განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 446-აპ 1 დეკემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: დ. სულაქველიძე (თავმჯდომარე),მ. გოგელია (მომხსენებელი),ი. ბიბილაშვილი
განიხილა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ შ. ვ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 8 აგვისტოს განაჩენზე, რომლითაც უცვლელად დარჩა ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 20 მაისის განაჩენი ნ. ა-ს მიმართ.
აღწერილობითი ნაწილი:
ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 20 მაისის განაჩენით ნ. ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ” ქვეპუნქტით, 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ” ქვეპუნქტით და ერთობლივად მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით – 4 წლის გამოსაცდელი ვადით და დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სხდომის დარბაზიდან.
აღნიშნული განაჩენი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 8 აგვისტოს განაჩენით დარჩა უცვლელად.
ნ. ა-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა სადგომში უკანონო შეღწევით ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რაც გამოიხატა შემდეგში:
2005 წლის 21 იანვარს ნ. ა მისი მართვის ქვეშ მყოფი, მამის კუთვნილი ავტომანქანით „...” მოძრაობდა ქუთაისი-ტყიბულის საავტომობილო გზაზე. დაახლოებით 3 საათზე სოფ. ..., გზის პირას, შენიშნა მოქალაქე ლ. რ-ს კუთვნილი სასურსათო მაღაზია და გადაწყვიტა მისი გაქურდვა. განზრახვის სისრულში მოსაყვანად მან გატეხა მაღაზიის ბოქლომი, შეაღწია შიგ და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა სხვადასხვა მატერიალურ ფასეულობას, რითაც დაზარალებულ ლ. რ-ს მიაყენა 1368,3 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორი შ. ვ ითხოვს ნ. ა-ს მიმართ დადგენილი განაჩენის გაუქმებას სასჯელის მეტისმეტი სიმსუბუქის გამო, იმ მოტივით, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების სიმძიმე, მისი განხორციელების ხერხი და სახე.
პალატის სხდომაში მონაწილე პროკურორმა რ. ჩ-მ მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს, იშუადგომლა ნ. ა-ს მიმართ დადგენილი განაჩენის გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში.
მსჯავრდებულ ნ. ა-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. გ-მ ითხოვა განაჩენის უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ განიხილა რა საქმის მასალები, შეამოწმა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა პოზიცია, თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 8 აგვისტოს განაჩენი ნ. ამ-ს მიმართ უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა თვლის, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოში მონაწილე პროკურორ თ. ძ-ს საკასაციო საჩივარი ნ. ა-ს მიმართ სასჯელის გამკაცრების შესახებ და მას დაუნიშნა მეტისმეტად მსუბუქი სასჯელი.
სააპელაციო პალატას უნდა გაეთვალისწინებინა ნ. ა-ს მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების სიმძიმე, ხასიათი, მისი განხორციელების სახე და ხერხი.
საკასაციო პალატა თვლის, რომ ნ. ა-ს მიმართ შეფარდებული პირობითი მსჯავრი, 4 წლის გამოსაცდელი ვადის დაწესებით, აშკარად ლმობიერია, ამიტომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 8 აგვისტოს განაჩენი ნ. ა-ს მიმართ უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე" ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 8 აგვისტოს განაჩენი ნ. ა-ს მიმართ და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.