შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 09.06.2005
საქმის ნომერი
2კ-188აპ.-05
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
09.06.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 188-აპ 9 ივნისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე და მომხსენებელი),ნ. გაბრიჩიძე,მ. გოგელია

განიხილა მსჯავრდებულ ჯ. ჩ-ს საკასაციო საჩივარი აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 18 მარტის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2005წ. 27 იანვრის განაჩენით ჯ. ჩ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით, 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა გათვალისწინებით, სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით, 2 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პლატის 2005წ. 18 მარტის განაჩენით ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2005წ. 27 იანვრის განაჩენი შეიცვალა იმ მიმართებით, რომ ჯ. ჩ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

განაჩენით ჯ.ჩ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ძარცვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში: 2004წ. 26 სექტემბერს, დაახლოებით 10 საათზე, ჯ. ჩ-მ ქ.ქობულეთში, სანატორიუმ “საქართველოს” მიმდებარე ტერიტორიაზე, დამსვენებელ ნ. ჩ-ს, სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლების მიზნით, ხელიდან გამოსტაცა პოლიეთილენის პარკი, რომელშიც იდო მისი პირადი ნივთები: 5 ლარად ღირებული ტყავის საფულე, ფული _ 10 ლარი, თმის სამაგრი და 220 ლარად ღირებული “სიმენს-ც-45” ფირმის მობილური ტელეფონი, რითაც დაზარალებულს მიადგა 241 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

მსჯავრდებული ჯ.ჩ. საკასაციო საჩივრით ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას იმ მოტივებით, რომ მისთვის დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება მის პიროვნებასა და დანაშაულის სიმძიმეს, ჰყავს ინვალიდი ძმა და მცირეწლოვანი და, რომლებიც მის კმაყოფაზე იმყოფებიან, მშობლები არ ჰყავს, აქვს მძიმე ოჯახური პირობები.

პროკურორი ნ.ნაკაშიძე არ ეთანხმება საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს ჯ.ჩამბას მიმართ განაჩენის უცვლელად დატოვებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა პროკურორს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით დადასტურებულია ჯ.ჩ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” და “გ” ქვეპუნქტებითა გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რასაც არც მსჯავრდებული ხდის სადავოდ და ითხოვს მხოლოდ სასჯელის შემსუბუქებას.

პალატა ითვალისწინებს რა ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და ხასიათს, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ, იმას, რომ აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, ჰყავს ინვალიდი ძმა და მცირეწლოვანი და, რომლებიც მის კმაყოფაზე იმყოფებიან, მშობლები არ ჰყავს, აქვს მძიმე ოჯახური და ეკონომიკური პირობები, მიზანშეწონილად მიიჩნევს ჯ.ჩ-სთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას 3 წლით თავისუფლების აღკვეთამდე.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 562-ე, 565-ე, 568-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 18 მარტის განაჩენი ჯ. ჩ-ს მიმართ შეიცვალოს იმ მიმართებით, რომ დანიშნული სასჯელი _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა _ შეუმცირდეს 1 წლით და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.