დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
#ბს-787(2კ-19) 2 აპრილი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2016 წლის 30 სექტემბერს ს. ნ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 14 ნოემბრის #... გადაწყვეტილების, რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 23 მაისის #... გადაწყვეტილების, ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და ნაწილობრივ განხილვაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 7 სექტემბრის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის თბილისში, ...ის გზის მიმდებარე ტერიტორიის #2/5-ში მდებარე 450 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ს. ნ-ის საკუთრების უფლების დარეგისტრირების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეული.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ს. ნ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 7 სექტემბრის #... გადაწყვეტილება და მოპასუხეს ადმინისტრაციული საჩივრის სრულყოფილად განხილვის, საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევისა და შეფასების შედეგად მოსარჩელის მიმართ ახალი აქტის გამოცემა დაევალა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 თებერვლის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის თვითმართველი ერთეულის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორი - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო არ იზიარებს სასამართლოს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ადმინისტრაციულ ორგანოს გააჩნდა ვალდებულება, თავისი ინიციატივით შეესწავლა სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთზე მანამდე განხორციელებული რეგისტრაციის კანონიერება, საქმეში ჩაერთო დაინტერესებული პირები, გამოეკვლია თითოეული მათგანის უფლების დამდგენი დოკუმენტებიდან გამომდინარე უფლებების ფარგლები და ამის საფუძველზე მიეღო გადაწყვეტილება, რასთან დაკავშრებითაც მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველ და მეორე პუნქტებზე, ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველ პუნქტზე და აღნიშნავს, რომ ვინაიდან ს. ნ-ის მიერ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტები არ იძლეოდა მართლზომიერი მფლობელობის უტყუარად დადასტურების საშუალებას, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო არ იყო უფლებამოსილი განეხორციელებინა რეგისტრაცია სარეგისტრაციო დოკუმენტაციის გარეშე. კასატორი ასევე მიუთითებს საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის #525 ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტზე, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონსა და საქართველოს მთავრობის #376 (28.07.2016) დადგენილებით დამტკიცებულ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტზე.
კასატორი - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტზე და აღნიშნავს, რომ მხოლოდ ამ ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე სააგენტო უფლებამოსილი იყო მიეღო ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება. კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, მოქმედი საკანონმდებლო ბაზისა და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ჩაატარა სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება და ამის შემდგომ მიიღო გადაწყვეტილება.
კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მიუთითებს სადავო მიწის ნაკვეთზე თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლების რეგისტრაციის დროს მოქმედი „საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის პირველ პუნქტზე, ამავე კანონის 47-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 ოქტომბრის #23 დადგენილებით დამტკიცებული წესის 61.2 მუხლზე, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 106-ე მუხლის მე-2 პუნქტსა და 107-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, ქალაქ თბილისის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის #19-73 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქონების მართვის სააგენტოს წესდების (დებულების)“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტზე. კასატორი აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში თვითმმართველმა ერთეულმა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე მოითხოვა საკუთრების უფლება, საჯარო რეესტრმა კი, წარდგენილი და მასთან დაცული დოკუმენტაციის ურთიერთშედარების საფუძველზე მიიჩნია, რომ მოთხოვნა იყო კანონშესაბამისი და მიიღო მისი დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება.
კასატორის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მითითებით, უფლებათა რეესტრში დაცული დოკუმენტაციით დგინდება, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთის მიმდებარედ რეგისტრირებული უძრავი ნივთების სარეგისტრაციო დოკუმენტაციას, გარდა აღნიშნული დადგენილებისა, ასევე წარმოადგენს ქ. თბილისის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტის მიწის საზღვრების ნატურაში გამოყოფის აქტი, ქ. თბილისის მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულება მიწის იჯარით აღებაზე და ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ გაცემული გეგმა.
კასატორის მითითებით, საჯარო რეესტრი უფლებამოსილების განხორციელებისას ხელმძღვანელობს „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონით, რომელიც ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს, გადაწყვეტილება მიიღოს საჯარო რეესტრის მონაცემთა ერთიან ბაზაზე დაყრდნობით, დამატებითი კვლევა-ძიების ვალდებულება რეესტრს არ ევალება. კასატორის მითითებით, ვინაიდან, საჯარო რეესტრის მონაცემებში არსად ფიქსირდებოდა ს. ნ-ის საკუთრების უფლება, თვითმმართველის საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე დადებითი გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
კასატორი მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდქსის მე-17 მუხლის პირველ ნაწილსა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა გასაჩივრებული აქტებით მისი კანონიერი ინტერესისა თუ უფლების შეზღუდვის ფაქტს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 7 ივნისისა და 19 ივლისის განჩინებებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.
განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრებულია რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 14 ნოემბრის #... გადაწყვეტილება, რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 23 მაისის #... გადაწყვეტილება, ასევე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 7 სექტემბრის #... გადაწყვეტილება, რომლითაც ს. ნ-ეს უარი ეთქვა რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობაზე, რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობის ნაწილში კი, ადმინისტრაციული საჩივარი დარჩა განუხილველი.
სარეგისტრაციო სამსახურის სადავო გადაწყვეტილებებთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ ს. ნ-ის საქმის ჯეროვნად განხილვის მიზნებიდან გამომდინარე, მარეგისტრირებელ ორგანოს გააჩნდა ვალდებულება, თავისი ინიციატივით შეესწავლა სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთზე მანამდე განხორციელებული რეგისტრაციის კანონიერება, საქმეში ჩაერთო დაინტერესებული პირები, გამოეკვლია თითოეული მათგანის უფლების დამდგენი დოკუმენტებიდან გამომდინარე უფლებების ფარგლები და ამის საფუძველზე მიეღო გადაწყვეტილება. აღნიშნული საჭიროება უგულებელყოფილ იქნა ადმინისტრაციული საჩივრის თაობაზე გამოტანილი, 2016 წლის 7 სექტემბრის გადაწყვეტილებითაც, რომლითაც, მართალია, სრულიად კანონზომიერად არ იქნა გაზიარებული რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე გასაჩივრებული გადაწყვეტილების საფუძვლად უფლების დამდგენი დედანი დოკუმენტების წარუდგენლობის ფაქტი, რამეთუ არქივიდან მონაცემების გამოთხოვით დადასტურდა მათი ნამდვილობა, თუმცა სადავო შედეგი შენარჩუნდა იმაზე მითითებით, რომ საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარებოდა სასაფლაოსა და პანთეონის ტერიტორია. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ს. ნ-ის უფლების დამდგენი დოკუმენტებიდან გამომდინარე, სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთის მიმდებარე ნაკვეთებზე დარეგისტრირებული უფლებები და მათი შეფასება მარეგისტრირებელ ორგანოს უქმნიდა პირობებს, დაედგინა იმ ტერიტორიის არეალი, რომელზეც არსებობდა კერძო პირების მართლზომიერი სარგებლობის უფლება, რაც გამორიცხავდა მუნიციპალიტეტის უფლების დარეგისტრირების შესაძლებლობას.
ამდენად, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უგულებელყო ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულება - ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე სრულყოფილად განეხილა დავა, ჯეროვნად გამოეკვლია საქმის გარემოებები და სათანადოდ, კანონის შესაბამისად შეეფასებინა ისინი, რამაც შელახა მოსარჩელის კანონიერი მოლოდინი ადმინისტრაციული ორგანოსაგან კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებაზე.
რაც შეეხება ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის ნაწილში სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 7 სექტემბრის #... გადაწყვეტილებას, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 25 მაისის #ბს-1695-1651(კ-10) გადაწყვეტილებასა და 2015 წლის 14 ივლისის #ბს-408-403(2კ-14) განჩინებაზე და აღნიშნავს, რომ მითითებულ ადმინისტრაციულ საქმეებზე გაკეთებული განმარტებებით, საკასაციო სასამართლომ დასაშვებად მიიჩნია, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ტერიტორიული სამსახურების მიერ მიღებული გადაწყვეტილების (მათ შორის, საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების) კონტროლის/გადამოწმების შესაძლებლობა.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 29.3 მუხლი (მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება უფლების რეგისტრაციის, ასევე მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ საჩივრდება სასამართლო წესით. რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლო წესით) არ გამორიცხავს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილებას წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში გადაამოწმოს ტერიტორიული სამსახურების მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება. ამასთან, საკასაციო სასამართლოს მითითებით, ს. ნ-ის ადმინისტრაციული საჩივარი სრულად უნდა ყოფილიყო განხილული არსებითად, კერძოდ, გადამოწმებული უნდა ყოფილიყო როგორც 2016 წლის 23 მაისის გადაწყვეტილების, ასევე, 2011 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილების კანონიერება, რამეთუ ამ უკანასკნელის შეფასების გარეშე შეუძლებელი იყო სადავო საკითხის გადაწყვეტა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არ არის სათანადოდ გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რაც ადასტურებს მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საჭიროებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 15.07.2019წ. №21259 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 თებერვლის განჩინება;
3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 15.07.2019წ. №21259 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი