დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 28.04.2020
საქმის ნომერი
ბს-264-264(კ-18)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
28.04.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ბს-264-264 (კ-18) 28 აპრილი, 2020წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სს ,,...ას“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.11.2017წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს „...ამ“ 28.04.2016წ. სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის და შპს „...ის“ მიმართ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წყალტუბოს სარეგისტრაციო სამსახურის 30.12.2011წ. №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით იმ ნაწილში, რომლითაც შპს ,,...ის’’ საკუთრებად დარეგისტრირდა სს ,,...ას’’ კუთვნილი მიწის ნაკვეთი (ს/კ ...).

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით საქმეში მესამე პირად იქნა ჩაბმული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.05.2017წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „...ამ“.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.11.2017წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმეში დაცული მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა გასაჩივრებული აქტის უკანონობა, სასამართლომ მიუთითა შპს „...ის“ და სს ,,...ას’’ სახელზე საკუთრების უფლებათა რეგისტრაციის ქრონოლოგიაზე, აგრეთვე ტექნიკური აღრიცხვის არქივში შპს „...ის“ სახელზე სხვა შენობებთან ერთად სადავო შენობის აღრიცხვაზე, სატრანსფორმატორო ჯიხურის ნომერზე, მხარეთა კუთვნილი შენობების განსხვავებულ მისამართებზე აღრიცხვაზე და აღნიშნა, რომ არ დასტურდებოდა შპს „...ის“ საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე გასაჩივრებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლების არსებობა.

განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „...ამ“, რომელიც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების გზით სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა. კასატორმა მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეზე არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, არ იქნა გათვალისწინებული, რომ სს „...ა“ სადავო ქონების კეთილსინდისიერი შემძენია, რომლის საკუთრების უფლების რეგისტრაცია უკანონოდ განხორციელდა შპს „...ის“ სახელზე გასაჩივრებული გადაწყვეტილებით. საჯარო რეესტრი ვალდებული იყო შპს „...ის“ განცხადებაზე შეეჩერებინა სარეგისტრაციო წარმოება, ვინაიდან განცხადება ეხებოდა სს „...ას“ კუთვნილი უძრავი ქონების შპს „...ის“ სახელზე რეგისტრაციას. არასწორია სასამართლოს დასკვნა, რომ თავდაპირველად შპს „...ის“ სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია ადასტურებს სარჩელის უსაფუძვლობას, ვინაიდან აღნიშნული დასკვნა სასამართლომ გააკეთა შპს „...ის“ სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის კანონიერების შემოწმების გარეშე, სასამართლომ არ გამოიკვლია აღნიშნული რეგისტრაციის დროს შპს „...ის“ საკუთრებად სს „...ას“ კუთვნილი უძრავი ქონების რეგისტრაციის საკითხი. აღნიშნულიდან გამომდინარე უსამართლოა საკითხის გადაწყვეტა მხოლოდ რეგისტრაციების ქრონოლოგიის გათვალისწინებით. არასწორია აგრეთვე მიწის ნაკვეთის კონფიგურაციაზე მითითებით რეგისტრაციის კანონიერად მიჩნევა, ვინაიდან საქმეში არ არსებობს დოკუმენტაცია, რომლითაც სადავო ქონების ზუსტი ადგილმდებარეობა დადგინდებოდა.

სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ საწარმოთა მართვის სააგენტოს 13.06.2006წ. №N1-3/414 ბრძანებით სს „ს...ას“ საკუთრებაში გადაეცა ქ. წყალტუბოში, ...ის ქ. N№...-ში მდებარე ... კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა - სატრანსფორმატორო პუნქტი. აღნიშნული უძრავი ქონება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში (ს/კ ...), 04.06.2007წ. გაიცა შესაბამისი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. მითითებული ქონება 29.06.07 წლის ხელშეკრულებით შეძენილ იქნა სს „...ას“ მიერ და საკუთრების უფლება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. სს „...ას“ მისი კუთვნილი ნივთი არ გაუსხვისებია, არც არავის სადაოდ არ გაუხდია ან/და გაუუქმებია უფლება და დღესაც სს „...აა“ რეგისტრირებული სატრანსფორმატორო პუნქტის მესაკუთრედ. სატრანსფორმატორო პუნქტი თავისი დანიშნულებიდან გამომდინარე, საჭიროებს მუდმივ ექსპლუატაციას, რასაც დღემდე უზრუნველყოფს მხოლოდ სს „...ა“, რომელიც ფაქტობრივად ფლობს ამ ნივთს და მართავს მას, რაც არავის მხრიდან სადავო არასდროს ყოფილა. მოძრავი ნივთის - ტრანსფორმატორის კუთვნილება და სადავო შენობასთან ერთად სატრანფორმატორო პუნქტის შეძენის თაობაზე ნასყიდობის ხელშეკრულება სადავო არ გამხდარა, . შპს „...მა" სს „...ას“ მიმართა თხოვნით გაეტანათ სს „...ას“ კუთვნილი ტრანსფორმატორი ...ის ტერიტორიიდან და არ არის სადავო, რომ ტრანსფორმატორი ელექტროგადამცემი ქსელის ნაწილია, ქსელის განლაგება არ შეცვლილა და დღიდან გამანაწილებელი საქმიანობის დაწყებისა, კასატორი შეუფერხებლად უწევს მას ექსპლოატაციას. სასამართლომ არ გამოიკვლია ენერგოკომპანიის მიერ შეძენილი და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ქონების ადგილმდებარეობა.

