საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 17.03.2005
საქმის ნომერი
2კ-64აპ.-05
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
17.03.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 64-აპ 17 მარტი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გაბრიჩიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მ. ისაევი,ი. ბიბილაშვილი

განიხილა დაზარალებულის უფლებამონაცვლის _ რ. ხ-სა და მსჯავრდებულ ო. ი-ს საკასაციო საჩივრები ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 21 იანვრის განაჩენზე, რომლითაც წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 26 ოქტომბრის განაჩენში ო. ი-ს მიმართ შევიდა ცვლილება.

აღწერილობითი ნაწილი:

წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 26 ოქტომბრის განაჩენით ო. ი. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილითა და 188-ე მუხლის პირველი ნაწილით. სასჯელის ზომად მას განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

განაჩენის მიხედვით ო. ი-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

2004წ. 6 იანვარს, დაახლოებით 19 საათსა და 30 წუთზე, ქუთაისიდან ხონის მიმართულებით მოძრაობდა“ფორდ-ტრანზიტის” მარკის მიკროავტობუსი, რომელსაც მართავდა ო.ი.. წყალტუბოს რაიონის სოფ. …, ქუთაისი-ხონის საავტომობილო გზის მე-17 კილომეტრზ, დაახლოებით 60 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობისას შემხვედრი მიმართულებით მოძრავმა, დაუდგენელი მარკისა და სახელმწიფო ნომრის მქონე ა/მანქანის მძღოლმა ჩართო შორს მაშუქი ფარები, რის გამოც მძღოლ ო. ი-ს თვალი მოეჭრა და, მიუხედავად იმისა, რომ ამ შემთხვევაში ვალდებული იყო, გაეთვალისწინებინა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ კანონის 29.1 და 38.2 მუხლების მოთხოვნები და თვალის მოჭრის შემთხვევაში მისი სავალი ზოლის შეუცვლელად ჩაერთო ავარიული სიგნალი, შეენელებინა სვლა და გაეჩერებინა ა/მანქანა. მან კი განაგრძო სვლა და დაახლოებით 70 მეტრის გავლის შემდეგ მის სავალ ზოლში შეეჯახა ცხენშებმულ საჭაპანო საშუალებას, რის შედეგადაც საჭაპანო საშუალებაზე მჯდომთაგან ე. ხ-მ მიიღო სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება, რასაც მოჰყვა მისი სიკვდილი, ხოლო თ. დ-მ და ე. გ-ემ _ სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება. საჭაპანო საშუალებაზე შეჯახების შედეგად მოკვდა მასში შებმული ს. გ-ს კუთვნილი ცხენიც.

აღნიშნული ქმედებით დაზარალებულ რ. ხ-ს მიადგა 21800 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი, ს. გ-ს _ 650 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი, ხოლო თ. დ-ს _ 300 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

აღნიშნულ განაჩენში ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 21 იანვრის განაჩენით სასჯელის ნაწილში შევიდა ცვლილება. კერძოდ: ო. ი-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

დაზარალებულის უფლებამონაცვლე რ. ხ. საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 21 იანვრის განაჩენის, როგორც ლმობიერის, გაუქმებას და სასჯელის გამკაცრებისა და სამოქალაქო სარჩელის დაკმაყოფილების მიზნით საქმის დაბრუნებას ხელახლა განსახილველად წყალტუბოს რაიონულ სასამართლოში.

მსჯავრდებული ო. ი. საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 21 იანვრის განაჩენის გაუქმებასა და სასჯელის შემსუბუქებას.

პალატის სხდომაზე დაზარალებულის უფლებამონაცვლე რ. ხ-მ იშუამდგომლა საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ.

პროკურორმა მ. ჯ-მ კანონიერად მიიჩნია დადგენილი განაჩენი და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვების შესახებ.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე გამოძიება და სასამართლო გამოკვლევა ჩატარებულია სრულყოფილად და საპროცესო კანონმდებლობის დაცვით. განაჩენით მსჯავრდებულზე შერაცხული ბრალდებები საქმის მასალებით დადგენილია და ამას სადავოდ არც საკასაციო საჩივრები ხდის.

პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განაჩენი კანონიერი და სამართლიანია. სასჯელის განსაზღვრის დროს სრულად არის გათვალისწინებული პასუხისმგებლობის როგორც დამამძიმებელი, ასევე _ შემამსუბუქებელი გარემოებები, რის გამოც დანიშნული სასჯელის შემსუბუქების რაიმე კანონიერი საფუძველი არ არსებობს.

ასევე უსაფუძვლოა დაზარალებულის უფლებამონაცვლის _ რ. ხ-ს საკასაციო საჩივრის მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ სამოქალაქო სარჩელის განხილვისა და დაკმაყოფილების მიზნით საქმე დაუბრუნდეს ხელახლა განსახილველად წყალტუბოს რაიონულ სასამართლოს. პალატა თვლის, რომ როგორც რაიონულმა, ისე სააპელაციო სასამართლოებმა სწორედ უთხრეს მას უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე, დატოვეს განუხილველად და განუმარტეს დაზარალებულ რ. ხ-ს, რომ სხვა დაზარალებულებთან ერთად უფლება აქვს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით მიმართოს სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 21 იანვრის განაჩენი ო. ი-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.