საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 432-აპ 10 ნოემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გაბრიჩიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ი. ტყეშელაშვილი,მ. ისაევი
განიხილა ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ. ო-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 3 აგვისტოს განაჩენზე, რომლითაც ხარაგაულის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 21 ივნისის განაჩენი მსჯავრდებულების _ ფ. და ტ. რიჟამაძეების მიმართ დარჩა უცვლელად.
აღწერილობითი ნაწილი:
ხარაგაულის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 21 ივნისის განაჩენით:
1. ფ. რ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და ამავე მუხლის მესამე ნაწილის “გ” ქვეპუნქტებით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით სასჯელად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი;
2. ტ. რ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და ამავე მუხლის მესამე ნაწილის “გ” ქვეპუნქტებით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით სასჯელად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი.
განაჩენით ფ. და ტ. რ-ებს მსჯავრი დაედოთ იმაში, რომ ჩაიდინეს ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, საცავში უკანონო შეღწევით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2005 წლის თებერვალში, ზუსტი რიცხვი დაუდგენელია, ფ. და ტ. რ-ებმა განიზრახეს ფარულად გაეტაცებინათ ქ. თერჯოლაში მდებარე სასურსათო კომბინატიდან ამ წარმოების კუთვნილი, უჟანგავი ლითონისაგან დამზადებული ერთი ცალი ტომატის სახდელი, ე.წ. “ჩანი”. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, მათ შეაღწიეს აღნიშნულ ტერიტორიაზე და კომბინატის საამქროდან ფარულად გაიტაცეს 1 ცალი უჟანგავი ფოლადისაგან დამზადებული ტომატის სახდელი, ე.წ. “ჩანი”, ზომებით 1მ და 50 სმ სიგრძისა და 1მ და 30 სმ სიგანის, წონით 58 კგ, ღირებული 150 ლარად, რაც მეორე დღეს წაიღეს და ჩააბარეს ქ. ზესტაფონში, სასურსათო ბაზრის ტერიტორიაზე, ... მდებარე მაღაზიის მფლობელს, ზესტაფონში მცხოვრებ ა. შ-ს, რაშიც აიღეს 116 ლარი.
აღნიშნული განაჩენი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 3 აგვისტოს განაჩენით დარჩა უცვლელად.
პროკურორი თ. ო საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და საქმის დაბრუნებას ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის.
მსჯავრდებულები _ ფ. და ტ. რ-ები შესაგებლით ითხოვენ განაჩენის უცვლელად დატოვებას.
პალატის სხდომაზე პროკურორმა რ. ჩ-მ მხარი დაუჭირა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილება.
პალატის სხდომაზე მსჯავრდებულების _ ფ. და ტ. რ-ების ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ა-მ იშუამდგომლა განაჩენის უცვლელად დატოვება.
პალატის სხდომაზე მსჯავრდებულებმა _ ფ. და ტ. რ-ებმა ითხოვეს განაჩენის უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:საქმეზე შეკრებილი და სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით სავსებით დადგენი.ფ. და ტ. რ-ების ბრალეულობა მათზე შერაცხულ დანაშაულში. გამოძიება და სასამართლო განხილვა ჩატარებულია სრულყოფილად და საპროცესო ნორმების დაცვით.
რაც შეეხება პროკურორის საკასაციო საჩივრის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ფ. და ტ. რ-ებისათვის განსაზღვრული სასჯელი აშკარად მსუბუქია, საკასაციო პალატა არ იზიარებს.სააპელაციო სასამართლომ სასჯელის განსაზღვრისას გაითვალისწინა, რომ ისინი არიან ახალგაზრდები, ტყუპი ძმები, ხასიათდებიან დადებითად, ოჯახი განიცდის უკიდურეს ეკონომიკურ გაჭირვებას, რის გამოც მათმა მამამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ნასამართლევები არ არიან, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი რაიმე გარემოება არ გააჩნიათ. საკასაციო პალატა თვლის, რომ, ზემოაღნიშნულ გარემოებათა გამო, ფ. და ტ. რ-ების მიმართ შეფარდებული სასჯელი არ შეიძლება ჩაითვალოს აშკარად მსუბუქად და უკანონოდ.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 3 აგვისტოს განაჩენი მსჯავრდებულების _ ფ. და ტ. რ-ების მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.