დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ბს-823 (2კ-19) 23 ივლისი, 2020წ.
შსს ბს-823 (2კ-19) ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ნ. ტ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.01.2019წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. ტ-მა 22.08.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ ნ. ტ-ის ნაწილში „თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 03.01.2017წ. №... ბრძანების და ,,შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 02.05.2017წ. №... ბრძანების, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურასა და საშტატო განრიგში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 31.12.2016წ. №... ბრძანების ბათილად ცნობის, აგრეთვე ნ. ტ-ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ...ის სამმართველოს ...ის ქვეგანყოფილების წამყვანი ...ის თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის და ნ. ტ-ის კადრების განკარგულებაში გადაყვანის დღიდან სამსახურში აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი იძულებითი განაცდური შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურების დავალების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.12.2017წ. განჩინებით სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება დაუშვებლობის გამო, რაც კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ. ტ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.03.2018წ. განჩინებით კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული განჩინება და საქმე განხილვისთვის დაუბრუნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.10.18წ. გადაწყვეტილებით ნ. ტ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ნ. ტ-ის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის ნაწილში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 03.01.2017წ. №... და აგრეთვე ნ. ტ-ის სამსახურიდან დათხოვნის ნაწილში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიის 02.05.2017წ. №... ბრძანებები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ნ. ტ-თან დაკავშირებით გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან კანონით დადგენილ ვადაში, სამსახურში აღდგენის და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ნ. ტ-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.01.2019წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სწორად დადგინდა რეორგანიზაციის შედეგად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ...ის სამმართველოს ... ...ის განყოფილების მომარაგების ქვეგანყოფილებაში არსებული ...ის 3 საშტატო ერთეულიდან 2 ერთეულის შემცირება. სააპელაციო პალატამ გაიზიარა რეორგანიზაციის შედეგად დარჩენილ ერთ საშტატო ერთეულზე ნ. ტ-ის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობის თაობაზე დასკვნა. სასამართლომ აღნიშნა დისკრეციულ უფლებამოსილებაზე მითითებით მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების აუცილებლობის თაობაზე. სასამართლომ მიუთითა, რომ გასაჩივრებული აქტიდან არ იკვეთება გადაწყვეტილების მიღება თანასწორობის პრინციპის დაცვით, თანამშრომელთა პროფესიონალიზმისა და მათი უნარ-ჩვევების გათვალისწინებით. აღნიშნულ გარემოებებზე მითითებით სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დავის სასკ-ის 32.4 მუხლზე მითითებით გადაწყვეტა.
განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ნ. ტ-ის მიერ.
ნ. ტ-ი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების გზით სარჩელის სრულად დაკმაყოფილების თაობაზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას ითხოვს და აღნიშნავს, რომ დარღვეულია გასაჩივრებული აქტის მომზადების და გამოცემის წესი, არ არის დაცული მხარეთა თანასწორობის პრინციპი და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის ვალდებულება. ნ. ტ-ს გააჩნია მეტი სამუშაო გამოცდილება საფინანსო სფეროში, გაუგებარია რა კრიტერიუმით შეირჩა დარჩენილ ერთ შტატზე დასანიშნი პირი. დარჩენილ ერთ შტატზე დასანიშნი პირის შერჩევა კონკურსის საფუძველზე უნდა მომხდარიყო. არასწორად განხორციელდა რეორგანიზაცია, უცნობია რა გახდა რეორგანიზაციის საფუძველი, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურასა და საშტატო განრიგში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 31.12.2016წ. №... ბრძანება შეიცავს მხოლოდ სამსახურეობრივ საჭიროებაზე ზოგად მითითებას. მსგავ საკითხებზე ჩამოყალიბებული სასამართლო პრაქტიკის თანახმად შტატების შემცირებით რეორგანიზაციისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული თანამშრომლებთან დაკავშირებული მთელი რიგი გარემოებები და მხოლოდ მათი შესწავლის შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება, განსხვავებით სამსახურის ლიკვიდაციის შემთხვევისა. ნ. ტ-ის შემთხვევაში სამსახურს არ გაუთვალისწინებია მისი განათლება, პროფესიული გამოცდილება, სამუშაოს შესრულების ხარისხი და მოცულობა. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ნ. ტ-ის კადრების განკარგულებაში გადაყვანის თაობაზე ბრძანება გამოიცა სზაკ-ის მოთხოვნათა დარღვევით, კერძოდ, მას ზეპირი ფორმით ეცნობა კადრების განკარგულებაში გადაყვანის შესახებ, მას წერილობითი ფორმით არ გააცნეს აღიშნულის თაობაზე გადაწყვეტილება, რითიც შეეზღუდა უფლებების აღდგენის შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია საქმეზე სახალხო დამცველის მოკვლევის შედეგები, რომლითაც დადასტურდა ნ. ტ-ის უფლებათა დარღვევა რეორგანიზაციის გამო სამსახურიდან გათავისუფლებისას. აღნიშნული გარემოებებზე გადაწყვეტილებაში მითითების მიუხედავად სააპელაციო სასამართლომ მიიღო არასწორი გადაწყვეტილება, სადავო აქტების სასკ-ის 32.4 მუხლით ბათილად ცნობის თაობაზე, ნაცვლად სასკ-ის 6011 მუხლით აქტის ბათილად ცნობისა. სასამართლოს ნ. ტ-ის სარჩელი სრულად უნდა დაეკმაყოფილებინა.
