საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 29.03.2005
საქმის ნომერი
2კ-149კოლ.-04
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
29.03.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 149-კოლ 29 მარტი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: დ. სულაქველიძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი (მომხსენებელი),თ. ლალიაშვილი

განიხილა ადვოკატ ლ. ა-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 8 ნოემბრის განაჩენზე ა. ყ-ს მიმართ.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 8 ნოემბრის განაჩენით ა. ყ-ს საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის I ნაწილით სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2004წ. 28 მარტიდან.

განაჩენით ა. ყ-ს მსჯავრი დაედო ქრთამის აღებაში, რაც გამოიხატა შემდეგში:

ა. ყ. 1993 წლიდან მუშაობდა შს სამინისტროს საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს ავტომაგისტრალების ... განყოფილების საგზაო პოლიციის უფროსი ინსპექტორის თანამდებობაზე და იყო მოხელე. 2004წ. 27 მარტს ასრულებდა რა სამსახურებრივ მოვალეობას, ბოლნისის რაიონის სოფ. ... ტრასაზე გააჩერა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევით მოძრავი “მოსკვიჩი”, რომელსაც მართავდა მ. პ. ა. ყ-მ, სამსახურებრივ მოთხოვნათა შესაბამისად, მ. პ-ს მოსთხოვა მძღოლის მოწმობა და ავტომანქანის სარეგისტრაციო დოკუმენტები, რაც ამ უკანასკნელმა ვერ წარუდგინა იმ მოტივით, რომ დაკარგული ჰქონდა. ა. ყ-ს სამსახურებრივად ევალებოდა, ავტომანქანა გადაეყვანა სპეციალურ საჯარიმო მოედანზე, რაც არ შეასრულა და მ. პ-ს ქრთამის სახით მოსთხოვა 30 ლარი. ვინაიდან მ. პ-ს თანხა არ ჰქონდა, მან ა. ყ-ს დაუტოვა მობილური ტელეფონი იმ პირობით, რომ 30 ლარს მეორე დღეს მიუტანდა. 2004წ. 28 მარტს სოფ. თელეთის საგზაო პოლიციის საგუშაგოსთან მ. პ-მ ქრთამის სახით 30 ლარი გადასცა ა. ყ-ს, სანაცვლოდ ა. ყ-მ დაუბრუნა მობილური ტელეფონი და სამგზავროდ _ 5 ლარი. ქრთამის აღების მომენტში იგი მხილებულ იქნა დანაშაულში. პირადი ჩრეკისას ა. ყ-ს აღმოაჩნდა სპეციალური ქიმიური ფხვნილით წინასწარ დამუშავებული სამი ათლარიანი კუპიურა.

საკასაციო საჩივრით ადვოკატი ლ. ა. ითხოვს განაჩენის შეცვლას და ა. ყ-ს ქმედების სსკ-ის 333-ე და 342-ე მუხლების პირველი ნაწილებით დაკვალიფიცირებას.

საჩივარში ადვოკატი აღნიშნავს, რომ, ვინაიდან მ. პ. ავტომანქანას მართავდა მძღოლის მოწმობისა და ავტომანქანის სარეგისტრაციო საბუთების გარეშე, რომელიც მას დაკარგული ჰქონდა, იგი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 121-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმსახურებდა დაჯარიმებას 20-25 ლარის ფარგლებში. ადვოკატი სადავოდ არ ხდის, რომ მსჯავრდებულმა მ. პ-საგან აიღო 30 ლარი, საიდანაც 5 ლარი უკან დაუბრუნა, მაგრამ მიაჩნია, რომ ეს თანხა იყო არა ქრთამი, არამედ _ ჯარიმა, რომლის აღების უფლება მსჯავრდებულს ადგილზე არ ჰქონდა. ადვოკატს მიაჩნია, რომ ამ ქმედებით მსჯავრდებულმა გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას. რაც შეეხება იმას, რომ მსჯავრდებულმა მ. პ-ს არ ჩამოართვა ავტომანქანა და არ გადაიყვანა საჯარიმო მოედანზე, ადვოკატის აზრით, ამ ქმედებით მსჯავრდებულმა ჩაიდინა სამსახურებრივი გულგრილობა.

საკასაციო პალატის სხდომაზე ადვოკატმა ლ. ა-მ მოითხოვა თავისი საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება.

სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა გ. მ-მ საკასაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირა. მან განაჩენი ა. ყ-ს მიმართ მიიჩნია კანონიერად და მოითხოვა მისი უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. საკასაციო საჩივრის მოტივები, რომ თითქოს ა. ყ-მ მ. პ-საგან 30 ლარი აიღო არა ქრთამის სახით, არამედ _ როგორც ჯარიმა; რომ, რადგან მსჯავრდებულმა დაზარალებულის ავტომანქანა არ გადაიყვანა საჯარიმო მოედანზე, ამ მოქმედებით ჩაიდინა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და სამსახურებრივი დაუდევრობა, უსაფუძვლოა და პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან ამ მოტივების დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ მოიპოვება.

საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, დაზარალებულ მ. პ-ს ჩვენებებით, შემთხვევის ადგილზე მსჯავრდებულის დაკავებისა და მისთვის წინასწარ დამუშავებული ფულის კუპიურების აღმოჩენის ოქმებით დადასტურებულია მსჯავრდებულ ა. ყ-ს მიერ დაზარალებულ მ. პ-საგან ქრთამის სახით 30 ლარის აღების ფაქტი. პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ ა. ყ-ს მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება სწორად არის დაკვალიფიცირებული სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით.

ამასთან ერთად, პალატა აღიშნავს, რომ, მართალია, სასამართლომ ა. ყ-ს განუსაზღვრა სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმი, მაგრამ იგი მეტისმეტად მკაცრი და აშკარად უსამართლოა. პალატა ითვალისწინებს რა მსჯავრდებულის პიროვნებას, მის დადებით დახასიათებას, ოჯახურ მდგომარეობას, რომ კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და ორი არასრულწლოვანი შვილი, ასევე ქრთამად აღებული თანხის ოდენობას (30 ლარს), თვლის, რომ ა. ყ-ს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი უნდა შეუმცირდეს 2 წლამდე. დანარჩენ ნაწილში განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 8 ნოემბრის განაჩენი შიცვალოს იმ მიმართებით, რომ ა. ყ-ს, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს 3 წლითYდა საბოლოოდ მოსახდელად დარჩეს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება