საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 450-დად 9 ნოემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პა“ლატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ისაევი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ი. ტყეშელაშვილი,ნ. გაბრიჩიძე
განიხილა საქართველოს გენერალური პროკურატურის იუსტიციის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და სასჯელის მოხდის კანონიერებაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის პროკურორ ხ. კ-ის კერძო საკასაციო საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 23 სექტემბერის დადგენილებაზე, რომლითაც მსჯავრდებული გ. კ. პირობით ვადამდე გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის გლდანი-ნაძალადევის სასამართლოს 2004წ. 11 ნოემბრის განაჩენით გ. კ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 17,177-ე მუხლის II ნაწილით, რისთვისაც განესაზღვრა 2 წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ გ. კ-ეს სასჯელის მოხდა დაეწყო 2004წ. 12 იანვრიდან.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის რუსთავის ¹2 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მსჯავრდებულ გ. კ-ის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე განთავისუფლების თაობაზე.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 23 სექტემბრის დადგენილებით დაკმაყოფილდა რუსთავის ¹2 დაწესებულების ადმინისტრაციის წარდგინება და მსჯავრდებული გ. კ. პირობით ვადამდე გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან.
საქართველოს გენერალური პროკურატურის იუსტიციის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და სასჯელის მოხდის კანონიერებაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის პროკურორი ხ. კ-ძე კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს გ. კ-ის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ სასამართლოს დადგენილების გაუქმებას და მის მიმართ სასჯელის მოუხდელი ნაწილის აღსრულებას იმ მოტივით, რომ გ. კ. ბოლომდე არ არის გამოსწორებული, რის გამოც მისი განთავისუფლება ნაადრევია.
პროკურორმა გ. მ-მა მხარი დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა და თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის გლდანი-ნაძალადევის სასამართლოს 2004წ. 11 ნოემბრის განაჩენით გ. კ-ეს განესაზღვრა 2 წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა. მას მოსახდელი დარჩა 9 თვე და ცხრამეტი დღე.
გ. კ-ეს, საქართველოს სსკ-ის 72-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სასჯელის 2/3 მოხდილი აქვს, რაც ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე განთავისუფლების საკითხის დადებითად გადასაწყვეტად.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის რუსთავის ¹2 დაწესებულების ადმინისტრაცია გ. კ-ეს ახასიათებს დადებითად. დახასიათების თანახმად, იგი არის წყნარი და თავაზიანი; გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს; კარგი ურთიერთობა აქვს როგორც დადებითი ორიენტაციის მსჯავრდებულებთან, ასევე ადმინისტრაციასთან; აღმზრდელობითი ხასიათის საუბრებზე რეაგირებს დადებითად.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, რუსთავის საქალაქო სასამართლომ მსჯავრდებული გ. კ. სავსებით კანონიერად გაათავისუფლა პირობით ვადამდე დარჩენილი სასჯელის მოხდისაგან.
პალატას მიაჩნია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს დადგენილება მსჯავრდებულ გ. კ. სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების თაობაზე არის კანონიერი და უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე, 568-ე, 610-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 23 სექტემბრის დადგენილება, რომლითაც მსჯავრდებული გ. კ. პირობით ვადამდე გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან, დარჩეს უცვლელად.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.