კასატორი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების გზით სარჩელის უარყოფის თაობაზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას და აღნიშნავს, რომ არასწორია სასამართლოს დასკვნა გასაჩივრებული აქტების სზაკ-ის მოთხოვნათა დარღვევით მიღების თაობაზე. გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, ვინაიდან მასში მითითებული არ არის სამინისტროს კონკრეტული ქმედება, რომელიც კანონის დარღვევად შეფასდა. სასამართლოს მიერ მითითებული საერთაშორისო აქტები არ კრძალავს თანამშრომელთა გათავისუფლებას, შესაბამისად არარელევანტურია მათზე გადაწყვეტილებაში მითითება. რელევანტური არ არის აგრეთვე სასამართლოს მსჯელობა მასზედ, რომ გასაჩივრებული აქტები ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებია, აღნიშნული საკითხი სადავო არ ყოფილა მხარეთა შორის. ნ. ტ-ის გათავისუფლება განაპირობა სამინისტროში განხორციელებულმა რეორგანიზაციამ, რომლის შედეგად გაუქმდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ... ...ის სამმართველოს ... ...ის ქვეგანყოფილებაში არსებული 3 საშტატო ერთეულიდან 2 და დარჩა მხოლოდ 1 ერთეული. შტატის გაუქმება შეეხო ნ. ტ-ის მიერ დაკავებულ შტატს, რის საფუძველზეც იგი გადაყვანილი იქნა კადრების განკარგულებაში, საიდანაც გათავისუფლდა 4 თვის გასვლის შემდეგ. აღნიშნული განხორციელდა კანონმდებლობის სრული დაცვით, რაც არასწორად შეფასდა სასამართლოების მიერ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარებიან დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არიან დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არიან დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ნ. ტ-ის საკასაციო განაცხადი შეიცავს მითითებას „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურასა და საშტატო განრიგში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 31.12.2016წ. №... ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნაზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მითითებული ბრძანება დავის საგანს არ შეადგენდა სააპელაციო სასამართლოში, ვინაიდან ნ. ტ-ის სააპელაციო საჩივარი არ შეიცავდა აღნიშნული ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნას (ტ.1.ს.ფ.209-210). საკასაციო სასამართლო შეაფასებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას/განჩინებას იმ ნაწილში, რომელიც სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს შეადგენდა (სსსკ-ის 407.1 მუხ.).
მოსარჩელე კადრების განკარგულებაში გადაყვანილ იქნა რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების საფუძვლით, ხოლო მოგვიანებით გათავისუფლდა კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო. საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის … ...ის სამმართველოს … ...ის განყოფილების მომარაგების ქვეგანყოფილებაში არსებული ... ...ის 3 საშტატო ერთეულიდან 2 შემცირდა. საქმის მასალებით არ დასტურდება გასაჩივრებული აქტის მიღება სზაკ-ის მოთხოვნათა დაცვით, ვინაიდან სამინისტროს მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ნ. ტ-ის განთავისუფლებამდე საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის დამადასტურებელი მტკიცებულებანი, არ არის დასაბუთებული რეორგანიზაციამდე არსებული 3 საშტატო ერთეულზე დასაქმებულ პირთაგან რომელს ენიჭებოდა სამსახურში დარჩენის უპირატესობა, რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელა სამინისტრომ, როდესაც დარჩენილ შტატზე სამიდან ერთი თანამშრომლის დასაქმების საკითხი გადაწყვიტა. საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების უფლება გულისხმობს ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებას კანონიერების, მოქალაქეთა უფლებების პატივისცემის, თანასწორობის, ობიექტურობის, საქმის მიუკერძოებლად გადაწყვეტის პრინციპების დაცვით. ნ. ტ-ის სამსახურიდან გათავისუფლებამდე დადგენას საჭიროებდა მუშაკების სამსახურებრივ მოთხოვნებთან შესაბამისობის სხვადასხვა კრიტერიუმებით შეფასება, თითოეული მუშაკის პროფესიონალიზმის, შრომითი უნარ-ჩვევების, კომპეტენტურობის, მიღებული განათლების, კარიერული ზრდის პერსპექტივის, კრეატიულობის, პირადი თვისებების, თანამშრომლობის უნარის, კოლეგიალობის, რეპუტაციის, სხვა გარემოებების გათვალისწინება და კონკრეტული შემთხვევისათვის სათანადო გადაწყვეტილების მიღება, რაც განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება. ამდენად, დასაბუთებულია კასატორის ნ. ტ-ის მოსაზრება, რომ მის მიმართ გადაწყვეტილების მიღებისას სამსახურს არ დაუსაბუთებია მისი განათლების, პროფესიული გამოცდილების, სამუშაოს შესრულების ხარისხის და მოცულობის შედარება იმ პირის მონაცემებთან, რომელზეც მიღებული იქნა სამსახურში დარჩენის თაობაზე გადაწყვეტილება.
დასაბუთებული არ არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებისას რამოდენიმე შესაძლო გადაწყვეტილებიდან ყველაზე მისაღები გადაწყვეტილების მიღება. რეორგანიზაციის შედეგად თანამშრომელთა დასაქმების საკითხი ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებათა რიგს მიკუთვნება, რაც არ გამორიცხავს მასზე სასამართლო კონტროლის განხორციელებას. სასამართლო ფლობს დავის გადაწყვეტის სრულ იურისდიქციას, თუმცა სფეროს სპეციფიკის გათვალისწინებით განსხვავდება ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული სფეროს რეგულირების ხარისხი, სასამართლო კონტროლის სიმჭიდროვე, ინტენსივობა, შესაბამისად სასამართლოს კონტროლი ამ პირობებში უნდა იყოს სათანადო და თანაზომიერი, დასაცავი ობიექტის მნიშვნელობიდან გამომდინარე არ არის გამორიცხული დისკრეციის მიმართ გამკაცრებული ტესტის გამოყენება (სუსგ 13.02.2013წ. Nბს-448-443(კ-12)). სასამართლოს შეუძლია შეაფასოს გადაწყვეტილების მიღების პროცედურული მხარე, კანონმდებლობით განსაზღვრული დისკრეციული უფლებამოსილების საზღვრების გამოყენების დაცულობა და მიზანთან მისი შესაბამისობის სისწორე, შეფასების საყოველთაოდ მიღებული მასშტაბის, თანასწორობის პრინციპის დაცულობა. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების შედეგად შერჩეულმა ღონისძიებამ არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებების და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. აღნიშნული უფლებამოსილებით მიღებული გადაწყვეტილება საკმარისად დასაბუთებული უნდა იყოს მისი შინაარსის, საგნის, მიზნისა და მოცულობის მიხედვით. ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე პირს გარკვეულ დონეზე უნდა შეეძლოს მისი განჭვრეტა და გათვლა. ამდენად, დაუსაბუთებელია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი გადაწყვეტილების კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით მიღების თაობაზე.
საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ უშუალოდ ნ. ტ-ის მიერ დაკავებული შტატი გაუქმდა. რეორგანიზაციამდე და რეორგანიზაციის შემდგომი საშტატო ნუსხებით არ დასტურდება, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ... ...ის სამმართველოს ... ... განყოფილების მომარაგების ქვეგანყოფილების წამყვანი სპეციალისტის 3 შტატს შორის არსებობდა რაიმე განმასხვავებელი ნიშანი. აღნიშნულის თაობაზე მტკიცების ტვირთი შსს-ს ეკისრებოდა. არ დასტურდება რომ უშუალოდ ნ. ტ-ის შტატი გაუქმდა და აღნიშნულის გამო არ არსებობდა ნ. ტ-ის გათავისუფლების დასაბუთების საჭიროება. ერთ შტატზე დარჩენის უფლებით თანაბრად სარგებლობდა სამივე თანამშრომელი. დასაქმების უარყოფის შესახებ გადაწყვეტილება საჭიროებდა შესაბამის დასაბუთებას. ამასთანავე, სასკ-ის 32.4 მუხლით დავის გადაწყვეტა არ გამორიცხავს მოსარჩელის მიმართ იმავე გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად ადმინისტრაციულ ორგანოს არ ევალება კონკრეტული შინაარსის ადმინისტრაციული აქტის გამოცემა, ასეთ შემთხვევაში გასაჩივრებული აქტი უქმდება დავის გადაუწყვეტლად, გამოსაცემი აქტის შინაარსი დამოკიდებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების შედეგად საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შედეგებზე (სუსგ 07.03.2019წ. №ბს-797(კ-18)). სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით მოპასუხის გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნას სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების შედეგად და უნდა შეიცავდეს შესაბამის დასაბუთებას. სწორედ აღნიშნული დასაბუთების არარსებობა გახდა გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის საფუძველი.
ნ. ტ-ის საკასაციო საჩივართან დაკავშირებით საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას მთელი რიგი გარემოებების დადგენის საჭიროების გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლოს არ გააჩნდა დავის არსებითად გადაწყვეტის შესაძლებლობა. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან დაკავშირებით სასამართლოს შეუძლია იქონიოს მსჯელობა სადავო აქტის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხზე ანუ მის კანონიერებაზე, დავის გადაწყვეტისას სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლობის მოთხოვნებით და არა მიზანშეწონილობის მოსაზრებებით, უკანასკნელი მმართველობის სფეროს განეკუთვნება.
მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობის შესახებ, რადგან ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.) მართალია სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. განსახილველ შემთხვევაში გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ნ. ტ-ის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნენ დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ნ. ტ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნენ დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.01.2019წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ქ. ცინცაძე