საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 31-აპ 5 აპრილი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ი. ბიბილაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მ. ისაევი,ნ. გაბრიჩიძე
განიხილა ქუთაისის საქალაქო პროკურორის თანაშემწის _ შ. ვ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 17 დეკემბრის განაჩენზე, რომლითაც შეიცვალა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 19 ოქტომბრის განაჩენი ჯ. ჩ-სა და ლ. კ-ის მიმართ.
აღწერილობითი ნაწილი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 19 ოქტომბრის განაჩენით ჯ. ჩ-ს და ლ. კ-ს საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა", “გ" და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის “გ" ქვეპუნქტით სასჯელის ზომად განესაზღვრათ 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებაში მოხდით.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 17 დეკემბრის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეიცვალა იმ მიმართებით, რომ მსჯავრდებულებს _ ჯ. ჩ-სა და ლ. კ-ს სასჯელი _ 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა _ შეეცვალათ პირობითი მსჯავრით და გამოსაცდელ ვადად დაუწესდათ 3-3 წელი.
განაჩენით არასრულწლოვანებს _ ჯ. ჩ-სა და ლ. კ-ს მსჯავრი დაედოთ იმაში, რომ მათ 2004 წლის 31 მარტს ჯგუფურად, წინასწარი შეთანხმებით, ქურდობის მიზნით, შეაღწიეს მ. კ-ს სახლში და ფარულად გაიტაცეს მისი 4100 აშშ დოლარის ღირებულების ნივთები.
საკასაციო საჩივრით ქუთაისის პროკურორის თანაშემწე შ. ვ ითხოვს სასჯელის მეტისმეტი სიმსუბუქის მოტივით ჯ. ჩ-სა და ლ. კ-ს მიმართ განაჩენის გაუქმებას. პროკურორი თვლის, რომ მსჯავრდებულების მიერ ჩადენი.განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურებული არ არის. მისი აზრით, ასეთ პირობებში სააპელაციო პალატას მსჯავრდებულებისათვის დანიშნული სასჯელი _ 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა _ არ უნდა შეეცვალა პირობითი მსჯავრით.
საკასაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა ლ. ქ-მ საკასაციო საჩივარს მხარი დაუჭირა და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება. მსჯავრდებულების ინტერესების დამცველმა, ადვოკატებმა _ ნ. ი-მ და მ. ა-მ საკასაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირეს და მოითხოვეს განაჩენის უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით მსჯავრდებულების _ ლ. კ-სა და ჯ. ჩ-ს მიერ მათთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია და მას სწორი სამართლებრივი შეფასება აქვს მიცემული.
საკასაციო პალატა არ იზიარებს პროკურორის თანაშემწის _ შ. ვ-ს საკასაციო საჩივრის მოთხოვნას ჯ. ჩ-სა და ლ. კ-ს მიმართ განაჩენის გაუქმების შესახებ, სასჯელის მეტისმეტი სიმსუბუქის მოტივით. საქართველოს სსსკ-ის 565-ე მუხლის თანახმად, მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმისა და პიროვნების შეუსაბამოდ ითვლება სასჯელი, რომელიც, თუმცა არ სცილდება კანონით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებს, მაგრამ თავისი სახითა და ზომით, მეტისმეტი სიმკაცრის ან სიმსუბუქის გამო, აშკარად უსამართლოა. მართალია, ჯ. ჩ-სა და ლ. კ-ს ჩადენილი აქვთ განსაკუთრებით მძიმე დანაშაული და დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანიც ანაზღაურებული არ არის, მაგრამ საკასაციო პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულთა მიმართ სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ" ქვეპუნქტით 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდება და ამ სასჯელის შეცვლა პირობითი მსჯავრით არ არის მეტისმეტად მსუბუქი და აშკარად უსამართლო. პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მსჯავრდებულები არიან არასრულწლოვნები, ხასიათდებიან დადებითად, ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ და ინანიებენ, მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ ჯ. ჩ წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა 9 თვემდე. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 17 დეკემბრის განაჩენი ჯ. ჩხ-ა და ლ. კ-ს მიმართ კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე, 568-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 17 დეკემბრის განაჩენი ჯ. ჩ-სა და ლ. კ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.