შეიცვალა კვალიფიკაცია
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 392-აპ 1 თებერვალი, 2005 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),მ. გოგელია (მომხსენებელი),ნ. გაბრიჩიძე
განიხილა მსჯავრდებულ მ. თ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 4 ნოემბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 5 აგვისტოს განაჩენით მ. თ-ს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ“ და “გ“ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის “გ“ ქვეპუნქტით სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც საქართველოს სსკ-ის მე-60-61 მუხლებით თანახმად, დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ მიესაჯა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ქალთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 4 ნოემბრის განაჩენით დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 5 აგვისტოს განაჩენი შეიცვალა და მ. თ-ს საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ“ და “გ“ ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის “გ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი _ 3 წელი შეუმცირდა 2 წლამდე, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 6 თვე და საბოლოოდ განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
განაჩენით მ. თ-ს მსჯავრი დაედო არაერთგზის ჩადენილი ქურდობისათვის, ბინაში, სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი და რაც გამოიხატა შემდეგში:
2004წ. 9 ივლისს, დილის საათებში, მთვრალმა მ. თ-მა … სახლის ეზოში შეაღწია დაზარალებულ ლ. ლ-ს საცხოვრებელ ბინაში, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ლ. ლ-ს კუთვნილ ყავისფერ ქურთუკს, ღირებულს 150 ლარად, და ვიდეომაგნიტოფონს, ღირებულს 200 ლარად, რითაც ლ. ლ-ს მიაყენა 350 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი. მ. .თ, აპირებდა რა მიმალვას, დაკავებულ იქნა შემთხვევის ადგილზე ნაქურდალით ხელში.
საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული მ. თ. ითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 4 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის არასაპატიმრო ღონისძიებით შეცვლას, რისთვისაც მიუთითებს შემდეგ მოტივებზე: იგი გულწრფელად აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არის მარტოხელა დედა, ჰყავს 2 მცირეწლოვანი შვილი, რომელთაგან ერთი მძიმე ავადმყოფია და რომლებსაც დროებით უვლის მისი მეორე ჯგუფის ინვალიდი დედინაცვალი, რომელსაც კმაყოფაზე ჰყავს 4 შვილი და ცხოვრობენ ნაქირავებ ბინაში, მსჯავრდებულს არ გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ორივე დანაშაულის ჩადენა გამოწვეული იყო მძიმე სოციალური მდგომარეობითა და უკიდურესი გაჭირვებით.
პალატის სხდომაზე პროკურორმა მ. ა-მ მხარი არ დაუჭირა მსჯავრდებულის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა განაჩენის უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა პროკურორის პოზიცია და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ცვლილებით შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 4 ნოემბრის განაჩენით მ. თ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ“ და “გ“ ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის “გ“ ქვეპუნქტით.
პალატას მიაჩნია, რომ მ.თ-ს ქმედება უნდა გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ“ და “გ“ ქვეპუნქტებსა და მესამე ნაწილის “გ“ ქვეპუნქტზე, რადგანაც, როგორც საქმის მასალების მიხედვით ირკვევა, მართალია, მ.თ.დაეუფლა ლ. ლ-ს კუთვნილ ყავისფერ ქურთუკსა და ვიდეომაგნიტოფონს, მაგრამ იმ დროს, როდესაც იგი გატაცებული საგნებით აპირებდა შემთხვევის ადგილიდან მიმალვას, დააკავეს პოლიციის მუშაკებმა, ე.ი. მას ფაქტობრივად არ მიეცა დაუფლებული ნივთების განკარგვის საშუალება. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში სახეზე გვაქვს დანაშაულის დამთავრებული მცდელობა და არა დამთავრებული დანაშაული. რაც შეეხება მ. თ-სთვის განსაზღვრული სასჯელის ზომას, იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ამასთან, სისხლის სამართლის კოდექსის 75-ე მუხლის პირველი ნაწილისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 607-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლომ თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულის მიმართ განაჩენის აღსრულება შეიძლება გადაავადოს, თუ მსჯავრდებულს ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, სანამ ბავშვს შეუსრულდება 5 წელი.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მსჯავრდებულ მ. თუმანიშვილს ჰყავს ხუთ წლამდე ასაკის ორი მცირეწლოვანი შვილი, აქედან ერთი – 11 თვის, დაბადებული 2004წ. 23 თებერვალს.
ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, პალატა თვლის, რომ სსკ-ის 75-ე მუხლის პირველი ნაწილისა და სსსკ-ის 607-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მ. თ-ს მიმართ დადგენილი განაჩენის აღსრულება უნდა გადავადდეს მანამ, სანამ ბავშვი მიაღწევს ხუთი წლის ასაკს. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ მსჯავრდებულ მ.თ-ს მიერ სასჯელის შემდგომი მოხდის ან მისგან გათავისუფლების საკითხი უნდა გადაწყდეს სსსკ-ის 609-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 568-ე და 607-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ცვლილებით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 4 ნოემბრის განაჩენი შეიცვალოს იმ მიმართებით, რომ მ. თ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ”, “გ” ქვეპუნქტებიდან და მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ”, “გ” ქვეპუნქტებსა და მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტზე.
განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.
მ. თ-ს მიმართ დადგენილი განაჩენის აღსრულება გადავადდეს მისი მცირეწლოვანი შვილის ხუთი წლის ასაკის მიღწევამდე.
მსჯავრდებული მ. თ.გათავისუფლდეს პატიმრობიდან.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.