საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 15I 17 მაისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გაბრიჩიძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი (მომხსენებელი),მ. ისაევი
განიხილა ახალციხის რაიონული პროკურორის თანაშემწის _ კ. ლ-ს კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005წ. 7 თებერვლის განჩინებაზე ლ. ა-ს მიმართ.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005წ. 7 თებერვლის განჩინებით სისხლის სამართლის საქმე ლ. ა-ს მიმართ, რომელსაც ბრალად ედება სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 341-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენა, დაუბრუნდა ახალციხის რაიონულ პროკურატურას დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად.
საბრალდებო დასკვნით ლ. ა-ს ბრალი ედება იმაში, რომ მან, იყო რა სახელმწიფო მოხელე, ჩაიდინა სამსახურებრივი გულგრილობა, ე.ი. მოხელის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც იურიდიული პირის უფლებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.
მანვე ჩაიდინა სამსახურებრივი სიყალბე, ე.ი. მოხელის მიერ ყალბი ჩანაწერის შეტანა ოფიციალურ დოკუმენტში და ყალბი დოკუმენტის შედგენა, ჩადენილი პირადი მოტივით, რაც შემდეგში გამოიხატა: ლ. ამბარცუმოვი 1994 წლიდან 2004წ. 11 ივნისამდე მუშაობდა ბორჯომის რაიონის სოფ. ციხისჯვრის საკრებულოს თავმჯდომარედ. 2002წ. გაზაფხულზე სოფ. ციხისჯვარში, “ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის” ძირითადი საექსპორტო მილსადენის მშენებლობის დერეფანში მოხვედრილი მიწის ნაკვეთების აზომვები და რეგისტრაცია მოახდინეს ფირმა “ლ.კ.ნ.-ის” წარმომადგენლებმა და მათვე შეადგინეს შესაბამისი სიები მოქალაქეთა მონაცემების შესახებ, რომლის სისწორე თავისი ხელმოწერითა და საკრებულოს მრგვალი ბეჭდით ისე დაამოწმა ლ. ა-მ, რომ არ გადაამოწმა მითითებულ სიებში რამდენად სწორად იყო შეტანილი მონაცემები ნაკვეთების ადგილმდებარეობისა და მფლობელთა შესახებ. “ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის” ძირითადი საექსპორტო მილსადენის მშენებლობის 522 მ სიგანის დერეფანში არ მოხვდა მოქალაქე დ. ბ-სა და ლ. ა-ს ვაჟის _ ლ. ა-ს მიწის ნაკვეთები, მაშინ, როდესაც “ლ.კ.ნ.-ის” წარმომადგენლის მიერ შედგენილ სიებში მითითებულია, რომ ამ პირების ნაკვეთები დაფიქსირებულია სოფლის გზაზე, ხოლო დ. ბ-ს სახელზე აღრიცხული 1,2952 ჰა ნაკვეთი დაფიქსირდა სათიბ ფართობში, რომელსაც არაოფიციალურად იყენებდა სოფ. ... მცხოვრები ზ. ზ.. ნავთობსადენის მშენებლობის დერეფანში მოხვდა ასევე თბილისში მცხოვრები გ. თ-ს სახელზე გამოყოფილი მიწის ნაკვეთი, რომელიც მას სიმამრის, მიწის ნაკვეთების ასაზომად სოფ. ციხისჯვარში მივლინებული აშშ-ის განვითარების საერთაშორისო სააგენტოს “იუსაიდის” წარმომადგენლის _ გ. გ-ს თხოვნით მიწის განაწილების კომისიამ უკანონოდ გამოუყო 2000 წელს. ლ. ა-ს მიერ ჩადენილი სამსახურებრივი გულგრილობის შედეგად ბრიტანეთის ნავთობკომპანია “ბი-პი-საგან” დ. ბ-მ უკანონოდ მიიღო საკომპენსაციო თანხა _ 1647 ლარი, ლ. ა-მა _ 3785 ლარი, ხოლო გ. თ-მ ასეთი კომპენსაცია ვერ მიიღო. 2003წ. ოქტომბერში ლ. ა-ს ცნობილი გახდა, რომ თავისი შვილის _ ლ. ა-ს ცალკე დამოუკიდებელ კომლად აღრიცხვაზე საკრებულოში არ მოიპოვებოდა არავითარი დოკუმენტაცია, რის გამოც მან პირადი მოტივით განიზრახა სამსახურებრივი სიყალბის ჩადენა. მან საკრებულოს მდივან ნ. ბ-ს დაავალა, ძველი თარიღით გაეფორმებინა გადაწყვეტილება ლ. ა. მიწის ნაკვეთის გამოყოფის სოფლის საკრებულოს სხდომაზე განხილვისა და დადებითად გადაწყვეტის შესახებ, რაც ნ. ბ-მ შეასრულა და 2003წ. ოქტომბერში გააფორმა 2000წ. 15 აპრილის თარიღით ¹3 ფიქტიური ოქმი მისი ვაჟიშვილის _ ლ. ა-ს ცალკე კომლად გამოყოფის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შესახებ. ამავე დროს მან განცხადებების აღრიცხვის 2000წ. წიგნში მესამე გრიფით შეუტანა ყალბი ჩანაწერი 2000წ. 10 აპრილის თარიღით მისი ვაჟიშვილის განცხადების რეგისტრაციის შესახებ.
სასამართლო კოლეგიამ, დააბრუნა რა საქმე დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად, პროკურატურას მიუთითა, რომ გაირკვეს, როდის და რატომ მოხდა მილსადენის მშენებლობის 522 მეტრი სიგანის დერეფნის შევიწროება. ამ მიზნით დამატებითი გამოძიების დროს უნდა დადგინდეს ფირმა “ლ.კ.ნ.-ის” წარმომადგენელ პირთა წრე და მოხდეს მათი დაკითხვა; უნდა გაირკვეს, სწორად იყვნენ თუ არა დ. ბ. და ლ. ა. მილსადენის 522 მეტრი სიგანის დერეფნის სიაში შეტანილნი და გაივლიდა თუ არა მათ კუთვნილ მიწის ნაკვეთებზე ნავთობსადენი; გასარკვევია, რატომ არ მოხვდნენ ხსენებული პირები შევიწროებული მილსადენის მშენებლობის დერეფნის სიაში მაშინ, როდესაც ნავთობკომპანია “ბი-პი-საგან” მიიღეს საკომპენსაციო თანხები; გამოძიებამ უნდა გაარკვიოს, რომელი იურიდიული პირის ინტერესები შელახა ლ. ა-მ თავისი სამსახურებრივი გულგრილობით; რატომ მიმართა ლ. ა-მ ბორჯომის საგადასახადო ინსპექციისა და მიწის მართვის სამმართველოს უფროსებს წერილობით გ. თ-სა და დ. ბ-ს შესახებ მიწის ნაკვეთების გაუქმების თაობაზე; გამოძიებამ უნდა დაადგინოს მათი ადგილსამყოფელი, დაკითხოს ისინი დამატებით და, შესაბამისად, დააპირისპირონ ლ. ა-სთან და ა. შ.
კერძო საკასაციო საჩივრით ახალციხის პროკურორის თანაშემწე კ. ლ. ითხოვს სასამართლოს განჩინების გაუქმებას და ლ. ა-ს სისხლის სამართლის საქმის ხელახალი განხილვისათვის თბილისის საოლქო სასამართლოში დაბრუნებას. პროკურორს მიაჩნია, რომ სასამართლომ უსაფუძვლოდ დააბრუნა საქმე დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად. მისი აზრით, განჩინებაში მითითებული საკითხების შემოწმება არ სცილდება სასამართლო განხილვის შესაძლებლობის ფარგლებს. იგი თვლის, რომ საქმეზე წინასწარი გამოძიება ჩატარებულია სრულად და ობიექტურად. აქედან გამომდინარე, მიაჩნია, რომ სასამართლოს სრული საფუძველი გააჩნდა, საქმეზე დაედგინა განაჩენი.
პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა დ. მ-მ კერძო საკასაციო საჩივარს მხარი დაუჭირა და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.
განსასჯელმა ლ. ა-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ა-მ კერძო საკასაციო საჩივრის მოტივები მიიჩნიეს უსაფუძვლოდ და მოითხოვეს სასამართლო კოლეგიის განჩინების უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია და თვლის, რომ კერძო საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
პალატა ეთანხმება თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის განჩინებას და თვლის, რომ წინასწარი გამოძიება ლ. ა-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე არსებითად არასრულია და სასამართლომ ჩატარებული სასამართლო გამოძიების შედეგად ვერ შეძლო მისი შევსება.
დამატებითი გამოძიების დროს საჭიროა, გაირკვეს, რომელი იურიდიული პირის ინტერესები შეილახა ბრალდებულ ლ. ა-ს მიერ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებით; რატომ მიმართა მან ბორჯომის საგადასახადო ინსპექციისა და მიწის მართვის სამმართველოს უფროსებს გ. თ-სა და დ. ბ-ს მიმართ გამოყოფილი ნაკვეთების გაუქმების თაობაზე.
პალატა თვლის, რომ დამატებითი გამოძიების დროს საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად უნდა იქნეს გამოკვლეული სასამართლოს განჩინებაში მითითებული აღნიშნული და სხვა საკითხები, ასევე ბრალდებულ ლ. ა-ს როგორც მამხილებელი, ისე გამამართლებელი გარემოებები; წინასწარი გამოძიების მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებს უნდა მიეცეს სამართლებრივი შეფასება და საქმეზე მიღებულ უნდა იქნეს კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე' ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005წ. 7 თებერვლის განჩინება ლ. ა-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნების შესახებ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.