შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი

სისხლის სამართლის 19.05.2005
საქმის ნომერი
2კ-45აპ.-05
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
19.05.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 45-აპ 19 მაისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),მ. გოგელია (მომხსენებელი),დ. სულაქველიძე

განიხილა მსჯავრდებულ ზ. ბ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ტ. ჩ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 20 დეკემბრის განაჩენზე, რომლითაც მცხეთის რაიონული სასამართლოს განაჩენში ზ. ბ-ს მიმართ შევიდა ცვლილება.

აღწერილობითი ნაწილი:

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 16 ივლისის განაჩენით ზ. ბ.ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

აღნიშნულ განაჩენში თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 20 დეკემბრის განაჩენით შევიდა შემდეგი ცვლილება: ზ. ბ-ს შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა 1 წლით და სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.

განაჩენით ზ. ბ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, ე.ი. სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და დაკავშირებულია საერთო შრომისუნარიანობის მყარ, არანაკლებ ერთი მესამედის დაკარგვასთან, რაც გამოიხატა შემდეგში:

2004წ. 5 ივნისს მცხეთის რაიონის სოფ. მ.ში მდებარე აგრარული უნივერსიტეტის მეურნეობის დასახლებაში არსებულ კორპუსთან ზ. ბ-მა, მისმა მეზობელმა ვ. ჩ-მა და სხვა თანასოფლელებმა გარდაცვლილი ახლობლის ხსოვნის საპატივცემულოდ გაშლილ სუფრაზე დალიეს ალკოჰოლური სასმელი. დაახლოებით 22 საათსა და 30 წუთზე, მას შემდეგ, რაც სტუმრები წავიდნენ, ზ. ბ. და გ. ჩ. გავიდნენ იქვე, თავიანთი საცხოვრებელი ორსართულიანი კორპუსის გვერდზე არსებულ მდელოზე, სადაც მათ მოუხდათ შელაპარაკება და ერთმანეთს დაეჭიდნენ, რა დროსაც გ. ჩ-მა წააქცია ზ. . ბ ამაზე განაწყენებულმა ზ. ბ-მა ჯიბიდან ამოიღო დანა და ორჯერ დაარტყა ვ. ჩ-ს გულმკერდისა და მუცლის არეში, რითაც მიაყენა მას სიცოცხლისათვის საშიში, მძიმე ხარისხის დაზიანება.

საკასაციო საჩივრით ადვოკატი ტ. ჩ. ითხოვს განაჩენის გაუქმებას და ზ. ბ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას, რასაც ასაბუთებს იმით, რომ მთვრალი ვ. ჩ. თავს ესხმოდა ზ. ბ-ს, ყელში წაუჭირა ხელი და ახრჩობდა. ვ. ჩ-ს თავდასხმისაგან თავდასაცავად და სიცოცხლის გადასარჩენად ზ. ბ-მა გამოიყენა დანა, რა დროსაც დაჭრა ვ. ჩ.. ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ მსჯავრდებული აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იმყოფებოდა.

მსჯავრდებული ზ. ბ. და მისი ადვოკატი ტ. ჩ. მხარს უჭერენ საკასაციო საჩივრის მოთხოვნას.

საკასაციო პალატის სხდომაზე დაზარალებული ტ. ჩ. განმარტავს, რომ მსჯავრდებული მისი მეზობელი და თანასოფლელია. მომხდართან დაკავშირებით მის მიმართ რაიმე პრეტენზია არ გააჩნია, ისინი შერიგდნენ და მისი სურვილია, მსჯავრდებულმა არ მოიხადოს სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით.

