საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 420-დად 13 ოქტომბერი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გაბრიჩიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),თ. ლალიაშვილი,მ. ისაევი
განიხილა მსჯავრდებულ ა. ა-ს კერძო საკასაციო საჩივარი წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 1 სექტემბრის დადგენილებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა გეგუთის ¹... სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის წარდგინება მისი სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 20 თებერვლის განაჩენით ა. ა-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “გ” ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
ა. ა-ძე სასჯელს იხდის 2002 წლის 16 აგვისტოდან. სასჯელის 3/4 მოიხადა 2004 წლის 16 აგვისტოს.
სასჯელის 3/4-ის მოხდის შემდეგ, გეგუთის ¹... სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა წყალტუბოს რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ა. ა-ის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლება.
წყალტუბოს რაიონულმა სასამართლომ 2005 წლის 1 სექტემბრის დადგენილებით წარდგინება არ დააკმაყოფილა.
მსჯავრდებული ა. ა. კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს მითითებული დადგენილების გაუქმებასა და სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებას, რასაც ასაბუთებს იმით, რომ მოხდილი აქვს სასჯელის 3/4.
პროკურორი ო. რ. არ ეთანხმება საჩივრის მოთხოვნას და შუამდგომლობს დადგენილების უცვლელად დატოვებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო წარმოდგენილ მასალებს, მოუსმინა პროკურორს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მართალია, მსჯავრდებულ ა. ა-ეს მოხდილი აქვს დანიშნული სასჯელის 3/4, რაც, თანახმად საქართველოს სსკ-ის 72-ე მუხლის მესამე ნაწილის “გ” ქვეპუნქტისა, სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების აუცილებელი პირობაა, მაგრამ ამავე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით სასამართლოს შეუძლია პირობით ვადამდე გაათავისუფლოს მსჯავრდებული, თუ იგი მიიჩნევს, რომ მისი გამოსწორებისათვის საჭირო აღარ არის დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ ა. ა. სასჯელს იხდის მძიმე დანაშაულისათვის, ადრე ნასამართლევია, წყალტუბოს რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილების გამოტანის დროისათვის მას მოსახდელად დარჩენილი ჰქონდა _ 11 თვე და 15 დღე, სასამართლომ მიზანშეუწონლად ჩათვალა ამ ეტაპზე სასჯელის მოხდისაგან მისი გათავისუფლება, რასაც ეთანხმება საკასაციო პალატა და სასამართლოს დადგენილებას მიიჩნევს კანონიერად. ამდენად, საჩივრის მოთხოვნას დარჩენილი სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ პალატა არ იზიარებს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 1 სექტემბრის დადგენილება მსჯავრდებულ ა. Aა-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.