მაგრამ თვლიან, რომ განაჩენი არის უსამართლო, რადგან მსჯავრდებულს შეფარდებული აქვს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებლი მაქსიმალური სასჯელი.
პროკურორმა პ. ჯ-მ მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივარს და მოითხოვა განაჩენის უცვლელად დატოვება იმ საფუძვლით, რომ განაჩენი ემყარება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას და, ამდენად, დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანია.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა მხარეებს: მსჯავრდებულ ლ. კ-ს ინტერესების დამცველ ადვოკატებს _ ა. კ-სა და ვ. თ-ს, პროკურორ პ. ჯ-ს, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: პალატა ვერ გაიზიარებს კასატორთა მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა თავის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ლ. კ-ს უკანონოდ დასდო მსჯავრი. პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კასატორთა მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ შპს „კავკასიონ-1-სათვის“ იარაღის გადაცემის მიზანი იყო მხოლოდ და მხოლოდ მისი რეკონსტრუქცია, ანუ საწარმოო ექსპერიმენტი, რომელიც გულისხმობდა მწყობრიდან გამოსული საბჭოთა იარაღის ნატოს სტანდარტზე გადაყვანას. პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კასატორთა განმარტებას იმის შესახებ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს არ დაუდგენია, თუ რა უფლებამოსილება გააჩნდა ლ. კ-ს და რაში გამოიხატა მის მიერ უფლებამოსილების გადამეტება და რა არსებითი ზიანი დადგა.
აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან.
საქმის მასალების შესაბამისად, მსჯავრდებულ ლ. კ. 1999წ. 10 თებერვლიდან მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ანტიტერორისტული ცენტრის უფროსის თანამდებობაზე და იყო სახელმწიფო მოხელე. მას, როგორც სახელმწიფო მოხელეს, “საჯარო სამსახურის“ შესახებ კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე გააჩნდა გარკვეული სამსახურებრივი უფლებები და მოვალეობები. საქმის მასალების შესაბამისად, ნორმატიული ხასიათის სამართლებრივ აქტს, რომელიც განსაზღვრავდა იმ პერიოდისათვის ანტიტერორისტული ცენტრის (სამსახურის) უფროსის სამსახურებრივ უფლება-მოვალეობებს, წარმოადგენდა საქართველოს უშიშროების მინისტრის 1999წ. 1 თებერვლის ¹023 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურისა და ასევე საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის 2000წ. 10 სექტემბრის ¹0202 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ანტიტერორისტული ცენტრის დებულება.
აღნიშნული დებულებების, კერძოდ, უშიშროების მინისტრის 1999წ. 1 თებერვლის ¹023 ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურის დებულების მე-14 და საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის 2000წ. 10 სექტემბრის ¹0202 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ანტიტერორისტული ცენტრის დებულების 22-ე მუხლებში ჩამოთვლილია სამსახურის (ცენტრის) უფროსის უფლება-მოვალეობანი, სადაც სხვა უფლება-მოვალეობებთან ერთად მითითებულია, რომ სამსახურის (ცენტრის) უფროსი ახორციელებს საერთო ზედამხედველობას და პასუხისმგებელია სამსახურებრივი ფუნქციის შესრულებაზე, თვალყურს ადევნებს სამსახურში (ცენტრში) შემავალი სტრუქტურული ერთეულების მიერ თავისი ფუნქციონალური მოვალეობის შესრულებას, დადგენილი წესით განკარგავს ფულად სახსრებს და მატერიალურ ფასეულობებს. ამდენად, ლ. კენჭაძეს უფლება ჰქონდა, განეკარგა ფულადი სახსრები და მატერიალური ფასეულობები, რაც მოიცავდა ასევე ცეცხლსასროლ და სამხედრო _ საბრძოლო იარაღს. საქმის მასალების