სასამართლოს მიერ მხედველობაში არ იქნა მიღებული, რომ პუნქტების რეესტრი, რასაც სასამართლო დაეყრდნო, არის ნასყიდობის ხელშეკრულების დანართი, სადაც სატრანსფორმატორო პუნქტებია ჩამოთვლილი არა ტრანსფორმატორის ნომრების, არამედ რიგითობის მიხედვით. აღნიშნულის გამო სასამართლოს მიერ არასწორად იქნა მითითებული ტრანსფორმატორის ნუმერაციის თაობაზე. საქმისათვის არსებითი მნიშვნელობა არ უნდა მინიჭებოდა იმ გარემოებას, თუ რა ნომრით რიცხული ტრანსფორმატორი დგას სადაო სატრანსფორმატორო პუნქტში. ენერგო კომპანიის საქმიანობისათვის აუცილებელი ქონების შპს „...ისთვის“ მიკუთვნება უარყოფითად აისახება მომხმარებელთა ინტერესებზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, სს ,,...ას’’ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ §76; ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ §71; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა. საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის საფუძვლების არსებობა. საქმეში დაცული სარეგისტრაციო დოკუმენტაციით დასტურდება შპს „...ის“ სახელზე 30.12.2011წ. საკუთრების უფლებით … კვ.მ. მიწის ნაკვეთის და მასზე არსებული 7 შენობა-ნაგებობის აღრიცხვა. მითითებულ შენობა-ნაგებობათა შორის აღირიცხა №... შენობა, ფართით ... კვ.მ.. სს ,,...ა’’ თვლის, რომ 30.12.2011წ. საკუთრების უფლების რეგისტრაცია არასწორია იმ ნაწილში, რომლითაც სატრანსფორმატორო პუნქტი აღრიცხა შპს „...ის“ სახელზე საკუთრების უფლებით. კასატორის მოსაზრებით აღნიშნული რეგისტრაციით სს ,,...ას’’ საკუთრებაში არსებული სატრანსფორმატორო პუნქტის აღრიცხვა მოხდა შპს „...ის“ სახელზე, რა დროსაც მხედველობაში არ იქნა მიღებული სს ,,...ას’’ საკუთრების უფლება აღნიშნულ უძრავ ნივთზე. საკასაციო პალატა დაუსაბუთებლად მიიჩნევს აღნიშნულ მოსაზრებას, ვინაიდან საქმის მასალებით არ დასტურდება წყალტუბოში, ...ის ქ.№...-ში სს ,,...ას’’ სახელზე რეგისტრირებული საკუთრების ობიექტის აღრიცხვა შპს „...ის“ სახელზე. სადავო რეგისტრაციის განხორციელებამდე სადავო შენობა, მის მიმდებარედ არსებულ სხვა შენობებთან ერთად წყალტუბოს ...ს გადაცემული ჰქონდა 04.10.1995წ., კოლექტივსა და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს წყალტუბოს განყოფილებას შორის გაფორმებული იჯარა-გამოსყიდვის №99 ხელშეკრულების საფუძველზე (ტ.1. ს.ფ. 44-46). მითითებული უძრავი ქონების, მათ შორის ელექტროქვესადგურის შენობა საჯარო რეესტრში 01.11.2002წ. დარეგისტრირდა შპს ,,...ის“ საკუთრებად (ს/კ ...), ხოლო შემდგომში დაზუსტებული რეგისტრაციის სახით აღირიცხა 30.12.2011წ.. გარდა საჯარო რეესტრში ასახული მონაცემებისა, შპს ,,...ის“ უფლებას ელექტროქვესადგურზე ადასტურებს აგრეთვე საქმეში დაცული ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივის მასალები, რომლითაც ირკვევა, რომ წყალტუბოს ...ის დირექტორის მიერ 05.04.1976წ. წყალტუბოს კომუნალური მეურნეობის ტექნიკური საინვეტარიზაციო ბიუროს უფროსისადმი მიმართვის შედეგად ჩატარდა შენობა ნაგებობების ინვენტარიზაცია, პასპორტიზაცია და დამზადდა ტერიტორიის ნახაზი, სადაც სხვა ნაგებობებთან ერთად მითითებულია აგრეთვე ელექტრო სადგური (ტ.2. ს.ფ. 108-111). საქმის მასალებით არ დგინდება, რომ შპს ,,...ის“ საკუთრებად რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე განხორციელდა კონფიგურაციის ცვლილება. სატრანსფორმატორო პუნქტი, რომელიც საქმის მასალებში ასახულია, როგორც შპს ,,...ის“ საკუთრებაში არსებული 7 შენობიდან №... სადავო შენობა, მდებარეობს ამავე საწარმოს კუთვნილ №... და №... შენობებს შორის.

სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლობას ადასტურებს აგრეთვე სს ,,...ას’’ სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული შენობის განსხვავებულ მისამართზე, კერძოდ, წყალტუბოში, ...ის ქ.№...-ში განთავსება. სს ,,...ას’’ მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი აღნიშნული მისამართების (...ის ქ.№... და ...ის ქ.№...) აღრევის ან ნუმერაციის ცდომილების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება. მოთხოვნის უსაფუძვლობას ადასტურებს აგრეთვე შპს ,,...ის“ საკუთრებად რეგისტრირებული №... სადავო შენობის (... კვ.მ.) და სს ,,...ას’’ საკუთრებად რეგისტრირებული შენობის (... კვ.მ.) ფართების სხვაობა (ტ.1.ს.ფ.153).

მოთხოვნის საფუძვლიანობას არ ადასტურებს კასატორის მიერ მითითებული გარემოება, რომ ტრანსფორმატორის სადავო შენობიდან გატანის თაობაზე შპს ,,...მა“ მიმართა სს ,,...ას’’ და რომ აღნიშნული ჯიხურის ექსპლოატაციას და მოვლას უზრუნველყოფს კასატორი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოძრავი ნივთის - ტრანსფორმატორის სხვა მესაკუთრის - შპს ,,...ის“ შენობაში განთავსება და მისი დანიშნულებისამებრ ექსპლოატაცია არ წარმოშობს სს ,,...ას’’ საკუთრების უფლებას შენობაზე.

საფუძველს მოკლებულია კასატორის მოსაზრება საკუთრების უფლების რეგისტრაციის ქრონოლოგიის გათვალისწინებით დავის გადაწყვეტის უსამართლობის თაობაზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მითითებულ საკითხზე ჩამოყალიბებულია მყარი სასამართლო პრაქტიკა, რომლითაც მიჩნეულია, რომ ერთი და იგივე ობიექტზე ორი ჩანაწერის კონკურენციისას უპირატესობა ენიჭება იმ უფლებას, რომელიც ქრონოლოგიურად უფრო ადრე არის რეგისტრირებული, ვიდრე წინმსწრები (იხ. სუსგ საქმე ბს-359-349(4კ-13) 24.04.2014წ.). განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ სადავო რეგისტრაციით შპს ,,...ის“ საკუთრებად დარეგისტრირდა სს ,,...ას’’ კუთვნილი შენობა, ამდენად, გარდა იმისა, რომ ერთი და იმავე ობიექტზე ჩანაწერების კონკურენციის შემთხვევაში მართებული მოსზრება გამოთქვა სააპელაციო სასამართლომ, არ დასტურდება ერთი და იმავე ობიექტზე კონკურენტული ჩანაწერის არსებობა.

არარელევანტურია კასატორის მოსაზრება სს ,,...ას’’ კუთვნილი შენობის ადგილმდებარეობის გარკვევის გარეშე საკითხის გადაწყვეტის გარეშე, აგრეთვე სს ,,...ას’’ საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტის ძალაში ყოფნის პირობებში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უსწორობის თაობაზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველი დავის საგანია შპს ,,...ის“ საკუთრების უფლების რეგისტრაცია სატრანსფორატორო პუნქტზე, ხოლო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს (საკ-ის 281 მუხ.), ამდენად, სასამართლო არ არის უფლებამოსილი განსახილველ დავაში შეამოწმოს სს ,,...ას’’ საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტის მართებულობა, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც არ დასტურდება ერთი და იგივე ობიექტზე კონკურენტული ჩანაწერის არსებობა. ამდენად, სს ,,...ას’’ საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტის და რეგისტრაციის ძალაში ყოფნის საკითხი გავლენას ვერ მოახდენს დავის გადაწყვეტაზე.

კასატორის მითითება სატრანსფორმატორო პუნქტების ნუმერაციის სხვაობის თაობაზე სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის უსწრობაზე არ ადასტურებს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლის არსებობას, ვინაიდან თავად კასატორი აღნიშნავს, რომ ამ საკითხს არ აქვს არსებითი მნიშვნელობა დავის გადაწყვეტისათვის. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ აღნიშნული საკითხი მითითებული იქნა დამატებით გარემოებად. მხოლოდ სატრანსფორმატორო ჯიხურების ნუმერაციებს შორის სხვაობის გათვალისწინებით არ გადაწყვეტილა განსახილველი დავა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს ,,...ას“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.11.2017წ. განჩინება;

3. სს ,,...ას“ (ს/კ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 31.01.2018წ. N33355001 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი