დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-33(2კ-20) 29 აპრილი, 2020 წელი თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობა
კასატორი (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - გ. ჩ-ი
მესამე პირი - შპს „...ია“ (სს „...ის’’ სამართალმემკვიდრე)
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 5 ივნისის განჩინება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი: გ. ჩ-მა 2018 წლის 5 აპრილს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობის 2016 წლის 06 სექტემბრის №24/232140 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 12 ივნისის №1-1367 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება თბილისში, ...ს გამზირზე, ... კვარტალში, №20 კორპუსში მდებარე №43 ბინის გ. ჩ-ისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით გ. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობის 2016 წლის 06 სექტემბრის №24/232140 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 12 ივნისის №1-1367 ბრძანება „გ. ჩ-ის წარმომადგენლის ვ. ჩ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობას დაევალა ქ. თბილისში, ...ს გამზირზე, ... კვარტალში, №20 კორპუსში მდებარე №43 ბინის გ. ჩ-ისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 5 ივნისის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორები აღნიშნავენ, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის N189 დადგენილებით დამტკიცებული „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესით“ რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე სახელმწიფო საბინაო ფონდში და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საცხოვრებელ ფონდში არსებული არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების კანონიერი მოსარგებლეებისთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობა. შესაბამისად, კანონმდებლის მიერ იმპერატიულად არის განსაზღვრული ის უძრავი ქონება, რომლის პრივატიზების განხორციელებაც შესაძლებელია. კერძოდ, მითითებული წესი არ ვრცელდება იმ ბინებზე, რომლებიც არ წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებას.
კასატორების განმარტებით, სადავო ფართი ირიცხება „...ის“ ბალანსზე, ხოლო დანარჩენი შენობა ეკუთვნის კომუნალურ ფონდს. მოცემული დასტურდება სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2016 წლის 02 სექტემბრის N219134 წერილით, ხოლო უტყუარი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს იმ ფაქტს, რომ მოხდა უძრავი ნივთის კომუნალურ ფონდში სრულად გადაცემა, არ არსებობს. ამდენად, გამგეობა არ არის უფლებამოსილი, უსასყიდლოდ გადასცეს ეს ფართი პირს საკუთრებაში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორები მიიჩნევენ, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და მათი ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს.
სამოტივაციო ნაწილი: საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივრებში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრების განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა სასამართლოების მიერ არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, უდავოდ დადგენილია, რომ მოსარჩელეს გააჩნია უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი (ბინის ორდერი) და იგი სადავო ფართით კანონიერად და ფაქტობრივად სარგებლობს. მიუხედავად ამისა, კასატორების მოსაზრებით, გ. ჩ-ზე ვერ გავრცელდებოდა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით დამტკიცებული „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესი“, ვინაიდან სადავო ფართი არ ირიცხებოდა ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს ბალანსზე.
საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის (ძალადაკარგულია საქართველოს 1997 წლის 30 მაისის N743 კანონით) მე-10 მუხლის მეორე პუნქტიდან გამომდინარე, საწარმოს ბალანსზე მყოფი სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტები, კომისიის შეხედულებისამებრ, შეიძლება გაყიდულიყო ან მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემულიყო კომიტეტსა და ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. ამრიგად, „...ის“ პრივატიზაციის პროცესში საცხოვრებელი ფონდი უნდა დაქვემდებარებულიყო ან გასხვისებას, ან მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემას. სადავო ბინა კი გასხვისებული არ არის. ამასთანავე, დადგენილია, რომ სადავო ბინაზე არ არის აღრიცხული კერძო პირთა საკუთრების უფლება ან რაიმე უფლებრივი შეზღუდვა. უფრო მეტიც, დღეის მდგომარეობით, სადავო ქონების „...ის“ ბალანზე არსებობის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია სს „...ის“ სამართალმემკვიდრე შპს „...იას“. შესაბამისად, სადავო ბინა უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო საბინაო ფონდში ჩარიცხულად.
საკასაციო პალატა სადავო ფართის კუთვნილებასთან დაკავშირებით, ასევე, ყურადღებას გაამახვილებს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 02 სექტემბრის N... წერილზე, რომლითაც დასტურდება, რომ საქართველოს საწარმოო გაერთიანება „...ის“ მთავარი ინჟინრისა და მთავარი ბუღალტრის 1990 წლის 28 თებერვლის N07-1/273 მიმართვის საფუძველზე თბილისის ტექაღრიცხვის ბიუროს უფროსს - ო. შ-ას ეთხოვა ოთხსართულიან სახლზე დაშენებული მე-5 სართულის კომუნალურ ფონდში გადასაცემად საჭირო ინვეტარიზაციისა და პასპორტიზაციის ჩატარება. საქმეში წარმოდგენილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 02 სექტემბრის N... წერილით კი დგინდება, რომ ტექნიკური აღრიცხვის არქივის სააღრიცხვო მასალაში დაცულია მე-5 სართულის დაშენების ტექნიკური პასპორტი, რომელზეც მითითებულია მფლობელთა სია, სართულებრივი გეგმა, ასევე სართულის ფართისა და დანიშნულების განმსაზღვრელი ფორმა №5. შესაბამისად, „...ის“ უფლებამოსილი პირების მიერ გამოხატულ იქნა ნება სახლის მე-5 სართულის კომუნალურ (სახელმწიფო საბინაო) ფონდში გადაცემის შესახებ.
დამატებით გასათვალისწინებელია ს/გ „...ის“ გენერალური დირექტორის კ.ნ-ის მიერ გაცემული მინდობილობა, რომლითაც ს/გ „...ის“ ადმინისტრაცია ენდობა სამეურნეო განყოფილების უფროსს ვ. გ. ვ-ას, რათა მან გაუფორმოს მოქალაქე გ. მ. ჩ-ს ბინის პირად საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის ხელშეკრულება. საყურადღებოა, რომ უძრავი ნივთის სააღრიცხვო მასალაში წარდგენილია პრივატიზაციის ხელშეკრულებები, რომლებიც შედგენილია საწარმოო გაერთიანება „...ის“ მიერ. სადავო მისამართზე მდებარე საუწყებო ბინების გადაცემა იქ მაცხოვრებელ პირებზე განხორციელდა სწორედ სს „...ის“ მიერ გაცემული მინდობილობების საფუძველზე, ამ პირებს აღნიშნული ბინები უკვე რეგისტრირებული აქვთ და დარჩენილი არის მხოლოდ გ. ჩ-ი. ს/გ „...ის“ საუწყებო ბინების მცხოვრებ პირთა სიის თანახმად კი, გ. ჩ-ი წარმოადგენს კორპუსში მცხოვრებ პირს, რომელსაც გადაეცა საუწყებო ბინა N43.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ზემოთ მითითებული გარემოებების ერთობლიობა შეიძლება მიჩნეულ იქნეს იმ ფაქტის დადასტურებად, რომ სადავო უძრავი ქონება ჩარიცხულია სახელმწიფო საბინაო ფონდში და არსებული მდგომარეობით იგი არ უნდა იქნეს განხილული სს „...ის“ ბალანსზე აღრიცხულ ქონებად. მოსარჩელის კანონით დაცული უფლება და სამართლებრივი პრეტენზია კი სადავო ნივთზე დასტურდება. შესაბამისად, სადავო ფართი უნდა დაექვემდებაროს პრივატიზებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი: საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 5 ივნისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ქ. ცინცაძე