საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 215-აპ 15 სექტემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი (მომხსენებელი),მ. გოგელია
განიხილა მსჯავრდებულ ლ. ი-ისა და დაზარალებულ დ. ო-ს საკასაციო საჩივრები თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 4 აპრილის განაჩენზე, რომლითაც შეიცვალა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 5 ოქტომბრის განაჩენი ლ. ი-ს მიმართ.
აღწერილობითი ნაწილი:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 5 ოქტომბრის განაჩენით ლ. ი-ს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ”, “გ” ქვეპუნქტებით სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 1 წელი და 6 თვე და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 4 აპრილის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს განაჩენი ლ. ი-ს მიმართ შეიცვალა შემდეგი მიმართებით: სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მსჯავრდების ნაწილში ლ. ი გამართლდა. დანარჩენ ნაწილში განაჩენი მის მიმართ დარჩა უცვლელად.
განაჩენით ლ. ი-ს მსჯავრი დაედო დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ქურდობისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 5 ნოემბრის დადგენილებით ლ. ი პირობით ვადამდე _ 2 წლით, 1 თვითა და 19 დღით ადრე გათავისუფლდა იმავე სასამართლოს 1998 წლის 25 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან. მიუხედავად ამისა, იგი არ დაადგა გამოსწორების გზას და 2004 წლის 3 აპრილს ქურდობის მიზნით შეაღწია ე. დ-ს ბინაში, საიდანაც ფარულად გაიტაცა დ. ო-ს ნივთები, რითაც მან დაზარალებულს მიაყენა 13100 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული ლ. ირ ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას.
საკასაციო საჩივრით დაზარალებულ დ. ო-ს ლ. ი-ს მიმართ დანიშნული სასჯელი მიაჩნია ლმობიერად; იგი თვლის, რომ, ვინაიდან მსჯავრდებული სამჯერ ნასამართლევია, იმსახურებს უფრო მკაცრ სასჯელს.
პალატის სხდომაზე მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ბ-მ მხარი დაუჭირა ლ. ი-ს საკასაციო საჩივარს და მოითხოვა მის მიმართ შეფარდებული სასჯელის შემსუბუქება იმ მოტივით, რომ მან აღიარა და მოინანია დანაშაული, კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი. მსჯავრდებულმა ლ. ი-მ მოინანია დანაშაული და პალატას სთხოვა სასჯელის შემსუბუქება. სახელმწიფო ბრალდების მხრადამჭერმა პროკურორმა რ. ს-მ საკასაციო საჩივრებს მხარი არ დაუჭირა. მან თბილისის საოლქო სასამართლოს განაჩენი ლ. ი-ის მიმართ მიიჩნია კანონიერად და მოითხოვა მისი უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია და თვლის, რომ საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, თვით მსჯავრდებულის აღიარებით, დაზარალებულ დ. ო-ს, მოწმე ზ. თ-ს ჩვენებებით, ნივთმტკიცებებით ლ. ი-ს მიერ მასზე ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია და მას სწორი სამართლებრივი შეფასება აქვს მიცემული.
სასამართლომ გაითვალისწინა რა მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და ხასიათი, მისი პიროვნება, წარსული ნასამართლობა, სასჯელი დაუნიშნა იმ ზომით, რაც არ არის მეტისმეტად მკაცრი ან მეტისმეტად მსუბუქი. ამდენად, პალატა თვლის, რაც თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 4 აპრილის განაჩენი ლ. ი-ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 4 აპრილის განაჩენი ლ. ი-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.