განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 16-აპ 1 მარტი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ნ. გაბრიჩიძე,ი. ბიბილაშვილი
განიხილა მსჯავრდებულ დ. მ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 8 ნოემბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ქარელის რაიონული სასამართლოს 2003წ. 18 აგვისტოს განაჩენით დ. მ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 113-ე და 122-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და მიესაჯა ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 8 ნოემბრის განაჩენით დაკმაყოფილდა პროკურორის სააპელაციო საჩივარი, ცვლილება შევიდა რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნულ განაჩენში, დ. მ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, 118-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და მიესაჯა ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. იგი პატიმარია 2002წ. 12 დეკემბრიდან.
გასაჩივრებული განაჩენის მიხედვით, დ. მ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
2002წ. 9 დეკემბერს დ. მ-მ თავის მეგობრებთან _ ზ. ს-სა და ვ. ს-სთან ერთად რესტორანში იქეიფა და დათვრა. დაახლოებით 22 საათზე ისინი დ. მ-ს კუთვნილ ავტომანქანა ... წავიდნენ ქ. ქარელში და, გზაში მოლაპარაკების შესაბამისად, მივიდნენ ... ქუჩაზე მცხოვრები მათი მეგობრის _ ვ. ა-ს სახლში, ამ უკანასკნელის დაბადების დღესთან დაკავშირებით. ისინი შეუერთდნენ გაშლილ სუფრასთან მსხდომ პირებს და გააგრძელეს ქეიფი. მათი მისვლიდან რამდენიმე წუთის შემდეგ იქ მივიდა ქარელში, ... ქუჩაზე მცხოვრები დ. ბ. იყვნენ რა მთვრალები, დ. ბ-სა და დ. მ-ს შორის მოხდა შეკამათება. ურთიერთობის გასარკვევად მათ გადაწყვიტეს, იმავე ღამეს ერთმანეთს შეხვედროდნენ ქარელის ... საშუალო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე. მართლაც, დაახლოებით 2 საათზე დ. ბ, თავისი ძმა კ. ბ და მათი მეგობარი გ. ჭ მივიდნენ დათქმულ ადგილზე. იქვე შეკამათების მიზეზის გასარკვევად თავისი ა/მანქანით მივიდა დ. მ მეგობრებთან _ ზ. ს-სა და ვ. ს-სთან ერთად. ძმებ ბ-ებსა და დ. მ-ს შორის მოხდა შეკამათება, რაც ჩხუბში გადაიზარდა. დ. მ განაწყენდა რა მომხდარზე, თავი დააღწია მასთან მოჩხუბარ ძმებს, მივიდა თავის ავტომანქანასთან, ამოიღო მასზე გაპიროვნებული გლუვლულიანი სანადირო თოფი, რომელშიც 6 დამუხტული ვაზნა იდო, თოფი მოიყვანა საბრძოლო მდგომარეობაში და ჰაერში მოახდინა ერთი გასროლა. კ. ბ მივარდა დ. მ-ს, რათა მისთვის არ მიეცა საშუალება, რომ მათ წინააღმდეგ იარაღი გამოეყენებინა. დ. მ დარწმუნდა, რომ ძმები ბ-ები მას თავს არ დაანებებდნენ, თოფი კვლავ მოიყვანა საბრძოლო მდგომარეობაში, რა დროსაც კ. ბ მიხვდა, რომ დ. მ-ს თოფს ვერ წაართმევდა და ძმას _ დ. ბ-ს დაუყვირა: “გაიქეციო” და თვითონაც გაიქცა. მარტოდ დარჩენილმა, მომხდარზე განაწყენებულმა დ. მ-მ, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, გაქცეულ დ. ბ-ს თანნაქონი თოფიდან არა ახლო მანძილიდან ესროლა დამიზნებით. დ.ს ტყვია მოხვდა ზურგის არეში და ძირს დაეცა. დ. მ-მ თოფი მოიყვანა საბრძოლო მდგომარეობაში და ისროლა ჰაერში, რის შემდეგაც მან თოფი კვლავ გადატენა და წავიდა წაქცეული დ. ბ-ს მიმართულებით, რათა დარწმუნებულიყო დამდგარ შედეგში. იგი მივიდა და ნახა პირქვე დამხობილი დ. ბ, დარწმუნდა, რომ თავისი განზრახვა _ დ. ბ-ს მკვლელობა _ სისრულეში მოიყვანა და დააპირა შემთხვევის ადგილიდან წასვლა, რა დროსაც შენიშნა იქვე მდგომი გ. ჭ. რადგან ეს უკანასკნელი იყო დ. ბ-ს მეგობარი, დ. მ-მ, სხეულის განზრახ დაზიანების მიზნით, გ. ჭ-ს თოფის კონდახი შემოარტყა სახეში. გ. ჭ-მ გრძნობა დაკარგა და ძირს დაეცა, დ. მ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
თოფიდან სროლის შედეგად დ. ბ-მ მიიღო ბეჭქვეშ და წელის მიდამოში, მარჯვნივ 26 X 17 სმ-ის ფართობზე დაზიანებები, რასაც შედეგად მოჰყვა მისი სიკვდილი, ხოლო გ. ჭ-მ დ. მ-ს მიერ თოფის კონდახის შემორტყმის შედეგად მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება.
მსჯავრდებულის საკასაციო საჩივარი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებანი, ობიექტური შეფასება არ მისცა მოწმეთა ჩვენებებს და დაადგინა უკანონო განაჩენი. აღნიშნულის გამო საკასაციო საჩივარი ითხოვს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდების ნაწილში განაჩენის გაუქმებას და მსჯავრდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას მისი უდანაშაულობის მოტივით; გ. ჭ-ს დაზიანების ნაწილში კი საჩივარი ითხოვს ქმედების საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლით დაკვალიფიცირებას.
პალატის სხდომაზე ადვოკატმა თ. ყ-მ ითხოვა საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება, რომლის საფუძვლადაც მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:
არც პირველი ინსტანციისა და არც სააპელაციო სასამართლოებმა ობიექტურად არ გამოიკვლიეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და შეკრებილი მტკიცებულებები სათანადოდ არ შეაფასეს. მსჯავრდებულ დ. მ-ს არანაირი განზრახვა არ ჰქონდა, მოეკლა დ. ბ. ამ უკანასკნელის სიკვდილი განაპირობა თოფიდან შემთხვევითმა გასროლამ, რაც გამოიწვია კ. ბ-ს მხრიდან დ. მ-ს მიმართ ძალადობრივმა მოქმედებამ. დ. მ შემთხვევის დროს მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებდა და, აქედან გამომდინარე, დამდგარი მძიმე შედეგი მას ბრალად არ უნდა შეერაცხოს.
დაზარალებულის უფლებამონაცვლე ნ. ბ-მ, დაზარალებულმა გ. ჭ-მ და პროკურორმა რ. ს-მ ითხოვეს განაჩენის უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული განაჩენი უნდა გაუქმდეს და საქმე გადაეცეს ხელახალი სააპელაციო განხილვისათვის სასამართლოს სხვა შემადგენლობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის შესაბამისად, მომკვლევი, გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე, სასამართლო ვალდებულნი არიან, უტყუარად დაადგინონ, მოხდა თუ არა დანაშაული, ვინ ჩაიდინა იგი და გაარკვიონ მტკიცების საგნის ყველა სხვა გარემოება სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით. საქმის გარემოებათა გამოკვლევა უნდა იყოს ყოველმხრივი, ობიექტური და სრული. ერთნაირი გულმოდგინებით უნდა გაირკვეს ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის როგორც მამხილებელი, ისე გამამართლებელი, აგრეთვე მათი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებანი. ეჭვმიტანილის, ბრალდებულისა და დამცველის ყველა განცხადება და საჩივარი უდანაშაულობისა თუ ნაკლები ბრალის, დანაშაულში სხვა პირთა მონაწილეობის, დანაშაულის გამოძიების ან სასამართლოში საქმის განხილვის დროს კანონიერების სხვა დარღვევების თაობაზე გულდასმით უნდა შემოწმდეს.
საპროცესო კანონმდებლობის ზემოაღნიშნული იმპერატიული მოთხოვნები მოცემულ საქმეზე სრულყოფილად შესრულებული არ არის არც გამომძიებლის და არც სასამართლოს მიერ, უფრო მეტიც: სააპელაციო სასამართლომ არა მარტო სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებანი, არამედ დადგენილი და გამოკვლეული ფაქტებიც კი სრულად და ობიექტურად არ აისახა განაჩენში, რის გამოც განაჩენი წინააღმდეგობების შემცველი და დაუსაბუთებელია,სახელდობრ:
სასამართლოს არ გამოურკვევია და არ დაუდგენია, ვინ იყო ურთიერთობის გასარკვევად მეორე სკოლასთან მხარეთა შეხვედრის ინიციატორი _ აწ გარდაცვლილი დ. ბ, თუ ბრალდებული დ. მ; ვინ სცემა დ. მ-ს და ვინ მიაყენა მას ჩანგლით დაზიანებები; რა მიზანს ემსახურებოდა დ. მ-ს მიერ თოფიდან ჰაერში ნაწარმოები გასროლები _ იგი გამაფრთხილებელი იყო, თუ _U მიმართული კონკრეტული პირისაკენ.
სასამართლო დ. მ-ს მიერ დ. ბ-ს განზრახ მოკვლის ძირითად მტკიცებულებად იშველიებს გარდაცვლილის ძმის _ კ. ბ-ს ჩვენებას და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, თუმცა განაჩენში დაძლეული არ არის ზემოაღნიშნული მოწმის ჩვენებასა და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას შორის არსებული წინააღმდეგობა, კერძოდ, განაჩენი იზიარებს კ. ბ-ს ჩვენებას იმის თაობაზე, რომ ამ უკანასკნელის მიერ ხელის კვრის შემდეგ დ. მ წამოდგა ფეხზე, თოფი მიიტანა მკერდთან და დამიზნებით ესროლა დ. ბ-ს.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, დ. ბ-ს ბეჭქვეშ და წელის მიდამოში, მარჯვენა მხარეს, 25 X 17 სმ-ის ფართობზე მიყენებული აქვს მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობები. ჭრილობათა არხები მიემართება რამდენადმე უკნიდან წინ, მარჯვნიდან მარცხნივ, ქვემოდან ზემოთ.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ დ. ბ მნიშვნელოვნად (10სმ-ით) დაბალი იყო დ. მ-სთან შედარებით. პალატის სხდომაზე მხარეებმა დაადასტურეს, რომ შემთხვევის ადგილზე მიწის ზედაპირი არის ჰორიზონტალური. დ. მ-მ, როგორც წინასწარი გამოძიების, ასევე სასამართლო პროცესების დროს განმარტა, რომ მანქანიდან თოფი გადმოიღო და ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლა მოახდინა იმიტომ, რომ ძმებ ბ-ებს შეეწყვიტათ მისი ცემა. ამ მომანტში მას მივარდა კ. ბ და ხელი ჰკრა, რის გამოც დაცურდა ყინულზე, წაიქცა და შეეჯახა აგურის კედლის ღობეს, რა დროსაც თოფიდან მოხდა უნებლიე გასროლა. დ. მ-სათვის ხელის კვრისა და წაქცევის ფაქტს ფაქტობრივად ადასტურებს კ. ბ, როცა აჩვენებს, რომ დ. მ-მ გასროლა მოახდინა ფეხზე წამოდგომის შემდეგ.
სასამართლოს არ უცდია, გაერკვია, რა ვითარებაში მოხდა ის საბედისწერო გასროლა, რამაც დ. ბ-ს სიკვდილი გამოიწვია, სახელდობრ, გამოკვლეული არ არის, დ. მ, ფეხზე მდგომი, მკერდზე აწეული თოფით, დამიზნებით თუ ესროდა დ. ბ-ს, ეს უკანასკნელი წელის არეში მიიღებდა თუ არა ქვემოდან ზემოთ მიმართულ დაზიანებას; ასევე ყინულზე დაცურების, წაქცევისა და აგურის კედელზე შეჯახების შემთხვევაში შეიძლებოდა თუ არა იმ სისტემის თოფიდან უნებლიე ან გაუფრთხილებელი გასროლა, რომელიც შემთხვევის დროს დ. მ-ს ეჭირა ხელში. ამ საკითხების გასარკვევად, რასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმის ფაქტობრივ გარემოებათა სწორად დადგენისათვის, სასამართლოს არც ერთი სპეციალისტი არ მოუწვევია, არ დაუკითხავს და მათ წინაშე გამოსაკვლევად არ დაუსვამს ეს საკითხები. ამის გარეშე საქმეზე სწორი სამართლებრივი გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია.
განაჩენს დადგენილად მიაჩნია, რომ დ. მ-მ, სისრულეში მოიყვანა რა თავისი განზრახვა, მოეკლა დ. ბ, ამის შემდეგ ფიზიკური დაზიანება მიაყენა გ. ჭ-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ზემოაღნიშნულის საწინააღმდეგოდ კი საქმის მასალებით უდავოდ დადგენილია, რომ დ. მ-მ, ნახა რა დაჭრილი დ. ბ და თოფის კონდახით დაზიანება მიაყენა გ. ჭ-ს, ჩაჯდა თავის მანქანაში, წავიდა საავადმყოფოში და დ. ბ-ს დასახმარებლად სასწრაფოდ მიიყვანა ექიმი და მედდა, რომელთა დახმარებით დაჭრილი თავისი მანქანით გადაიყვანა საავადმყოფოში. მეორე დღეს კი ბრალის აღიარებით გამოცხადდა პროკურატურაში. განაჩენში ეს გარემოებები არ არის შეფასებული.
განაჩენით ასევე სრულყოფილად არ არის ახსნილი, დ. მ-ს ქმედება გ. ჭ-ს დაზიანების ნაწილში რატომ არის საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მომცველი და მას ამ მუხლის ორივე ნაწილით რატომ განესაზღვრა სასჯელი ცალ-ცალკე.
ამრიგად, პალატა თვლის, რომ საქმეში არსებული მასალებით, მათი სრულყოფილი გამოკვლევის გარეშე, შეუძლებელია დ. მ-ს მიმართ გამამართლებელი ან გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა და მისი ქმედების სწორი კვალიფიკაციის განსაზღვრა.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, 568-ე და 571-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ დ. მ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 8 ნოემბრის განაჩენი დ. მ-ს მიმართ და საქმე ხელახალი სააპელაციო განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს პალატის სხვა შემადგენლობას.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.