შესაბამისად, ლ. კ-მ შპს “კავკასიონ -1-ს“, შპს-ს გენერალური დირექტორის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, საწარმოო ექსპერიმენტის ჩასატარებლად, სამსახურებრივი უფლებამოსილებიდან გამომდინარე, ოთხჯერ გადასცა მთელი რიგი ცეცხლსასროლი და საბრძოლო-სამხედრო იარაღი. მსჯავრდებულმა ლ. კ-მ აღნიშნული უფლებამოსილება გამოიყენა ბოროტად, კერძოდ, მან ცეცხლსასროლი და საბრძოლო-სამხედრო იარაღები, რომელსაც დაკისრებული ფუნქციის შესასრულებლად იყენებდა საქართველოს უშიშროების სამინისტრო, უკეთესი სამეწარმეო პირობების შესაქმნელად გადასცა შპს “კავკასიონ-1-ს“, რასაც ადასტურებს ის ფაქტობრივი გარემოებები, რომ იარაღის გადაცემის ოთხივე ეპიზოდში შპს “კავკასიონ-1“ თხოვნით მიმართავს არა უშიშროების მინისტრს, არამედ უშუალოდ მსჯავრდებულ ლ. კ-ს, რომელიც მიღება _ ჩაბარების აქტებით, ისე, რომ საერთოდ არ უთითებს იარაღთა დაბრუნების ვადას, სათანადოდ არ ამოწმებს იარაღის მდგომარეობას და ამის თაობაზე არ აცნობებს უშიშროების მინისტრს, შპს “კავკასიონ-1-ს“ ცეცხლსასროლ იარაღს, სამხედრო-საბრძოლო იარაღს, საბრძოლო მასალასა და სხვა სახის იარაღს გადასცემს ორ შემთხვევაში _ საწარმოო ექსპერიმენტის ჩასატარებლად დროებით სარგებლობაში და ორ შემთხვევაში _ მხოლოდ დროებით სარგებლობაში. ის, რომ მსჯავრდებულმა ლ. კ-მ სამსახურებრივი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა და სხვადასხვა სახის იარაღი გადასცა შპს “კავკასიონ -1-ს“ უკეთესი სამეწარმეო პირობების შესაქმნელად, დგინდება იმ გარემოებითაც, რომ მსჯავრდებულ ლ. კ-ს იარაღის გადაცემის შემდეგ არანაირი ღონისძიება არ განუხორციელებია იარაღისUუშიშროების სამინისტროსათვის დაბრუნების მიზნით. მიუხედავად იმისა, რომ შპს “კავკასიონ -1-მა“, იარაღის გადაცემის არც პირველ, არც მეორე და არც მესამე შემთხვევაში იარაღი უკან აღარ დაუბრუნა უშიშროების სამინისტროს, ლ. კ-მ მეოთხე შემთხვევაშიც კვლავ გადასცა შპს “კავკასიონ-1-ს“ სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი, საბრძოლო და სხვა სახის იარაღი, რაც ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ თავისი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების განზრახვას, სამსახურებრივ მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ.
სახელმწიფო უშიშროების სამინისტროში სამსახურებრივ საშტატო და სამხედრო-საბრძოლო ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესის შესახებ 1999წ. 8 აპრილის ინსტრუქციის შესაბამისად, სამხედრო-საბრძოლო ცეცხლსასროლ იარაღს დაკისრებული ფუნქციის შესასრულებლად იყენებენ სახელმწიფო უშიშროების ორგანოები, ასევე იარაღის შესახებ კანონის შესაბამისად, სამხედრო-საბრძოლო იარაღს იყენებენ სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის. 1999წ. 1 თებერვლის ¹023 ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურისა და სახელმწიფო უშიშროების მინისტრის 2000წ. 10 სექტემბრის ¹0202 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ანტიტერორისტული ცენტრის დებულების შესაბამისად, ანტიტერორისტული ცენტრის (სამსახურის) ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა, გამოავლინოს, თავიდან აიცილოს და აღკვეთოს პოლიტიკური მიზნებით მოტივირებული ისეთი დანაშაულებრივი მოქმედება, რომელიც ხელყოფს საქართველოს კონსტიტუციურ წყობილებას, საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და სახელმწიფო უშიშროებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ ცეცხლსასროლი იარაღების, სამხედრო-საბრძოლო იარაღების, საბრძოლო მასალისა და სხვა სახის იარაღის შპს “კავკასიონ -1-სათვის“ გადაცემამ შპს-სათვის სამეწარმეო საქმიანობის უკეთესი პირობების შესაქმნელად, გამოიწვია სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა. მართალია, შპს “კავკასიონ-1-ისათვის“ იარაღის გადაცემისას შედგენილ მიღება-ჩაბარების აქტში კონკრეტულად არ არის მითითებული, თუ რა მდგომარეობაში და რა ღირებულების იარაღი გადაეცათ მათ, მაგრამ სწორედ ასეთი შემთხვევებისათვის, როდესაც არ არსებობს ცეცხლსასროლი იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის სხვადასხვა განადგურებისა და დაკარგვის შედეგად მიყენებული ზარალის ასანაზღაურებელი თანხის განმსაზღვრელი მექანიზმი და ამისათვის აუცილებელი საკანონმდებლო ბაზა, აგრეთვე აღნიშნული იარაღისა და აღჭურვილობის ღირებულების განმსაზღვრელი დოკუმენტები, 1995წ. 14 ნოემბერს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტმა მიიღო ¹718 დადგენილება, რომლითაც განსაზღვრულია სწორედ ასეთი იარაღის ფასი, რაც საფუძვლად დაედო იმ იარაღთა შეფასებას, რომელთა გადაცემაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, ხოლო შემდეგ _ ამ იარაღთა ნაწილის განადგურება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაცილებით ბრალად შეერაცხა ლ. კენჭაძეს.
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორთა განმარტებას იმის თაობაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა და არასწორად ჩათვალა ლ. კ-ს მიერ განხორციელებული ქმედება არაერთგზისობად, ვინაიდან, თუკი ლ. კ-ს განზრახვას საფუძვლად ედო ერთიანი მიზანი, მაშინ ეს არის განგრძობადი და არა _ არაერთგზისი დანაშაული.
საქმის მასალების შესაბამისად, ყოველი კონკრეტული ბრალდების ეპიზოდში ლ. კ-ს იარაღის გადაცემის შესახებ თხოვნით მიმართავს შპს “კავკასიონ -1-ის“ დირექტორი. ლ. კ-ს ბრალდების არც ერთ ეპიზოდში საკუთარი ინიციატივით, წერილობითი თხოვნის გარეშე, არ გადაუცია შპს “კავკასიონ -1-ისათვის“ იარაღი. ერთიანი განგრძობადი დანაშაულის შემადგენლობის სუბიექტური მხარე უნდა მოიცავდეს ერთიან განზრახვას. თვით ის ფაქტი, რომ გარკვეულ პერიოდებში შპს “კავკასიონ -1-მა“ უშიშროების სამინისტროს 2000-2001 წლებში გადასცა სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი დაჯილდოების მიზნით, ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ლ. კ-ს არ გააჩნდა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ერთიანი განზრახვა.
პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კასატორთა განმარტებას იმის თაობაზე, რომ თუ სასამართლო დაასკვნის, რომ ლ. კ-მ ჩაიდინა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, მაშინ ეს ქმედება ჩადენილი იქნებოდა მის მიერ უმოქმედობით. საქმის მასალების შესაბამისად, ბრალდების ოთხივე ეპიზოდში ლ. კ-ს განკარგულებით ხდება იარაღის გადაცემა შპს “კავკასიონ-1 სათვის“. ლ. კ. მოცემულ შემთხვევაში, უკვე იარაღის გადაცემის მომენტიდან, სამსახურებრივ უფლებამოსილებას ბოროტად იყენებს, რამეთუ არც ერთ მიღება _ ჩაბარების აქტში იგი არ უთითებს, თუ როდის უნდა იქნეს დაბრუნებული შპს-ისათვის გადაცემული იარაღი და არც მოგვიანებით _ იარაღის გადაცემის მეორე, მესამე და მეოთხე ეპიზოდებში არ არკვევს საკითხს, თუ რატომ არ იქნა დაბრუნებული შპს-ისათვის გადაცემული იარაღი.
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორთა განმარტებას იმის თაობაზე, რომ სასამართლო კოლეგიამ არ გაიზიარა პროკურატურის პოზიცია იმის შესახებ, რომ არ არსებობდა ნორმატიული აქტი იარაღის განადგურების შესახებ, ვინაიდან “საქართველოს უშიშროების სამინისტროში სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის, ტარებისა და გამოყენების შესახებ“ 1999წ. 8 აპრილის ინსტრუქციის მე-17 მუხლი შეიცავს მითითებას სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის განადგურების თაობაზე.
აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ იმ პერიოდისათვის საქართველოში არ არსებობდა ნორმატიული აქტი, რომლითაც მოწესრიგებული იქნებოდა ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, სამხედრო – საბრძოლო იარაღისა და სხვა სახის იარაღის განადგურების წესი. მართალია, საქმეში არსებობს 1999წ. 8 აპრილის ინსტრუქცია, რომლის მე-17 მუხლი შეიცავს მითითებას სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის განადგურების თაობაზე, მაგრამ არ არსებობდა რაიმე ნორმატიული აქტი, რომელიც ამ იარაღის განადგურების წესს მოაწესრიგებდა. იქიდან გამომდინარე, რომ იმ პერიოდისათვის არ არსებობდა რაიმე ნორმატიული აქტი ცეცხლსასროლი იარაღის განადგურების წესის შესახებ, ასევე იმის მხედველობაში მიღებით, რომ ლ. კ-ს უფლება-მოვალეობათა ნუსხა არ მოიცავდა ცეცხლსასროლი იარაღის, ასევე სამხედრო–საბრძოლო იარაღის განადგურების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას, პალატა თვლის, რომ ლ. კ-მ გადაამეტა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას, როდესაც გასცა განკარგულება ცეცხლსასროლ იარაღთა განადგურების შესახებ. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ იმ აქტის შესაბამისად, რომელშიც დაფიქსირებულია, თუ როგორ მოხდა ცეცხლსასროლ იარაღთა განადგურება, იარაღთა ვარგისიანობის საკითხზე გადაწყვეტილება მიიღო მხოლოდ შპს „კავკასიონ 1-ის“ ექსპერტმა, მაშინ, როდესაც განადგურება ეხებოდა უშიშროების სამინისტროს იარაღს. ასევე მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ, მართალია, აქტს ხელს აწერენ რუსთავის მეტალურგიული ქარხნის თანამშრომლები _ თ. ლ. და გ. ფ., რომლებიც თითქოსდა დაესწრნენ იარაღის განადგურების პროცესს, მაგრამ, მათივე ჩვენებებიდან გამომდინარე, მათ არ უნახავთ, განადგურდა თუ არა იარაღი; იციან მხოლოდ ის, რომ ყუთებით შემოვიდა იარაღი, მაგრამ რა იდო ყუთებში, მათთვის არავის უჩვენებია. პალატა ასევე მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მოგვიანებით საქართველოს პრეზიდენტი ¹ 273-ე ბრძანებულებით, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის საკამარისობის პრინციპიდან გამომდინარე, ადგენს, რომ იმ სამხედრო ტექნიკის, შეიარაღების, საბრძოლო მასალებისა და სპეცქონების ნუსხა, რომელთა შეიარაღებაში დატოვება მიზანშეწონილი არ არის და ექვემდებარება უტილიზაციას (მათ შორის) ჯართის სახით, უშიშროების სამინისტროს უნდა წარედგინა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი საუწყებათაშორისო კომისიის სხდომაზე განსახილველად და ეროვნული უშიშროების საბჭოზე დასამტკიცებლად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა თავის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სწორად დააკვალიფიცირა იგი სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი, ამავე მუხლის მესამე ნაწილის “ა“ ქვეპუნქტითა და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პალატა მხედველობაში იღებს მსჯავრდებულ ლ. კ-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, რომ იგი წარსულში არ არის ნასამართლევი, ზიანი ანაზღაურებული აქვს, ასევე ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების ხასიათს და მიაჩნია, რომ განაჩენი უნდა შეიცვალოს მის სასიკეთოდ, კერძოდ: მისთვის სსკ-ის 332-ე მუხლის მესამე ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელი _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა _ უნდა შემცირდეს ორი წლით და სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე საბოლოოდ განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ლ. კ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების _ ა. კ-სა და ვ. თ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005წ. 27 აპრილის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულ ლ. კ-ს სასარგებლოდ, კერძოდ: ლ. კ-ს შეფარდებული სასჯელი _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა _ შეუმცირდეს 2 წლით და საბოლოოდ განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.