ნაწილობრივ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
კერძო საჩივრის ნაწილობრივ განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე Nბს-523 (კს-19) 31 მაისი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ე. ტ-ის, ა. ტ-ის, მ. ტ-ის, ლ. ტ-ისა და გ. თ-ის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.01.2019წ. განჩინებაზე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.01.2019წ. განჩინებით ე. ტ-ის, ა. ტ-ის, მ. ტ-ის, ლ. ტ-ისა და გ. თ-ის სააპელაციო საჩივარი ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 24.10.2018წ. გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.01.2019წ. განჩინებაზე ი. მ-მ 22.03.2019წ. კერძო საჩივარი წარადგინა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ჯ. ტ-ის, ე. ტ-ის, ა. ტ-ის, მ. ტ-ის, ფ. ტ-ისა და თ. ტ-ის სახელით.
საკასაციო სასამართლოს 19.04.2019წ. განჩინებით დადგინდა ხარვეზი და კერძო საჩივრის ავტორებს დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში კერძო საჩივრის ავტორების დაზუსტებული მითითებით, უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი კერძო საჩივრისა და სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა. ასევე განემარტათ, რომ მითითებულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, კერძო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.
ი. მ-მ ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით 21.05.2019წ. მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და წარმოადგინა დაზუსტებული კერძო საჩივარი ე. ტ-ის, ა. ტ-ის, მ. ტ-ის, ლ. ტ-ისა და გ. თ-ის სახელით შესაბამის მინდობილობებთან და სახელმწიფო ბაჟის ქვითართან ერთად.
საკასაციო პალატა თვლის, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოში 21.05.2019წ. წარმოდგენილი კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული გ. თ-ის ნაწილში.
სსსკ-ის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე, ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ დაიშვება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61.3 მუხლის შესაბამისად საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. სსსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთი, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, რჩება განუხილველად.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.01.2019წ. განჩინების ასლი საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა ე. ტ-ს, ა. ტ-ს, მ. ტ-ს, ლ. ტ-სა და გ. თ-ს 06.02.2019წ. და პირადად ჩაბარდა გ. თ-ს 08.02.2019წ. (ტ.1, ს.ფ.330). მხარისათვის (გ. თ-ისათვის) აღნიშნული განჩინების გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 20.02.2019წ. (ოთხშაბათი) 24 საათი. კერძო საჩივარი გ. თ-ის სახელით წარმომადგენელმა ი. მ-მ წარმოადგინა 20.05.2019წ. ამდენად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.01.2019წ. განჩინება გ. თ-ის მიერ გასაჩივრებულია გასაჩივრების 12 დღიანი ვადის დარღვევით, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსკ-ის 396.3 მუხლის თანახმად, გ. თ-ის, ე. ტ-ის, ა. ტ-ის, მ. ტ-ისა და ლ. ტ-ის კერძო საჩივარი გ. თ-ის ნაწილში დატოვებულ უნდა იქნას განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე, 416-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.01.2019წ. განჩინებაზე გ. თ-ის, ე. ტ-ის, ა. ტ-ის, მ. ტ-ისა და ლ. ტ-ის კერძო საჩივარი გ. თ-ის ნაწილში დატოვებულ იქნეს განუხილველად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი