საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 21.03.2005
საქმის ნომერი
2კ-422აპ.-05
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
21.03.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 422-აპ 21 მარტი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე და მომხსენებელი),მ. გოგელია,დ. სულაქველიძე

განიხილა ადვოკატ ო. ს-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 11 ნოემბრის განაჩენზე ე. ჩ-ს მიმართ.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 3 აგვისტოს განაჩენით ე. ჩ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “გ” ქვეპუნქტებით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 11 ნოემბრის განაჩენით ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 3 აგვისტოს განაჩენი ე. ჩ-ს მიმართ დარჩა უცვლელად.

განაჩენით ე.ჩ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ მან ჩაიდინა ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ან ძალადობის მუქარით, ჯგუფთან ერთად, საცავში შეღწევით, რაც გამოიხატა შემდეგში: 2004წ. 30 იანვარს ე. ჩ. იმყოფებოდა სიძის _ მ.ო-ს ბინაში, სადაც საღამოს მივიდა გამოძიებით დაუდგენელი ორი ბიჭი. ისინი შეთანხმდნენ, დაეყაჩაღებინათ თბილისში, რძის კომბინატის უკან მდებარე დაწესებულება. 31 იანვარს, 01-02 საათზე, თავს დაესხნენ ... მდებარე სს “მშენდეტალის” დარაჯს _ ჯ.დ-ს, შეუკრეს ხელ-ფეხი, თავზე ჩამოაცვეს ჯემპრი, დარაჯთან დატოვეს ე.ჩხიტუნიძე, ხოლო დანარჩენებმა გაიტაცეს სს “მშენდეტალის” დირექტორის კუთვნილი ნივთები: 200 ლარად ღირებული 2 ცალი კონდიციონერი “ბკ-2500”, 120 ლარად ღირებული ერთფრთიანი ხის კარი ჩარჩოთი, 20 ლარად ღირებული 50 ცალი “შტაპიკი”, 150 ლარად ღირებული 3 ცალი დრელი, 90 ლარად ღირებული 30 მ მაღალი ძაბვის კაბელი, 330 ლარად ღირებული 11 ცალი ალუმინის ჩარჩო, 100 ლარად ღირებული საკისარი, 12 ლარად ღირებული ელექტრო დაზგა-ხერხი, 10 ლარად ღირებული 2 ცალი ნაჯახი, 200 ლარად ღირებული 2 ცალი საკერავი მანქანა, 30 ლარად ღირებული 1 ცალი საკერავი მანქანის ძრავა, 10 ლარად ღირებული 2 ცალი ხელის ხერხი, 130 ლარად ღირებული 33 ცალი კარ-ფანჯრის საკეტი, 50 ლარად ღირებული 5 ცალი თუნუქის ნაჭერი, 70 ლარად ღირებული 1 ცალი მანქანა “გაზ-53-ის” ძრავას ე.წ. “გალოვკა”, სულ _ 1.630 ლარის ღირებულების ნივთები. გატაცებული ნივთებით დატვირთეს “გაზ-53” მარკის მანქანა, რომელსაც მართავდა ვ. ბიგანოვი მძღოლს მანქანაში ჩაუჯდა ე.ჩხიტუნიძე და გამოძიებისათვის დაუდგენელი ერთი პირი. გატარებული ღონისძიების შედეგად ე.ჩ. იმავე დღეს, 09 საათზე, დააკავეს კახეთის გზატკეცილზე.

მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ო.ს. საკასაციო საჩივრით ითხოვს ე.ჩხიტუნიძის ქმედების დაკვალიფიცირებას დანაშაულის შეუტყობინებლობით და მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებათა გათვალისწინებით მისთვის მოხდილი სასჯელის კმარებას. საკასაციო პალატის სხდომაზე ადვოკატმა შეცვალა საჩივრის მოთხოვნა და ითხოვა საქმის დამატებითი გამოძიებისთვის დაბრუნება.

მსჯავრდებული ე.ჩ. მხარს უჭერს თავისი ინტერესების დამცველი ადვოკატის პოზიციას.

პროკურორი ე.გ. არ ეთანხმება საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს ე.ჩხიტუნიძის მიმართ განაჩენის უცვლელად დატოვებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა რა პროცესის მონაწილეებს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოთხოვნას საქმის დამატებითი გამოძიებისთვის დაბრუნების თაობაზე. საქმეზე როგორც წინასწარი, ისე სასამართლო გამოძიება ჩატარებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით. საქმის განხილვისას არ მომხდარა საპროცესო კანონის ისეთი არსებითი დარღვევა, რაც გავლენას მოახდენდა კანონიერი, საფუძვლიანი და სამართლიანი განაჩენის დადგენაზე და, შესაბამისად, გახდებოდა ე.ჩ-ს მიმართ განაჩენის გაუქმებისა და საქმის დამატებითი გამოძიებისთვის დაბრუნების საფუძველი.

პალატა ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის მოტივს იმის თაობაზე, რომ ე.ჩხიტუნიძეს მონაწილეობა არ მიუღია ყაჩაღობის ჩადენაში. პალატა თვლის, რომ საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, თავად მსჯავრდებულის მიერ წინასწარი გამოძიებისთვის მიცემული აღიარებითი ჩვენებით დადასტურებულია ე.ჩხიტუნიძის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, რასაც სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა.

ამასთან, პალატა ითვალისწინებს რა მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ, იმას, რომ ე.ჩ. წარსულში ნასამართლევი არ არის, ხასიათდება დადებითად, არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის გამართული ბრძოლების მონაწილე, ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი, არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი, გატაცებული ნივთები დაუბრუნდა დაზარალებულს, მიზანშეწონილად თვლის, ე.ჩხიტუნიძეს დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს 1 წლით და სასჯელის ზომად განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმი _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 562-ე, 565-ე, 568-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 11 ნოემბრის განაჩენი ე. ჩ-ს მიმართ შეიცვალოს იმ მიმართებით, რომ დანიშნული სასჯელი _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა _ შეუმცირდეს 1 წლით და განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.