შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 22.09.2005
საქმის ნომერი
2კ-245აპ.-05
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
22.09.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 245-აპ 22 სექტემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ისაევი (თავმჯდომარე),მ. გოგელია (მომხსენებელი),ნ. გაბრიჩიძე

განიხილა მსჯავრდებულ ზ. ბ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 1 მარტის განაჩენზე, რომლითაც თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 22 ნოემბრის განაჩენი ზ. ბ-ს მიმართ დარჩა უცვლელად.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 22 ნოემბრის განაჩენით ზ. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის II ნაწილის “გ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 180-ე მუხლის II ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 180-ე მუხლის II ნაწილის “ბ“ და “გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა: სსკ-ის 180-ე მუხლის II ნაწილის “გ“ ქვეპუნქტით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 180-ე მუხლის II ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 19,180-ე მუხლის II ნაწილის “ბ“ და “გ“ ქვეპუნქტებით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ და ზ. ბ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 6 თვე და საბოლოოდ მოსახდელად დაენიშნა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მასვე დაზარალებულ მ. მ-ს სასარგებლოდ დაეკისრა 1000 აშშ დოლარისა და 50 ლარის გადახდა.

აღნიშნული განაჩენი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 1 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.

ზ. ბ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება და ქონებრივი სარგებლობის მიღება მოტყუებით, არაერთგზის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; მანვე ჩაიდინა თაღლითობის მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლების მცდელობა და ქონებრივი სარგებლობის მიღების მცდელობა მოტყუებით, არაერთგზის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

ზ. ბ. 2001წ. 11 აპრილს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულმა სასამართლომ გაასამართლა დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის II ნაწილის “გ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 362-ე მუხლის I ნაწილითა და ამავე მუხლის II ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტით, რისთვისაც სასჯელის ზომად შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით. მიუხედავად ამისა, იგი არ დაადგა გამოსწორების გზას და კვლავ ჩაიდინა დანაშაული.

1999წ. აგვისტოს თვეში მან გაიცნო და დაუახლოვდა ქ. თბილისში მცხოვრებ მ. მ-ს, ისარგებლა მისი ნდობით, მოატყუა და შეჰპირდა, რომ მოაწყობდა საბაჟო სამსახურში მებაჟედ, რაშიც გამოართვა 1000 აშშ დოლარი და 50 ლარი. დაეუფლა რა აღნიშნულ ქონებას, მიისაკუთრა იგი და დახარჯა, რითაც დაზარალებულს მიაყენა 1900 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ზიანი.

მანვე განიზრახა, კვლავ ჩაედინა თაღლითობა. თავისი ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანის მიზნით, იგი 2003წ. 24 დეკემბერს მივიდა ქ. თბილისში, ... მდებარე ფსიქიატრიული ინსტიტუტის კლინიკის დირექტორ ა. მ-თან, რომელსაც ქონებრივი უფლების მოტყუებით მიღების მიზნით, თავი გააცნო დ. კ-დ და უთხრა, რომ იყო საქართველო-ავსტრიის მეანობა-გინეკოლოგიისა და რეპროდუქციის ერთობლივი ცენტრის ხელმძღვანელი, რომელიც მდებარეობდა ქ. თბილისში, დიღმის დასახლებაში არსებული ბავშვთა საავადმყოფოს ტერიტორიაზე და ეძებდა სპეციალისტებს ცენტრში დასასაქმებლად. ა. მ-მა დაიჯერა მისი ნათქვამი, თავის მხრივ რეკომენდაცია გაუწია იმავე კლინიკის ექიმ-ფსიქიატრ ნ. ნ-ს, რომელიც პირადად შეხვდა ზ. ბ-ეს და მასთან საუბრის შემდეგ ამ უკანასკნელმა მოიპოვა მისი ნდობა. ზ. ბ-მ ნ. ნ. დაარწმუნა, რომ მას ნამდვილად დანიშნავდა ზემოთ დასახელებულ ცენტრში სამეთვალყურეო საბჭოს წევრად და შესთავაზა განყოფილების გამგის თანამდებობა, დაჰპირდა, რომ ხელფასის სახით გადაუხდიდა თვეში 200-250 ევროს. შეთანხმების შემდეგ ზ. ბ-მ ნ. ნ-ს მოსთხოვა დიპლომის, პირადობის მოწმობის, საექიმო სერტიფიკატის ასლების, 4 ცალი 3X4-ზე ფოტოსურათის მიტანა და განცხადების დაწერა მუშაობის დაწყების თაობაზე, ავსტრია-საქართველოს ჯანმრთელობის სამინისტროს სალიცენზიო განყოფილების უფროსის სახელზე. აღნიშნულ დოკუმენტებთან ერთად ნ. ნ-ს მისთვის უნდა გადაეცა 42 ლარი. ზ. ბ-მ იქვე სთხოვა, მოეძებნა ცენტრში დასასაქმებლად სხვა სპეციალისტებიც. ნ. ნ-მა მას წარუდგინა ექიმები – დ. მ., ნ. კ. და ლ. წ., რომელთაგანაც მან მოითხოვა ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია, თითოეულს გამოართვა 42-42 ლარი და შეჰპირდა, რომ თვეში ხელფასის სახით მისცემდა 200-250 ევროს. მის თაღლითურ განზრახვაში ეჭვი რომ არ შეეტანათ, ზ. ბ. ნ. ნ-თან ერთად 2003წ. 26 დეკემბერს მივიდა ქ. თბილისში, ... მდებარე ფირმა “მიმინოში“, სადაც შეუკვეთა მოწმობები და სამკერდე ნიშნები, რაშიც ნ. ნ-ს დამატებით გადაახდევინა 20 ლარი, რის შემდეგ ზემოხსენებული თანხა, რომლის საერთო რაოდენობამ შეადგინა 168 ლარი, მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა, ხოლო შეგროვილი დოკუმენტები დახია და გადაყარა.

ზ. ბ-მ მოიპოვა რა ზემოაღნიშნული პირების ნდობა, განიზრახა, მოტყუებით, არაერთგზის მართლსაწინააღმდეგოდ მიესაკუთრებინა სხვისი ქონება. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, იგი 2004წ. 5 იანვარს მივიდა ფსიქიატრიულ კლინიკაში, დ. მ-ს სამუშაო ოთახში, შეხვდა თავის მიერ მოტყუებულ პირებს – დ. მ-ს, ნ. ნ-ს, ლ. წ-ს, ნ. კ-ს და გაანდო, რომ ვითომდა საქართველოდან ავსტრიაში უნდა გამგზავრებულიყო ქართველ მედიკოსთა 12-კაციანი ჯგუფი, რომელშიც შეიძლება მოხვედრილიყო მხოლოდ მათი ერთი წარმომადგენელი. იგი ავსტრიაში ჩასვლისთანავე მიიღებდა 2000 ევროს და ყველანაირ ხარჯს დაფარავდა ავსტრიის მხარე. ავსტრიაში წამსვლელს უნდა შეეძინა სამგზავრო ბილეთი თვითმფრინავზე, რომლის ღირებულება შეადგენდა 430 აშშ დოლარს, რაც უნდა გადაეცათ მისთვის და საზღვარგარეთ გასამგზავრებლად ვიზის მიღების საკითხსაც ის მოაგვარებდა.

ავსტრიაში წასვლის სურვილი გამოთქვა დ. მაღრაძემ და შეთანხმდნენ, რომ 2004წ. 6 იანვარს ისინი ერთმანეთს შეხვდებოდნენ გერმანიის საელჩოსთან, მაგრამ ზ. ბ-ს თაღლითური განზრახვა გამომჟღავნდა და მან ვერ მოახერხა დ. მ-საგან 450 აშშ დოლარის მიღება, რაც დაზარალებულ დ. მ-სათვის იქნებოდა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი. იგი დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა. ზ. ბ-მ დანაშაულებრივი ქმედებით დაზარალებულებს – ნ. ნ-ს – 62 ლარის, ხოლო დ. მ-ს, ნ. კ-სა და ლ. წ-ს – 42-42 ლარის ზიანი მიაყენა, რაც მათთვის მნიშვნელოვანი არ არის.

საკასაციო საჩივარში მსჯავრდებული ზ. ბ. ითხოვს მის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენებას იმის გათვალისწინებით, რომ ჰყავს სამი მცირეწლოვანი შვილი და მისი ოჯახი განიცდის მატერიალურ სიდუხჭირეს. საჩივარში კასატორი უთითებს იმასაც, რომ მის მიმართ სასჯელის შემსუბუქების შემთხვევაში დაზარალებულს აუნაზღაურებს მიყენებულ ზიანს.

პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა ზ. ბ-მ მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს.

დაზარალებულმა მ. მ-მა ითხოვა ზიანის ანაზღაურება.

პროკურორმა რ. სისაურმა იშუამდგომლა ზ. ბ-ს მიმართ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 1 მარტის განაჩენის უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ განაჩენი მოცემულ საქმეზე უნდა შეიცვალოს სასჯელის ნაწილში შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ ზ. ბ-ს ქმედება ეპიზოდების მიხედვით ცალ-ცალკე დააკვალიფიცირა რა სსკ-ის 180-ე მუხლის II ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტითა და იმავე მუხლის II ნაწილის “გ“ ქვეპუნქტით, ასევე სსკ-ის 19,180-ე მუხლის II ნაწილის “ბ“ და “გ“ ქვეპუნქტებით, ცალ-ცალკე განუსაზღვრა მას სასჯელის ზომა და მოახდინა მათი ნაწილობრივი შეკრება, მაშინ, როდესაც სასამართლო განაჩენით ზ. ბ-ს მსჯავრი დაედო თაღლითობასა და თაღლითობის მცდელობაში არაერთგზის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. პალატას მიაჩნია, რომ ასეთ ვითარებაში სასამართლოს მსჯავრდებულ ზ. ბ-ს ქმედება უნდა დაეკვალიფიცირებინა სსკ-ის 180-ე მუხლის II ნაწილის “ბ“ და “გ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 19,180-ე მუხლის II ნაწილის “.ბ“ და “გ“ ქვეპუნქტებით და, როგორც არაერთგზის ჩადენილი ერთი და იმავე დანაშაულისათვის, უნდა განესაზღვრა ერთი სასჯელი.

აქედან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ ზ. ბ-ს მითითებული მუხლებით სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატოს მოუხდელი სასჯელის 6 თვე და საბოლოოდ უნდა განესაზღვროს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის I ნაწილის “დ“ ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 1 მარტის განაჩენი ზ. ბ-ს მიმართ შეიცვალოს.

ზ. ბიწაძის ქმედება დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის II ნაწილის “ბ“ და “გ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 19,180-ე მუხლის მუხლის II ნაწილის “ბ“ და “გ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის ზომად განესაზღვროს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 6 თვე და საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვროს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

სხვა ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.