პროკურორი დ. მ. ითხოვს ზ. ბ-ს მიმართ განაჩენის უცვლელად დატოვებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ გამოიკვლია საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს და მიიჩნევს, რომ განაჩენი უნდა შეიცვალოს მსჯავრდებულ ზ. ბ-ს სასიკეთოდ შემდეგ გარემოებათა გამო:

მსჯავრდებულმა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და დანაშაულის ჩადენის ვითარებასთან დაკავშირებით განმარტა შემდეგი: დაზარალებულთან აქვს კარგი, მეზობლური დამოკიდებულება. 2004წ. 5 ივნისსაც ერთად იყვნენ და დალიეს სასმელი მეზობლის წლისთავზე, ამის შემდეგ ორივენი წამოვიდნენ სახლში და გზაში გართობის მიზნით დაიწყეს ჭიდაობა, რა დროსაც ფიზიკურად უფრო ძლიერმა ვ. ჩ-მა რამდენჯერმე დაანარცხა მიწაზე და ხელიც წაუჭირა კისერში. როგორც მსჯავრდებული განმარტავს, თვითონ ვ. ჩ. ხელმოჭერის ძალას ვერ გრძნობდა, რადგან მთვრალი იყო. სწორედ მისგან თავის დაღწევის მიზნით ამოიღო მან საკეცი ჯიბის დანა და რამდენჯერმე გამოიყენა. ვ. ჩ-სათვის მძიმე დაზიანების მიყენების განზრახვა მას არ ჰქონია, ინანიებს ჩადენილ ქმედებას და წუხს ამის თაობაზე. დაზარალებულმა ვ. ჩ-მა მსჯავრდებულის ეს ჩვენება მთლიანად დაადასტურა საქმის სასამართლოში განხილვისას (სააპელაციო სასამართლოში დაზარალებული დაკითხული არ არის) და საკასაციო პალატის სხდომაზე. ის გარემოება, რომ განსასჯელი ფიზიკურად ბევრად უფრო სუსტია და ვ. ჩ-საგან თავს თავისი ძალებით ვერ დაიხსნიდა, დასტურდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითაც, რომლის თანახმად, ზ. ბ-ს აღენიშნება სხეულზე მრავლობითი დაზიანებები. გარდა ამისა, საქმეშია მსჯავრდებულის სამედიცინო ცნობა, გაცემული ოფიციალური უწყების _ პოლიკლინიკის მიერ, რომლითაც დასტურდება, რომ იგი დაავადებულია თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებით, კუჭის 2/3-ის რეზექციით და დღემდე საჭიროებს გეგმიურ ოპერატიულ მკურნალობას.

ასეთ ვითარებაში საკასაციო პალატას შეექმნა რწმენა იმისა, რომ ზ. ბ-ს ნამდვილად არ ჰქონდა დაზარალებულისათვის მძიმე დაზიანების მიყენების განზრახვა და გამოიყენა რა დანა მის მოსაგერიელებლად, გადააცილა აუცილებელი მოგერიების ფარგლებს.

აღნიშნული საკითხის გადაწყვეტისას საკასაციო პალატა ითვალისწინებს დაზარალებულ ვ. ჩ-ს პოზიციას, რომელიც მან დააფიქსირა საკასაციო პალატის სხდომაზე, კერძოდ, დაზარალებულმა განმარტა, რომ მსჯავრდებული მისი მეზობელი და თანასოფლელია, მათ შორის რაიმე მტრობას ადგილი არა აქვს, მომხდართან დაკავშრებით მის მიმართ რაიმე პრეტენზია არ გააჩნია, ისინი შერიგდნენ და მისი სურვილია, მსჯავრდებულმა არ მოიხადოს სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით.

საკასაციო პალატამ გააანალიზა ზემოთ მითითებული გარემოებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზ. ბ-ს ქმედება უნდა გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 122-ე მუხლზე და, შესაბამისად სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “თ” ქვეპუნქტისა და სსკ-ის 69-ე მუხლისა, იგი გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “თ” ქვეპუნქტით, 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით, სსკ-ის 69-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 20 დეკემბრის განაჩენი შეიცვალის იმ მიმართებით, რომ ზ. ბარსეგიანის ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით, გადაკვალიფიცირდეს ამავე კოდექსის 122-ე მუხლზე და, დაზარალებულთან შერიგების გამო, გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან. მსაჯვრდებული ზ. ბ. დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან.

პალატის განჩინება საბოლოოა არ საჩივრდება.