დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 28.04.2020
საქმის ნომერი
ბს-38(2კ-19)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
28.04.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ბს-38 (2კ-19) 28 აპრილი, 2020წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.09.2018წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ჭ-მა 01.11.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, ნ. ჭ-ის 8000 ლარით დაჯარიმების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 02.11.2016წ. №001493 დადგენილების და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 03.10.2017წ. №1-2137 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.03.2018წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 03.10.2017წ. №1-2137 ბრძანება, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ნ. ჭ-ის 8000 ლარით დაჯარიმების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 02.11.2016წ. №001493 დადგენილება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.09.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა სასკ-ის 32.4 მუხლის შესაბამისად, ვინაიდან ადმინისტრაციული ორგანოების მიერ სადავო აქტების გამოცემისას სრულყოფილად არ იქნა შესწავლილი ნ. ჭ-ის მიერ წარდგენილი 1950-1957, 1992, 1996, 2007, 2010, 2011 წლებით დათარიღებულ საინვენტარიზაციო გეგმები, აგრეთვე საცხოვრებელი სახლის ტექნიკური პასპორტი და ნახაზები. სასამართლოს მითითებით შეფასებას საჭიროებდა აღნიშნულ დოკუმენტებში ასახული უძრავი ქონების და საქმის განხილვის დროს არსებული ფაქტობრივი მდგომარეობა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ გასაჩივრებული აქტები არ შეიცავს სათანადო დასაბუთებას, თუ რა საფუძვლით არ იქნა გაზიარებული ნ. ჭ-ის მითითება აღნიშნულ დოკუმენტებზე. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გარდა ზემოთმითითებული გარემოებისა, საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოკვლეული უნდა იქნას სამშენებლო სამუშაოების განხორციელების დრო და განმახორციელებელი სუბიექტი, უნდა ემსჯელა აგრეთვე იმაზე თუ რამდენად ქმნის მითითებული დარღვევები ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ საფუძველზე მოსარჩელის მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების სამართლებრივ საფუძველს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.09.2018წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის (ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფლებამონაცვლის) და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.

კასატორები გასაჩივრებული განჩინების გაუქმების გზით სარჩელის უარყოფის თაობაზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას ითხოვენ და აღნიშნავენ, რომ არასწორია სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება, ვინაიდან ნ. ჭ-ის სარჩელი არ შეიცავს კონკრეტულ დასაბუთებას იმისა თუ რატომ ეწინააღმდეგება გასაჩივრებული აქტები კანონმდებლობას და რა გარემოება არ გამოიკვლია ადმინისტრაციულმა ორგანომ, ამასთანავე, ნ. ჭ-ი ვერ ასაბუთებს გასაჩივრებული აქტებით მისთვის ზიანის მიყენებას. არასწორია სასამართლოების დასკვნა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გასაჩივრებული აქტების გამოცემისას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე დატოვების თაობაზე, გაურკვეველია რა გარემოება უნდა გამოიკვლიოს ორგანომ საკითხის ხელახალი განხილვის დროს. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ ნ. ჭ-ის მიმართ გაცემული მითითება ეხებოდა ქ. თბილისში ...ის ქუჩა N2/...ის გამზ. N57-ში არსებულ მრავალბინიან შენობაზე განხორციელებულ უნებართვო სამშენებლო სამუშაოებს, კერძოდ ფართის მიშენებას, ფილაქანის მოწყობას და ლითონის კონსტრუქციის - კარადის განთავსებას. ნ. ჭ-ის მიერ მითითების შეუსრულებლობის გამო იგი დაჯარიმდა 8000 ლარით. საქმეზე სამართალდარღვევის არსებობა დასტურდება თუნდაც იმით, რომ ნ. ჭ-მა მოითხოვა ჩატარებულ სამუშაოზე ნებართვის გაცემა, რაზეც მიიღო უარი. შეუძლებელია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სასამართლოს დავალების შესრულება ახალი აქტის გამოცემის თაობაზე, ვინაიდან იმ შემთხვევაში, თუ ორგანო შემოწმებას ჩაატარებს და აღმოჩნდება, რომ ადგილი აქვს სამშენებლო სამართალდარღვევას, უნდა გამოიცეს მითითება, რაც არ არის აქტი. მითითება არის წარმოების დაწყების საფუძველი, რომელიც საჩივრდება დადგენილებასთან ერთად, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ორგანოს დარღვევა გამოსწორებული დახვდება, მაშინ არანაირი აქტი არ გამოიცემა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია საკასაციო საჩივარში დამატებით აღნიშნავს, რომ ნ. ჭ-ს პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ფართის მიშენებისა და კიბის გაბარიტის გაზრდის გამო, ვინაიდან მითითებული სამუშაოების არსებობა არ დასტურდება ქ. თბილისის მერიის საქალაქო მმართველობის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის 25.03.1992წ. №5.55.10 გადაწყვეტილებით, რომლითაც დაკანონებული იქნა შემინული აივანი და კიბე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარებიან დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ §76; ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ §71; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა. საქმის მასალებით დასტურდება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ ნ. ჭ-ის მიმართ მითითების გაცემა, რომელიც ეხებოდა ქ. თბილისში ...ის ქუჩა N2/...ის გამზ. N57-ში არსებულ მრავალბინიან შენობაზე განხორციელებულ უნებართვო სამშენებლო სამუშაოებს, კერძოდ ფართის მიშენებას, ფილაქანის მოწყობას და ლითონის კონსტრუქციის - კარადის განთავსებას. ნ. ჭ-ის მიერ მითითების შეუსრულებლობის გამო, იგი დაჯარიმდა 8000 ლარით და დაევალა მითითებულ ნაგებობათა დემონტაჟი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება ნ. ჭ-ის 8000 ლარით დაჯარიმების და დემონტაჟის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 02.11.2016წ. №001493 დადგენილების სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობის შესახებ, რადგან ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.) მართალია სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას (სუსგ 12.03.2020წ. ბს-1367 (2კ-18)). განსახილველ შემთხვევაში გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები, რაზეც მართებულად იქნა მითითებული სააპელაციო სასამართლოს განჩინებით.

დაუსაბუთებელია კასატორების მოსაზრება სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობის თაობაზე. სააპელაციო პალატის მიერ მითითებული იქნა გარემოებებზე, რომლებიც საჭიროებდნენ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დამატებით კვლევას. სკ-ის მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები) სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სასამართლოს გადაწყვეტილების აღრულების მიზნით შესაბამისი გარემოებების კვლევის შედეგად მიიღოს ახალი აქტი. სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო და სამოტივაციო ნაწილების გათვალისწინებით შეუძლებელია საკასაციო პალატის მიერ მითითებული იქნას კონკრეტულად რა სახის აქტი უნდა გამოსცეს ორგანომ. ინდივიდუალ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიიჩნევა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის უფლებებსა და მოვალეობებს (სზაკ-ის 2.1 მუხ. „დ“ ქვ.პ.). საქმეზე მთელი რიგი გარემოებების გამოკვლევის საჭიროების გათვალისწინებით სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შედეგად მისაღები აქტის სახეს და შინაარსს განსაზღვრავს ადმინისტრაციული ორგანო.

გარდა მითითებული გარემოებებისა, გასაჩივრებული აქტები არ შეიცავს სადავო საკითხის თაობაზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მოსაზრებაზე მითითებას. ამდენად, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებისას ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა იმსჯელოს წარმოებაში დაინტერესებული პირის სახით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მოწვევის საჭიროებასა და მოსაზრებების მოსმენაზე (სზაკ-ის მე-13 მუხ.).

აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნენ დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნენ დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.09.2018წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი