არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე Nბს- 1230(კს-19) 16 აპრილი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - საქართველოს მთავრობა;
მოწინააღმდეგე მხარე - მ. ჭ-ა;
თავდაპირველი მოპასუხე - საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი;
მესამე პირი - საქართველოს პრეზიდენტი;
დავის საგანი - უფლებამონაცვლეობის დადგენა
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ივნისის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ჭ-ამ 2017 წლის 27 ნოემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მიმართ და სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ მოითხოვა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის 2017 წლის 14 თებერვლის N5/ს, 22 აგვისტოს N189/კ და 27 ოქტომბრის N246/კ ბრძანებების ბათილად ცნობა, მოპასუხისათვის საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ...ის - ...ის ...ის თანამდებობაზე მოსარჩელის აღდგენის დავალება, მოსარჩელის პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა და მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 2017 წლის 01 ნოემბრიდან სამსახურში აღდგენამდე იძულებითი განაცდურისა და გადაუხდელი საბანკო კრედიტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 აპრილის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაერთო საქართველოს პრეზიდენტი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით მ. ჭ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 11 ივნისის განჩინებით განსახილველ საქმეში მოწინააღმდეგე მხარის - საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა საქართველოს მთავრობა.
სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ „„ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის 1-ლი მუხლის თანახმად, ძალადაკარგულად გამოცხადდა „ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ საქართველოს 2004 წლის 11 ნოემბრის ორგანული კანონი. ამასთან, ხსენებული კანონის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საქართველოს მთავრობა კანონის ამოქმედების მომენტიდან, კომპეტენციის ფარგლებში ჩაითვალა ეროვნული უშიშროების საბჭოს უფლებამონაცვლედ. ამდენად, არსებობდა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს უფლებამონაცვლედ საქართველოს მთავრობის დადგენის საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ივნისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს მთავრობამ.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მოწინააღმდეგე მხარეს წარმოადგენდა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი. აღნიშნულის მიუხედავად, სადავო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით სააპელაციო პალატამ დაადგინა არა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, არამედ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს უფლებამონაცვლე. ამდენად, სასამართლომ ფაქტობრივად შეცვალა მოპასუხე მხარე. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ დაადგინა იმ პირის უფლებამონაცვლე, რომელიც არ წარმოადგენს საქმეში მოწინააღმდეგე მხარეს. საქართველოს მთავრობა უთითებს „ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ კანონის მე-2 მუხის 1-ელ პუნქტსა და მე-4 მუხლის მე-3 პუქნტზე და აღნიშნავს, რომ კანონით მკაფიოდაა გამიჯნული საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსა და საბჭოს მდივნის კომპეტენციები და უფლებამოსილებები. ამდენად, განსახილველი დავისათვის საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი სხვადასხვა მოპასუხე სუბიექტები არიან. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის უფლებამონაცვლის დადგენაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 11 ნოემბრის განჩინებით საქართველოს მთავრობის კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლზე, რომლის თანახმად, კერძო საჩივარი საქმესთან ერთად გადაეგზავნება ზემდგომ სასამართლოს, ხოლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს უფლებამონაცვლეობის საფუძვლებს, რომლებიც დადგენილია 92-ე მუხლით. ზემოაღნიშნულ მუხლში ჩამოთვლილია ის პირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც სასამართლო ვალდებულია დაადგინოს საქმის საპროცესო უფლებამონაცვლეობა. კერძოდ, სადავო ან სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საპროცესო უფლებამონაცველობის საფუძველია უფლებამონაცვლეობა მატერიალურ სამართალში, როდესაც მატერიალური სამართლის ნორმების მიხედვით დასაშვებია სამართლებრივ ურთიერთობაში უფლებებისა და მოვალეობების სუბიექტების შეცვლა, ასევე ახალი სუბიექტი მთლიანად ან ნაწილობრივ თავის თავზე იღებს თავისი წინამორბედის უფლებებს ან მოვალეობებს. შესაბამისად, თუ უფლებამონაცვლეობა დასაშვებია მატერიალური სამართლის კუთხით, მაშინ დასაშვებია საპროცესო უფლებამონაცვლეობაც. ამდენად, კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესამოწმებლად, უნდა გაირკვეს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს უფლებამონაცვლედ საქართველოს მთავრობის დადგენის სამართლებრივი საფუძვლის არსებობა.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ მ. ჭ-ას ეკავა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ...ის ...ის თანამდებობა. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის 2017 წლის 14 თებერვლის N5/ს და 2017 წლის 22 აგვისტოს N189/კ ბრძანებების შესაბამისად, განხორციელდა საბჭოს აპარატის რეორგანიზაცია, რის შედეგადაც მ. ჭ-ა თავდაპირველად დაინიშნა ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ...ის ...ის ...ის თანამდებობაზე, შემდგომ კი ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის 2017 წლის 27 ოქტომბრის N246/კ ბრძანების თანახმად განთავისუფლდა საბჭოს აპარატის ...ის ...ის ...ის თანამდებობიდან.
კონკრეტულ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის 2017 წლის 14 თებერვლის N5/ს, 22 აგვისტოს N189/კ და 27 ოქტომბრის N246/კ ბრძანებების ბათილად ცნობა, მ. ჭ-ას საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის აპარატის ...ის ...ის ...ის თანამდებობაზე აღდგენა, აგრეთვე, მოსარჩელის პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა და მისთვის 2017 წლის 01 ნოემბრიდან სამსახურში აღდგენამდე იძულებითი განაცდურისა და გადაუხდელი საბანკო კრედიტით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ ორგანული კანონის (ძალადაკარგულია 2018 წლის 31 ოქტომბრის ორგანული კანონით) თანახმად, ეროვნული უშიშროების საბჭო არის საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანო, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს ამ კანონით განსაზღვრული საკითხები უმაღლესი დონის გადაწყვეტილებების მოსამზადებლად. ამავე კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატი არის განსაკუთრებული მნიშვნელობის, სრულიად საიდუმლო და საიდუმლო ინფორმაციაზე მომუშავე განსაკუთრებული მნიშვნელობის რეჟიმის დაწესებულება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს ეროვნული უშიშროების საბჭოს საქმიანობის ინფორმაციულ-ანალიტიკურ და ორგანიზაციულ უზრუნველყოფას. ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულებასა და საშტატო ნუსხას ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „„ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ 2018 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს ორგანული კანონის 1-ლი მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდა „ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ საქართველოს 2004 წლის 11 ნოემბრის ორგანული კანონი. ამასთან, ხსენებული კანონის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საქართველოს მთავრობა კანონის ამოქმედების მომენტიდან, კომპეტენციის ფარგლებში ჩაითვალა ეროვნული უშიშროების საბჭოს უფლებამონაცვლედ. ამდენად, სახეზეა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული კანონისმიერი უფლებამონაცვლეობა.
კერძო საჩივრის ავტორი სადავო განჩინების გაუქმების საფუძვლად უთითებს იმ გარემოებას, რომ განსახილველ საქმეში მოწინააღმდეგე მხარეს წარმოადგენდა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, რის გამოც სააპელაციო პალატას უნდა ემსჯელა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის და არა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს უფლებამონაცვლის დადგენაზე. საქმის მასალებით დგინდება, რომ მ. ჭ-ას სარჩელზე მოპასუხედ დასახელებული იყო საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი - დ. რ-ი, როგორც სადავო ბრძანებების გამომცემი და მათზე ხელმომწერი პირი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, დ. რ-ი სადავო ბრძანებების გამოცემისას მოქმედებდა არა როგორც დამოუკიდებელი სუბიექტი, არამედ როგორც დამსაქმებელი ადმინისტრაციული ორგანოს - საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს უფლებამოსილი თანამდებობის პირი. „ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ ორგანული კანონის (ძალადაკარგულია 2018 წლის 31 ოქტომბრის ორგანული კანონით) მე-4 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ხელმძღვანელობს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატს. ამასთან, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იგი ხელს აწერს სამსახურებრივ დოკუმენტებს. აღსანიშნავია, რომ ყოველი ადმინისტრაციული ორგანო თავის საქმიანობას ახორციელებს თავისი ორგანოების ან ფიზიკური პირების ანუ შესაბამისი უფლებამოსილი თანამდებობის პირების მეშვეობით. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორაგონს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს უფლებამოსილი თანამდებობის პირის გვარს, სახელსა და ხელმოწერას. აღნიშნული არ გულისხმობს მითითებულ პირთა პერსონალურ პასუხისმგებლობას სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებზე. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება დაუსაბუთებელია, არ დასტურდება გასაჩივრებული განჩინების უმართებულობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ივნისის განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე, 372-ე, 399-ე, 414-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს მთავრობის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ივნისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე