დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 27.05.2020
საქმის ნომერი
ბს-70(კ-20)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
27.05.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე Nბს-70(კ-20) 27 მაისი, 2020 წელი თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ. კ-ი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი: მ. კ-მა 2019 წლის 15 იანვარს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ და მოითხოვა ამავე კომისიის 2018 წლის 04 დეკემბრის №1971 განკარგულების ბათილად ცნობა და კომისიისთვის თბილისში, ...ის მიმდებარედ არსებულ 2451 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე მ. კ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით მ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 4 დეკემბრის განკარგულება №1971 „მიწის ნაკვეთზე მ. კ-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ“; ამავე კომისიას დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, გადაწყვეტილებაში მითითებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა თბილისში, ...ის მე-2 მიკრო/რაიონის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე (ფართი: 2451 კვ.მ.) მ. კ-ის მოთხოვნასთან დაკავშირებით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ივლისის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.

საკასაციო საჩივრის თანახმად, საქმეში წარმოდგენილია 2005, 2010 და 2014 წლის ორთოფოტოები, რომლებითაც დგინდება, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე, 2005 წლის მდგომარეობით, არ ყოფილა განთავსებული რაიმე შენობა-ნაგებობა. 2010 წლის ორთოფოტოთი კი დგინდება, რომ მიმდინარეობდა მშენებლობა, რაც დასრულებული სახით ჩანს 2014 წლის ორთოფოტოზე. შესაბამისად, კასატორის მოსაზრებით, არ დგინდება კანონის ამოქმედებამდე (2007წ.) მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის არსებობის ფაქტი, რაც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძველს.

კასატორი, ასევე, აღნიშნავს, რომ სადავო მიწის ნაკვეთი კვეთდა N... და N... საკადასტრო ერთეულებს. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერებით დასტურდება, რომ დასახელებული საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები წარმოადგენდა ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებას. დღეის მდგომარეობით კი, მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი კვეთს N... და N... საკადასტრო ერთეულებს. N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი, მეორე მიწის ნაკვეთის მსგავსად, წარმოადგენს ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებას და არის ... საკადასტრო ერთეულის რამდენჯერმე კორექტირების შედეგად წარმოქმნილი მიწის ნაკვეთი. ამრიგად, გასაჩივრებული აქტის გამოცემამდე და არსებული მდგომარეობით, მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი წარმოადგენს ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებას, რის გამოც იგი ვერ დაექვემდებარება საკუთრების უფლების აღიარებას.

გარდა ზემოაღნიშნულისა, კასატორი მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ადასტურებს მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობას. კერძოდ, მოწმის ჩვენება უნდა შეფასდეს სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, რადგან მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები არ წარმოადგენს საკმარის მტკიცებულებას. რაც შეეხება სს „...ის“ ინფორმაციას, მრიცხველის განთავსება არ გულისხმობს დასრულებული სახით შენობის არსებობას. ამასთან, წარმოდგენილი ინფორმაციით არ დგინდება, რომ 2005 ან 2006 წლებში მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე არსებობდა შენობა (აშენებული), რაც კანონის იმპერატიულ მოთხოვნას წარმოადგენს. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2008 წლის 19 თებერვლის Nკ-359/20 დასკვნასთან დაკავშირებით კი კასატორი აღნიშნავს, რომ მას საერთო არ აქვს შენობის ხანდაზმულობასთან ან მისი არსებობა/არარსებობის ფაქტის დადასტურებასთან.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული აქტი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და მისი ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს.

სამოტივაციო ნაწილი: საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, სადავო საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თბილისში, ...ის მიმდებარედ არსებულ 2451 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე მ. კ-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის კანონიერება.

საკასაციო პალატა, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მეორე მუხლის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებზე მითითებით, აღნიშნავს, მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტიდან გამომდინარე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის დაინტერესებულმა პირმა უნდა დაადასტუროს, რომ დასახელებული კანონის ამოქმედებამდე (2007წ.) ფლობდა და სარგებლობდა მიწის ნაკვეთით, რომელზეც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული). მხოლოდ დასახელებული კანონის ამოქმედებამდე აღმოცენებული ფაქტის დამტკიცება წარმოშობს კომისიის ვალდებულებას - აღიაროს კერძო პირის საკუთრების უფლება თვითნებურად დაკავებულ მიწაზე. მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი კი, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილების მეორე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის (სადავო პერიოდში მოქმედი) შესაბამისად, არის ცნობა-დახასიათება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი. განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილია ფოტოსურათები, ორთოფოტოები, ფიზიკურ პირთა სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება, ექსპერტიზის დასკვნა, სს „...ის“ ინფორმაცია. თუმცა, აღნიშნულ მტკიცებულებებს ადმინისტრაციული ორგანო არ მიიჩნევს საკმარისად და მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარს ძირითადად აფუძნებს ორთოფოტოებზე ასახულ სურათზე.

საკასაციო პალატა, წარმოდგენილი ორთოფოტოების შესწავლის შედეგად, ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ 2005 წლის ორთოფოტოზე (ს.ფ. 31) ჩანს მრავალწლიანი ნარგავები. შესაბამისად, მართებულია სააპელაციო პალატის შეფასება, რომ ვინაიდან სადავო მიწის ნაკვეთი ამ პერიოდის მდგომარეობით დაფარული იყო მრავალწლიანი ნარგავებით, ხე-მცენარეებით, შესაძლებელია, მცირე ფართობის მქონე შენობა-ნაგებობა აეროფოტოგადაღებისას არ გამოჩენილიყო. რაც შეეხება კასატორის მითითებას, რომ 2010 წლის ორთოფოტოთი დასტურდება მხოლოდ ამ პერიოდში მშენებლობის განხორციელება, გასათვალისწინებელია მოსარჩელის განმარტება, რომ 2005 წლის მდგომარეობით სადავო მიწის ნაკვეთზე უკვე იყო განთავსებული შენობა-ნაგებობა, ხოლო 2010 წლის მდგომარეობით მოხდა ცალ-ცალკე მდგომი ბეტონისა და ხის შენობა-ნაგებობის ერთიანი სახურავის ქვეშ გაერთიანება და არა აშენება. ამდენად, წარმოდგენილი ორთოფოტოები არ ქმნის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ცალსახა საფუძველს. შესაბამისად, აუცილებელია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად შეისწავლოს საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და შედეგად დაადგინოს, როდის ააშენა მ. კ-მა სადავო მიწის ნაკვეთზე შენობა. საქმის გარემოებათა გამოკვლევისას კი აღიარების კომისიამ უნდა შეაფასოს საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება, მათ შორის, ფიზიკურ პირთა 2016 წლის 25 აგვისტოს სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება, სს „...ის“ ინფორმაცია, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2008 წლის 19 თებერვლის №კ-359/20 დასკვნა.

რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას, რომ სადავო მიწის ნაკვეთი წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებას და იგი ვერ დაექვემდებარება საკუთრების უფლების აღიარებას, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები ექვემდებარება აღიარებას, თუ განმცხადებელი კანონის სხვა მოთხოვნებს აკმაყოფილებს. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 28 ოქტომბრის Nბს-504-501(კ-17) გადაწყვეტილებაზე, რომელშიც საკასაციო პალატამ განმარტა, რომ „სახელმწიფოს მიზანს შეადგენდა ქვეყნის მასშტაბით არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ რეალურად დაკავებული, დაურეგისტრირებელი მიწების ოდენობის დადგენა, აღრიცხვა და მათი რეგისტრირება, რაც თავისთავად გულისხმობს არა მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებაში, არამედ თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწებსაც... ადგილობრივი თვითმმართველობა სრულიად არ არის მოწყვეტილი სახელმწიფოს. ადგილობრივი თვითმმართველობა რთული და კომპლექსური მოვლენაა, ის ადგილობრივი საჯარო ხელისუფლებაა და არა მოსახლეობის თვითორგანიზაციის მარტივი ფორმა... სახელმწიფო ქონების ადგილობრივი თვითმმართველობისათვის გადაცემა წარმოადგენს ხელისუფლების ორგანოებს შორის ქონების განაწილებას, სახელმწიფო ხელისუფლების ერთი ორგანიზაციული ნაწილიდან სხვა ნაწილზე გადაცემა ვერ გახდება ქონებაზე საკუთრების აღიარების უფლების გაუქმების საფუძველი... „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის 3.2 მუხლით ზუსტად არის განსაზღვრული იმ მიწის კატეგორიები, რომლებიც არ ექვემდებარებიან საკუთრების უფლების აღიარებას, აღნიშნული ნორმა არ გამორიცხავს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას, აღიარებას დაუქვემდებარებელ ობიექტებს შორის არ არის მითითებული თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული ქონება. აღიარებას არდაქვემდებარებულ ობიექტთა ჩამონათვალი ამომწურავია, უმართებულოა მისი განვრცობითი განმარტება.“ ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების გამომრიცხავ გარემოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ სადავო ქონება აღრიცხულია თბილისის თვითმმართველი ერთეულის სახელზე.

საკასაციო პალატა, მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ საქმეზე სადავო აქტის მიღებისას დარღვეულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებით დადგენილი, ადმინისტრაციული წარმოების საქმის გარემოებათა სრულყოფილად დადგენისა და შესწავლის მეშვეობით მიმდინარეობის, შედეგად კი - დასაბუთებული აქტის გამოცემის მოთხოვნები. აღნიშნული ქმნის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გასაჩივრებული განკარგულების, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის საფუძველს, ვინაიდან განკარგულებაში მითითებული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი არ ქმნის მისი კანონიერად მიჩნევის შესაძლებლობას და სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნული მითითების შესაბამისად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არცერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი: საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. ქადაგიძე