დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 28.04.2020
საქმის ნომერი
ბს-1196(კ-18)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
28.04.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ბს- 1196 (კ-18) 28 აპრილი, 2020 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.06.2018წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „…ომ“ 08.08.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 25.01.2017წ. N04/4320 გადაწყვეტილებისა და შპს „…ოს“ 20.03.2017წ. N520/02 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 07.07.2017წ. N04/44625 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 31.10.2017წ. გადაწყვეტილებით შპს „…ოს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი „…ოს“ 20.03.2017წ. N520/02 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 07.07.2017წ. N04/44625 გადაწყვეტილება, მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელის მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში 20.03.2017წ. წარდგენილი N520/02 ადმინისტრაციული საჩივრის მოთხოვნის ფარგლებში. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.06.2018წ. განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასება. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ გასაჩივრებულ აქტებში მისი გამომცემი ორგანო არ პასუხობს ადმინისტრაციულ საჩივარში დასმულ საკითხებს, შესაბამისად გამოცემული აქტები ვერ პასუხობს დასაბუთებულობის მაღალ სტანდარტს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.06.2018წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.

კასატორი აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში პაციენტები მკურნალობდნენ სამედიცინო დაწესებულებაში 2016 წლის აგვისტოს თვის საანგარიშო პერიოდში. სამედიცინო დოკუმენტაციით დგინდება, რომ პაციენტებმა საჭიროების მიუხედავად უარი განაცხადეს სტაციონალურ მკურნალობაზე და უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ დაწესებულებაში მკურნალობის დაყოვნება არ აღემატებოდა 24 საათს. კასატორი მიუთითებს, რომ პაციენტების ბ. ქ-ას, დ. ჯ-ას, ა. უ-ის, ა. ჩ-ის, ს. ღ-ას და რ. კ-ის სამედიცინო დოკუმენტაციით დადგენილი დიაგნოზები შეუძლებელია განხილულ იქნეს გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების ფარგლებში, ვინაიდან აღნიშნული შემთხვევები ექვემდებარება გადაუდებელი სტაციონალური მომსახურების ფარგლებში სახელმწიფოს მიერ დაფინანსებას. ამდენად, საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილების მე-14, 15.1 მუხლის „ბ“ქვეპუნქტისა და 15.7 მუხლის გათვალისწინებით სასარჩელო მოთხოვნები არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.11.2018წ. განჩინებით შპს „…ოს“ უფლებამონაცვლედ ჩაბმულ იქნა სს "…ი".

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალების მიხედვით დასტურდება, რომ ბ. ქ-ა, დ. ჯ-ა, ა. უ-ი, ა. ჩ-ე, ს. ღ-ა და რ. კ-ი წარმოადგენენ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილებით მოსარგებლე პირებს. სამედიცინო დოკუმენტაციით დასტურდება, რომ ისინი კლინიკაში შევიდნენ გადაუდებელი მდგომარეობით, რისთვისაც გაეწიათ შესაბამისი სამედიცინო მომსახურება. ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმების გამოკვეთის მიუხედავად პაციენტები სამედიცინო დაწესებულებაში დაყოვნდნენ 24 საათზე ნაკლები დროით, ვინაიდან მშობლებმა უარი განაცხადეს პაციენტების დაწესებულებაში დარჩენაზე.

საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს გასაჩივრებულ აქტს, კერძოდ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 07.07.2017წ. N04/44625 გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც არ დაკმაყოფილდა „…ოს“ 20.03.2017წ. N520/02 ადმინისტრაციული საჩივარი და სადავო შემთვევები არ დაექვემდებარა ანაზღაურებას. ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილების დასასაბუთებლად მოიხმობს საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილების 15.6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტსა და 15.7 მუხლს. ზემოაღნიშნული დადგენილების 15.6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სტაციონალური სამედიცინო მომსახურებისას თუ პაციენტი თავისი სურვილით შეიცვლის მომსახურე სამედიცინო დაწესებულებას და მისი დაყოვნება აღნიშნულ დაწესებულებაში 24 საათზე ნაკლებია, მომსახურება არ ექვემდებარება ანაზღაურებას ანუ საუბარია ისეთ შემთვევებზე, როდესაც პაციენტებს გაეწიათ სტაციონალური სამედიცინო მომსახურება და თავიანთი სურვილით იცვლიან სამედიცინო დაწესებულებას. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება პაციენტების მიერ სხვა სამედიცინო დაწესებულებისათვის მიმართვის ფაქტი, ამავდროულად სამედიცინო დაწესებულებას მოთხოვნილი აქვს პაციენტებისათვის გაწეული გადაუდებელი ამბულატორიული და არა სტაციონალური მომსახურების ანაზღაურება, ხოლო გასაჩივრებულ აქტებში ეს საკითხი პასუხგაუცემელია. ამასთანავე, აღსანიშნავია საკასაციო საჩივარში ჩამოყალიბებული კასატორის მოტივაცია, რომელიც სულ სხვა კუთხით ასაბუთებს საკუთარ პოზიციას და სადავო შემთვევების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითებს არა დროის ფაქტორზე, არამედ იმ გარემოებაზე, რომ დადგენილი დიაგნოზები არ ექვემდებარება გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების ფარგლებში ანაზღაურებას, რაზედაც არ არის განვითარებული მსჯელობა გასაჩივრებულ აქტებში.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო შემთხვევებში გაწეული სამედიცინო მომსახურების სპეციფიკის, დროის ხანგრძლივობის და საქმისათვის მნიშვნელოვანი სხვა ფაქტორების გათვალისწინებით უნდა მიიღოს საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ N36 დადგენილების შესაბამისი გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.06.2018წ. განჩინება;

3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (ს/კ 202178927) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 02.11.2018წ. N31950 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი