დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 18.01.2005
საქმის ნომერი
2კ-428აპ.-05
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
18.01.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 428-აპ 18 იანვარი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ისაევი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მ. გოგელია,დ. სულაქველიძე

განიხილა პროკურორ ხ. კ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 16 ნოემბრის განაჩენზე, რომლითაც ცვლილება შევიდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 29 სექტემბრის განაჩენში ი. გ-ს მიმართ, კერძოდ: ი. გ ცნობილ აქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის “გ" ქვეპუნქტითა და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით. ერთობლივად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით შეეცვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნა 4 წელი.

ი. გ პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზიდან გათავისუფლდა.

აღწერილობითი ნაწილი:

განაჩენით დადგენილად მიჩნეულია შემდეგი:

2004 წლის 14 თებერვალს ი. გ-მ განიზრახა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლებოდა სხვის მოძრავ ნივთს. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად მან იმავე დღეს, დაახლოებით 23 საათზე, თანნაქონი ძალაყინის გამოყენებით, კედლის გამონგრევის გზით, უკანონოდ შეაღწია ქ. ქუთაისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში განთავსებულ კ. ლ-ს კუთვნილ ავტოფარეხში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა 140 ლარად ღირებულ მანქანის ოთხ საბურავს თავისივე დისკებით; 50 ლარად ღირებულ ავტომანქანის აკუმულატორს; 20 ლარად ღირებულ ავტომანქანის მაგნიტოფონს; 10 ლარად ღირებულ ავტომანქანის ამწეს; 15 ლარად ღირებულ საბურავების ჰაერტუმბოს; 30 ლარად ღირებულ ავტომანქანის შესაკეთებელ იარაღთა კომპლექსს, რითაც დაზარალებულს სულ მიაყენა 265 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. აღნიშნული ნივთები მან გაყიდა, საიდანაც 160 ლარის ღირებულების ნივთების ნაწილი პოლიციის მუშაკებმა ამოიღეს, ხოლო 105 ლარად ღირებული დანარჩენი ნივთები ვერ იქნა ამოღებული.

მანვე გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში შეიძინა 6,3 გრამი ნარკოტიკული საშუალება “მარიხუანა", რომელიც ასევე უკანონოდ შეინახა თავის საცხოვრებელ სახლში, ქ. ქუთაისში, ... 2004 წლის 19 თებერვალს ქ. ქუთაისის შს სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების მუშაკებმა ი. გ-ს საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკისას ამოიღეს ზემოაღნიშნული ოდენობის ნარკოტიკული საშუალება “მარიხუანა".

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი ხ. კ ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებას და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის გადაცემას, იგი მიუთითებს, რომ მსჯავრდებულ ი. გ-ს მიმართ განსაზღვრული სასჯელი არის აშკარად მსუბუქი და იგი უნდა გამკაცრდეს, რადგან მას მსჯავრი დაედო მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, რომელიც ანგარებითი ხასიათისაა. ამასთან, სასამართლომ სათანადოდ არ შეისწავლა მსჯავრდებულ ი. გ-ს პიროვნება, სასამართლო სხდომაზე არ იქნენ მიწვეულნი დახასიათების ავტორები და არ დაკითხულან ისინი, არ შემოწმებულა, დახასიათებები ხომ არ იყო ფორმალური და სხვა.

წარმოდგენი.მსჯავრდებულ ი. გ-ს შესაგებელი, რომლითაც იგი ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვებას.

პალატის სხდომაზე პროკურორმა ხ. კ-მ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მან მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების შესახებ.

მსჯავრდებულმა ი. გ-მ აღნიშნა, რომ იგი ინანიებს ჩადენილ დანაშაულს და შუამდგომლობს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვებას. მანვე წარმოადგინა დაზარალებული კ. ლ-ს განცხადება და მეზობლების შუამდგომლობა, რაც დაერთო საქმეს.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება და თვლის, რომ მოცემულ საქმეზე ი. გ-ს მიმართ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი განაჩენი არის კანონიერი და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო: საქმის მასალებით მსჯავრდებულ ი. გ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული დადგენილია, მის ქმედებას მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება. სააპელაციო პალატამ სასჯელის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ მსჯავრდებულმა ი. გ-მ აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, არის ახალგაზრდა (18 წლის), მისი წარსული არაფრითაა შებღალული, დაზარალებულს ნებაყოფლობით აუნაზღაურა მიყენებული ზიანი, ხასიათდება უაღრესად დადებითად.

საკასაციო პალატის სახელზე წარმოდგენი.ი. გაბუნიას მეზობლების შუამდგომლობა, რომელშიც მითითებულია, რომ ი. გ მეზობლებს შორის სარგებლობს კარგი ავტორიტეტით, სხვა დროს ცუდ საქმეში არ ყოფილა შემჩნეული, მეზობლები უდგებიან თავდებად, რომ იგი მომავალში არანაირ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას არ ჩაიდენს.

აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ ი. გ-ს მიმართ შეფარდებული სასჯელი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს აშკარად უსამართლოდ, როგორც მსუბუქი და ამ მოტივით განაჩენის გაუქმების საფუძველი არ მოიპოვება.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

პროკურორის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 16 ნოემბრის განაჩენი ი. გ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.