საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 11.10.2005
საქმის ნომერი
2კ-352აპ.-05
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
11.10.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 352-აპ 11 ოქტომბერი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე (მომხსენებელი),მ. გოგელია

განიხილა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ. მ-ს საკასაციო საჩივარი აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 10 ივნისის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

რ. თ. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მიერ 2005წ. 10 მარტის განაჩენით მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის _ ქურდობის, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების ჩადენისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რის გამოც სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

მისი დამცველის მიერ შეტანილი სააპელაციო საჩივრის საფუძველზე აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატამ 2005წ. 10 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულ რ. თ-ს სასიკეთოდ ცვლილება შეიტანა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენში და სასამართლოს მიერ დანიშნული რეალური სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით _ ჩაუთვალა პირობით, ხოლო გამოსაცდელ ვადად განუსაზღვრა 2 წელი.

განაჩენის მიხედვით, რ. თ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

2004წ. აპრილის თვეში, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და რიცხვში, ხელვაჩაურის რაიონის სოფ. შარაბიძეებში მცხოვრებ ა. ჯ-ს საცხოვრებელ სახლში, ეწეოდა რა დაქირავებულ სამუშაოს და ამით ჰქონდა სახლში შესვლის უფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მუშაობის დროს, ფარულად დაეუფლა ა. ჯ-ს შვილის, არასრულწლოვან ვ. ჯ-ს კუთვნილ, “სიმენსის” მოდელის მობილური ტელეფონის აპარატს, ღირებულს 100 აშშ დოლარად, რითაც დაზარალებულს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.

სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ. მ-მ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, რომლითაც ითხოვს აღნიშნული განაჩენის გაუქმებასა და რ. თ-ს ბრალდების საქმის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნებას ხელახლა განსახილველად და მსჯავრდებულისათვის რეალური სასჯელის შესაფარდებლად.

პალატის სხდომაზე განხილვისას პროცესში მონაწილე პროკურორმა ნ. ნ-მ მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.

მსჯავრდებულ რ. თ-ს დამცველმა, ადვოკატმა ხ. ა-მ მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივარს და ითხოვა, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 10 ივნისის განაჩენი მსჯავრდებულ რ. თ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები მსჯავრდებულ რ. თურმანიძის ბრალდების თაობაზე, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მოუსმინა მხარეებს, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

კასატორმა თავის საჩივარში ითხოვა რა მსჯავრდებულის მიმართ პირობითი მსჯავრის გაუქმება, მიუთითა შემდეგ გარემოებებზე: პირველი _ ა. თ-ს მიერ ჩადენილია მძიმე კატეგორიის დანაშაული; მეორე _ ხელვაჩაურის რაიონში ქურდობის ფაქტების რაოდენობრივი ზრდა და ამასთან დაკავშირებით მოსახლეობის უკმაყოფილება. უნდა აღინიშნოს, რომ ორივე არგუმენტი მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს, ვინაიდან სისხლის სამართლის კანონი არ ზღუდავს პირობით მსჯავრის გამოყენებას მძიმე დანაშაულთა ჩადენის შემთხვევაში, თუკი სახეზეა საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლით გათვალისწინებული პირობები. რაც შეეხება ქვეყნის ამა თუ იმ რეგიონში გარკვეული სახის დანაშაულის შემთხვევების მომრავლებას და ამით გამოწვეულ მოსახლეობის უკმაყოფილებას, იგი არ შეიძლება იქცეს შეფასების კრიტერიუმად კონკრეტულ ფაქტთან მიმართებით კონკრეტული პირის ბრალის ხარისხის განსაზღვრისა და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ინდივიდუალიზაციის დროს, ვინაიდან ამ უკანასკნელის საფუძველს, კანონის თანახმად, წარმოადგენს დანაშაულის ჩადენის გარემოებები, თვით ქმედების ჩამდენის პიროვნული მახასიათებლები და, აქედან გამომდინარე, სასჯელის მიზნის მისაღწევად სისხლისსამართლებრივი რეპრესიის საკმარისი ზომის განსაზღვრა. პალატა თვლის, რომ, აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ რ. თ-ს მიმართ სწორად განსაზღვრა საჭირო სისხლისსამართლებრივი ღონისძიება მასზე ზემოქმედებისათვის, მისი გამოსწორებისა და სწრაფი რესოციალიზაციის მიზნით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბილკის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 10 ივნისის განაჩენი მსჯავრდებულ რ. თ-ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო კასატორს უარი ეთქვას მისი საჩივრის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ. მ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 10 ივნისის განაჩენი მსჯავრდებულ რ. თ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.