შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 05.04.2005
საქმის ნომერი
2კ-97აპ.-04
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
05.04.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 97-აპ 5 აპრილი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),თ. ლალიაშვილი (მომხსენებელი),ი. ბიბილაშვილი

განიხილა მსჯავრდებულ ა. ვ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 7 თებერვლის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 7 თებერვლის განაჩენით ა. ვ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით, 236-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებით და 108-ე მუხლით და მიესაჯა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსულების დაწესებულებაში მოხდით.

განაჩენით დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა. ვ-ს 2002წ. 9 ივნისს დაედო ადმინისტრაციული სახდელი ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებისათვის. 2002წ. 8 სექტემბერს მან განმეორებით, უკანონოდ, ექიმის დანიშნულების გარეშე მოიხმარა ნარკოტიკული ნივთიერება. 2002წ. 10 დეკემბერს, დაახლოებით 15 საათზე, ავტომატითა და ხელყუმბარებით შეიარაღებული ა. ვ. სტუმრად იმყოფებოდა ყვარლის რაიონის სოფ. ... მცხოვრებ ი. ბ-ს ოჯახში, სადაც დათვრა, უმიზეზოდ აუხირდა მასპინძელს და ავტომატური იარაღიდან გასროლით მოკლა იგი.

საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული ა. ვ. ითხოვს განაჩენის გაუქმებას და საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნებას იმ საფუძვლით, რომ საქმის ყველა გარემოება სრულყოფილად არ გამოკვლეულა. მსჯავრდებულის განმარტებით, მას დანაშაული არ ჩაუდენია, მკვლელობის დროს საერთოდ არ ყოფილა შემთხვევის ადგილზე. იგი იმყოფებოდა გარდაცვლილის მეზობლად.

მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ზ. ჯ. ითხოვს განაჩენის გაუქმებას და საქმის მასალების დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნებას იმ საფუძვლით, რომ საქმის გარემოებები სრულყოფილად არ არის გამოძიებული და იგი არ შეიძლება სასამართლო სხდომაზე შეივსოს. ადვოკატის განმარტებით, საქმეში არ მოიპოვება რაიმე უტყუარი მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებულმა ავტომატიდან ესროლა ი. ბ-ს. ი. ბ-ს მკვლელობის ფაქტს არც ერთი თვითმხილველი მოწმე არ ჰყავს. განაჩენი ემყარება მხოლოდ ვარაუდებს, რომ ა. ვ-მა ჩაიდინა დანაშაული.

მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ყ-მა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და მოითხოვა განაჩენის გაუქმება იმ საფუძვლით, რომ გამოძიება სრულყოფილად არ ჩატარებულა, არ გამოკვლეულა მთელი რიგი გარემოებები, რაც დაადასტურებდა მსჯავრდებულის უდანაშაულობას.

მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ლ-მ მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს.

პროკურორმა გ. ქ-მა მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივარს იმ საფუძვლით, რომ განაჩენი ემყარება სასამართლო გამოძიებისას გამოკვლეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას და დასაბუთებელი, კანონიერი და სამართლიანია.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა მხარეებს: ა. ვ-ს ინტერესების დამცველ ადვოკატებს _ ზ. ჯ-ს, მ. ყ-ს, გ. ლ-ს, მსჯავრდებულ ა. ვ-ს, პროკურორ გ. ქ-ს, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სრულყოფილად არ გამოძიებულა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რომ მსჯავრდებულს მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაული არ ჩაუდენია. აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან. მართალია, თვითმხილველი მოწმე იმ ფაქტისა, რომ ა. ვ-მა ესროლა ი. ბ-ს, არ არსებობს, მაგრამ სააპელაციო პალატამ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, კერძოდ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, ხელყუმბარების, ავტომატის მჭიდებისა და ტყვიების ამოღების ოქმებს, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, მოწმეთა ჩვენებებს და სწორი დასკვნა გააკეთა იმის თაობაზე, რომ ა. ვ-მა ჩაიდინა ი. ბ-ს განზრახ მკვლელობა.

მოწმე თ. ას-მა წინასწარ და სასამართლო გამოძიებისას დაადასტურა ფაქტი იმის თაობაზე, რომ 2002წ. 10 დეკემბერს ყვარლის რაიონის სოფ. შილდაში არსებული მიკროჰესიდან ავტომატური იარაღით შეიარაღებულ ა. ვ-ს, მისივე მოთხოვნით, გაჰყვა გრემში, ი. ბ-ს ოჯახში, სადაც ა. ვ-მა ავტომატი ოთახში, მაგიდასთან, კედელზე მიაყუდა. მან, ასევე, დაადასტურა, რომ სუფრასთან ა. ვ. დათვრა არყით, მოგვიანებით მათ შეუერთდნენ ი. ბ-ს მეზობლები _ ა. ხ. და ი. ჯ.. დაახლოებით შუადღისას მობრუნდა მასპინძლის ცოლი, მაგრამ ი. ბ-მა იგი კვლავ დაითხოვა. მან, ასევე, დაადასტურა ის ფაქტი, რომ მას შემდეგ, რაც ი. ბ-ს მეზობლები წავიდნენ, ა. ვ. უმიზეზოდ აუხირდა მასპინძელს, მიმართა სიტყვებით: “ჩემი მოსვლა გეწყინა და უნდა მოგკლაო”, _ წამოხტა და აიღო ავტომატი. ვ. ბ-მა იარაღზე უტაცა ხელი, რის გამოც ავტომატის ჯერი მოხვდა ჭერს, მათ ჭიდილში მან შეძლო და ავტომატს მოხსნა მჭიდი, დააგდო იგი მაგიდაზე და შეშინებული გარეთ გამოვიდა. გზაში შეხვდნენ ი. ბ-ს მეზობლები _ ა. ხ. და ი. ჯ., რომელთაც მოუყვა მომხდარის შესახებ და სთხოვა, ყურადღება მიექციათ მათთვის.

მოწმე თ. ა-ს ჩვენებათა სარწმუნობა დადგენილია დაზარალებულ ნ. ბ-ის წინასწარ და სასამართლო გამოძიებისას მიცემული ჩვენებებით, სადაც მან დაადასტურა ის ფაქტი, რომ 2002წ. 10 დეკემბერს მის ოჯახში სტუმრად იმყოფებოდნენ მსჯავრდებული ა. ვ. და მოწმე თ. ა., რომლებსაც უმასპინძლა მისმა მეუღლემ, აწ გარდაცვლილმა ი. ბ-მა. თვითონ კი მეუღლის თხოვნით შვილთან ერთად წავიდა დედის სახლში. მან, ასევე, დაადასტურა სუფრის გაშლისას კედელზე მიყუდებული ავტომატის დანახვის ფაქტი, ასევე _ 15.30 საათზე სახლში დაბრუნების, ოჯახში მისი მეუღლის, მსჯავრდებულის, თ. ა-სა და მეზობლების _ ა. ხ-სა და ი. ჯ-ს ყოფნის ფაქტი, ასევე, ფაქტი იმისა, რომ მეუღლის თხოვნით ისევ გადავიდა დედამისის სახლში, სადაც ა. ხ-მა შეატყობინა, რომ მისი მეუღლე დაჭრა მსჯავრდებულმა, სახლში მისულს ი. ბ. ოთახში მოკლული დახვდა.

აღნიშნული დანაშაული, ასევე, დასტურდება მოწმეების _ ი. ჯ-სა და ა. ხ-ს ჩვენებებით. მათ დაადასტურეს შემთხვევის დღეს მეზობელ ი. ბ-თან სტუმრად მისვლის, ი. ბ-ს ოჯახში ა. ვ-სა და თ. ა-ს სტუმრად ყოფნის, მათთან ერთად ალკოჰოლური სასმელის მიღების, ი. ბ-ს სახლიდან წამოსვლის, სახლთან ახლოს ყოფნის, სახლში გასროლის ხმის გაგონებისა და სახლიდან თ. ა-ს გამოსვლის ფაქტი. მათ, ასევე, დაადასტურეს ის ფაქტი, რომ თ. ა-მა მათ უამბო ი. ბ-სა და ა. ვ-ს შორის მომხდარი ჩხუბის შესახებ და, ასევე, მისი თხოვნა, რომ მიეხედათ მოჩხუბრებისათვის. მათ, ასევე, დაადასტურეს ის ფაქტი, რომ მას შემდეგ, რაც ისინი გაემართნენ ი. ბ-ს სახლისაკენ, დაინახეს ჭიშკრიდან გამოსული ა. ვ., რომელსაც ხელში ავტომატი ეჭირა. ის ფაქტი, რომ ი. ბ-ს სახლიდან გამოსული მთვრალი ა. ვ. შეიარაღებული იყო ავტომატით, დაადასტურეს მოწმეებმა _ ა. ჩ-ა, თ. ხ-მა, გ. კ-მა.

განაჩენით მსჯავრდებულს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე საბოლოოდ შეეფარდა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებითა და, აგრეთვე, იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულ ა. ვ-ს აქვს ფსიქიკური ნაკლი, გააჩნია მიდრეკილება აუტოაგრესიისადმი, ფიქსაციისა და რეპროდუქციის გაძნელება, პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულს განზრახ მკვლელობისათვის შეფარდებული სასჯელი _ 13 წლით თავისუფლების აღკვეთა _ უნდა შეუმცირდეს 10 წლამდე და სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე საბოლოოდ შეეფარდოს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი დანარჩენ ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 562-ე, 565-ე, 568-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 7 თებერვლის განაჩენი ა. ვ-ს მიმართ შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ: მსჯავრდებულ ა. ვ-ს სსკ-ის 108-ე მუხლით შეფარდებული სასჯელი _ 13 წლით თავისუფლების აღკვეთა _ შეუმცირდეს 10 წლამდე. სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე საბოლოოდ განესაზღვროს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.