საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 15.09.2005
საქმის ნომერი
2კ-252აპ.-05
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
15.09.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 252-აპ 15 სექტემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: დ. სულაქველიძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი (მომხსენებელი),მ. გოგელია

განიხილა ადვოკატ მ. ს-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 27 აპრილის განაჩენზე, რომლითაც შეიცვალა გორის რაიონული სასამართლოს 2005წ. 17 იანვრის განაჩენი ზ. შ-ს მიმართ.

აღწერილობითი ნაწილი:

გორის რაიონული სასამართლოს 2005წ. 17 იანვრის განაჩენით ზ. შ-ს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “გ” ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 27 აპრილის განაჩენით ზ. შ-ს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. იგი სასჯელს იხდის 2004წ. 25 ივნისიდან.

განაჩენით ზ. შ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ მან სხვა პირებთან ერთად 2003წ. 12 ივლისს შეაღწია ი. ზ.-ჯ-ის ბინაში, საიდანაც ფარულად გაიტაცა 1260 ლარის ღირებულების ნივთები, რითაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა დაზარალებულს.

საკასაციო საჩივრით ადვოკატი მ. საბიაშვილი ითხოვს ზ. შ-სათვის სასჯელის შემსუბუქებას შემდეგი მოტივებით: მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია დანაშაული, დაზარალებულს ზიანი აუნაზღაურა, კმაყოფაზე ჰყავს ავადმყოფი დედა, მოხუცებული ბებია-ბაბუა და ა.შ.

პალატის სხდომაზე ადვოკატმა მ. ს-მა მხარი დაუჭირა თავის საკასაციო საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.

სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა რ. ს-მა საკასაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირა. მან განაჩენი ზ. შ-ის მიმართ მიიჩნია კანონიერად და მოითხოვა მისი უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია და თვლის, რომ ადვოკატ მ. ს-ს საკასაციო საჩივარი მსჯავრდებულისათვის სასჯელის შემსუბუქების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით ზ. შ-ს მიერ მასზე ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია, რასაც სადავოდ არ ხდის თვით საკასაციო საჩივრის ავტორიც.

სააპელაციო პალატამ გაითვალისწინა ყველა ის შემამსუბუქებელი გარემოება, რაც საკასაციო საჩივარშია მითითებულია და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით ზ. შ-ს სასჯელი დაუნიშნა იმ ზომით, რაც არ არის მეტისმეტად მკაცრი და აშკარად უსამართლო.

პალატა თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 27 აპრილის განაჩენი ზ. შ-ს მიმართ კანონიერია და არ არსებობს მისი შეცვლის საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 27 აპრილის განაჩენი ზ. შ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.