დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 05.03.2020
საქმის ნომერი
ბს-1005(კ-19)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
05.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

#ბს-1005(კ-19) 5 მარტი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 26 აპრილს მ. ვ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ შემოსავლების სამსახურისა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიმართ.

მოსარჩელემ ავტოსატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ნაწილში საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 10 თებერვლის #69003008092 საქონლისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ოქმის, ავტოსატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ნაწილში საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 10 თებერვლის #EL055735 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 29 მარტის #8177 ბრძანების ბათილად ცნობა და საბაჟო დეპარტამენტისთვის ავტოსატრანსპორტო საშუალების ... დაბრუნების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

სარჩელის მიხედვით, საგადასახადო კოდექსის 289.14 მუხლით გათვალისწინებული ყველა სახის სანქციის გამოყენებით დარღვეულ იქნა ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან თანაზომიერების პრინციპი. მოსარჩელის განმარტებით, მხოლოდ ორი სახის ღონისძიების გამოყენება (ჯარიმა და საქონლის ჩამორთმევა) სრულ შესაბამისობაში იქნებოდა მის მიერ ჩადენილ ქმედებასთან. მოსარჩელემ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ჯარიმა დაკისრებისთანავე გადაიხადა. გარდა აღნიშნულისა, სარჩელის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანოები ვალდებულნი იყვნენ გაეთვალისწინებინათ ის გარემოება, რომ სადავო ავტოსატრანსპორტო საშუალება ეკუთვნის არა მ. ვ-ს, არამედ სომხეთის მოქალაქე ა. ნ-ს, რის გამოც ზარალდება სხვა პირი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება ა. ნ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე მ. ვ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სპგ „სადახლო-საავტომობილო-ს“ 2017 წლის 10 თებერვალის საქონლისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ოქმი, დოკუმენტის #69003008092 - ავტოსატრანსპორტო საშუალების (...) ჩამორთმევის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 10 თებერვლის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი #EL055735 - ავტოსატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 29 მარტის #8177 ბრძანება, იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მ. ვ-ის საჩივარი ავტოსატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ნაწილში სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 10 თებერვალის #EL055735 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობის თაობაზე; სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს ავტოსატრანსპორტო საშუალება ...-ის დაბრუნების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 მაისის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევასთან მიმართებით, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სადავო სანქციის სახე დაკავშირებულია საქართველოს კონსტიტუციის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) 21-ე მუხლით განმტკიცებული საკუთრების უფლების შეზღუდვასთან, შესაბამისად, სანქციის ამ სახის გამოყენება სხვა სახის სახდელთან ერთად, რომელიც თავის მხრივ, ასევე საკუთრების უფლების ჩამორთმევას გულისხმობს, დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებით მძიმე დარღვევების შემთხვევაში და მის გასამართლებლად არ არის საკმარისი მოპასუხის არგუმენტი მასშტაბურად გავრცელებული სამართალდარღვევის აღკვეთის მიზანთან დაკავშირებით. სამართალდარღვევის ჩადენის ინდივიდუალური თუ ზოგადი პრევენცია, თავისთავად, წარმოადგენს სანქციის ერთ-ერთ მიზანს, განსაკუთრებით კი ისეთი სახის სამართალდარღვევის, რომელიც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებს, თუმცა ყოველი კონკრეტული შემთხვევა საჭიროებს ინდივიდუალურ მიდგომას და დაუშვებელია ერთი სახის სამართალდარღვევის ჩამდენ პირთა მიმართ განურჩევლად ერთგვაროვანი მიდგომა. გასათვალისწინებელია საქონლის ოდენობა, მისი შემდგომი რეალიზაციით გამოწვეული სავარაუდო ზიანის მოცულობა, დამრღვევის პიროვნება, სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის შესაძლო გავლენა მის ქონებრივ მდგომარეობაზე და სხვა ფაქტორები. მოცემულ შემთხვევაში კი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას ადმინისტრაციულმა ორგანოებმა არ მიიღეს მხედველობაში ამგვარი ინდივიდუალური გარემოებები, მით უფრო იმ პირობებში, რომ სატრანსპორტო საშუალება არ წარმოადგენს სამართალდამრღვევი პირის საკუთრებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობისა და არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის მიმართ გამოიყენება საგადასახადო პასუხისმგებლობა, რომლის მიზანია საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა, რასაც გააჩნია, როგორც „სადამსჯელო“, ისე „პრევენციული“ დანიშნულება.

კასატორის მითითებით, უკანასკნელ პერიოდში საგრძნობლად იმატა ანალოგიურმა სამართალდარღვევებმა, განსაკუთრებით კი, აქციზურ მარკას დაქვემდებარებულ საქონელთან დაკავშირებულმა სამართალდარღვევებმა. კასატორი მიუთითებს 2016-2017 წლების სტატისტიკაზე, რომელიც მიაწოდა შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტმა. ამასთან, კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აქციზის გადასახადის გაზრდამდე საბაჟო დეპარტამენტი სანქციის სახით იყენებდა 1000-ლარიან ჯარიმას და საქონლის ჩამორთმევას, რამაც ვერ უზრუნველყო პრევენციული ფუნქციის შესრულება.

კასატორი მიუთითებს სამართალდამრღვევის მიერ შემოტანილი სიგარეტების რაოდენობაზე, ასევე იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნულ საქონელს ის მალავდა ე.წ. „აბივკებში“ და აღნიშნავს, რომ არსებობს მაღალი რისკი, რომ სამართალდამრღვევი ისევ გამოიყენებს აღნიშნულ ავტომობილს სამართალდარღვევის ჩასადენად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ს.გპ. „სადახლო - საავტომობილოს“ მებაჟე ოფიცერმა 2017 წლის 10 თებერვალს მ. ვ-ის მიმართ შეადგინა #EL055735 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი. მასვე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, არადეკლარირებული საქონლისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა. ამასთან, საქმეში წარმოდგენილია საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის შესახებ 2017 წლის 10 თებერვლის #69003008092 ოქმი. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული აქტები სადავოა მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ნაწილში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ან/და ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ნორმაში ალტერნატიული სანქციის არსებობა მიუთითებს უფრო მკაცრი სახის სახდელის გამოყენების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, უკეთუ ნაკლებად მკაცრი სახის სანქცია ვერ უზრუნველყოფს სახდელის მიზნის მიღწევის შესაძლებლობას. ამასთან აღსანიშნავია, რომ სახდელის ალტერნატივის დაწესებით კანონი მათი შერჩევის თავისუფლებას კი არ ანიჭებს ადმინისტრაციულ ორგანოს, არამედ - სახდელის შერჩევა უნდა განხორციელდეს მხოლოდ ჩადენილი ქმედების სიმძიმისა და სხვა ობიექტური თუ სუბიექტური ფაქტორების ადეკვატურად. როდესაც ადმინისტრაციული ორგანო დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას, იგი უნდა აკმაყოფილებდეს კანონით დადგენილ მინიმალურ სტანდარტს, ხოლო კანონით შეთავაზებული არჩევანის გამოყენების მიზანშეწონილობას სასამართლო ვერ შეაფასებს. სახდელის შეფარდებისას კი, ადმინისტრაციული ორგანო შეზღუდულია სახდელის შეფარდებისათვის დადგენილი ზოგადი პრინციპებით. პასუხისმგებლობის ზომის შერჩევა სწორედ კანონიერების მკაცრი დაცვის ფარგლებში უნდა განხორციელდეს და საქმის გარემოებათა მიხედვით ყოველთვის არის შესაძლებელი შერჩეული სანქციის შესაბამისობის შემოწმება.

საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ მოსარჩელის მიერ ჩადენილი ქმედებისთვის საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული სანქციის სამივე სახის გამოყენება, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, წარმოადგენს ზედმეტად მკაცრ ღონისძიებას. სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა შეუსაბამოდ ამძიმებს სამართალდამრღვევის მდგომარეობას და პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მის კანონიერ ინტერესებს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი