საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 17.03.2005
საქმის ნომერი
2კ-30აპ.-05
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
17.03.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 30-აპ 17 მარტი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გაბრიჩიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მ. ისაევი,ი. ბიბილაშვილი

განიხილა მსჯავრდებულ ვ. პ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 29 ნოემბრის განაჩენზე, რომლითაც თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2004წ. 5 აგვისტოს განაჩენი ვ. პ-ს მიმართ დარჩა უცვლელად.

აღწერილობითი ნაწილი:

თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2004წ. 5 აგვისტოს განაჩენით ვ. პ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლითა და 259-ე მუხლის პირველი ნაწილით. სასჯელის ზომად მას განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

აღნიშნული განაჩენი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 29 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

განაჩენით ვ. პ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა განზრახ მკვლელობა; ასევე ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

2003წ. 16 ივლისს, ღამით, დაახლოებით 1 საათსა და 30 წუთზე, ვ. პ-მ, განაწყენებულმა იმით, რომ გ. გ-მ მას მოჰპარა ველოსიპედი, განზრახ მოკვლის მიზნით, თავის ა/მანქანაში მჯდომ მძინარე გ. გ-ს სამჯერ დაარტყა დანა გულმკერდისა და მუცლის არეში; დანით ასევე დაჭრა ა/მანქანაში გ. გ-ს გვერდით მწოლი მძინარე ძაღლი. დანის სამჯერ დარტყმით გ. გ-მ მიიღო მკერდისა და გულის არეში არაშემავალი ჭრილობები, ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებები. დაზარალებულმა გამოიღვიძა და დაედევნა ვ. პ-ს, 40 მეტრის გავლის შემდეგ გ. გ დაეწია და ჰკითხა ვ. პ-ს, თუ რატომ დაარტყა დანა და რატომ კლავდა. ვ. პ-მ მეოთხედ დაარტყა დანა გ. გ-ს განზრახ მოკვლის მიზნით, მიაყენა მას მარცხენა ლავიწის არეში გულმკერდის ღრუში შემავალი ჭრილობა, სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება, რის შედეგადაც გ. გ მიწაზე დაეცა და მიღებული დაზიანების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. ვ. პ-მ ნახა რა მიწაზე დაცემული გ. გ, დარწმუნდა, რომ მოკლა იგი, მიატოვა შემთხვევის ადგილი და მიიმალა.

მსჯავრდებული ვ. პ საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და ქმედების დაკვალიფიცირებას საქართველოს სსკ-ის 113-ე მუხლით, ხოლო სსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში _ გამართლებას.

დაზარალებული მ. გ შესაგებლით ითხოვს განაჩენის უცვლელად დატოვებას.

პალატის სხდომაზე მსჯავრდებულ ვ. პ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა _ გ. კ-მ და გ. გ-მ ვრცლად მიმოიხილეს საქმის მასალები, მათ მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლეს მისი დაკმაყოფილების შესახებ.

პალატის სხდომაზე დაზარალებულის უფლებამონაცვლე მ. გ-ს ინტერესების წარმომადგენელმა ე. ტ-მ მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას, მან კანონიერად მიიჩნია დადგენილი განაჩენი და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვების შესახებ, რასაც დაეთანხმა დაზარალებულის უფლებამონაცვლე მ. გ.

პროკურორმა ლ. ქ-მ კანონიერად მიიჩნია დადგენილი განაჩენი და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვების შესახებ.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს და მიიჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო გამოკვლევა ჩატარებულია სრულყოფილად და საპროცესო კანონმდებლობის დაცვით.

წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო ორგანოებმა გამოკვლეულ მტკიცებულებებს მისცეს სწორი სამართლებრივი შეფასება, საქმეზე დადგენილია კანონიერი განაჩენი, რომლის შეცვლის ან გაუქმების საფუძველი არ მოიპოვება.

საკასაციო საჩივრისა და ადვოკატების მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ვ. პ-ს გ. გ-ს მოკვლის განზრახვა არ ჰქონია, რომ მან გ. გ-ს სხეულის დაზიანება მიაყენა აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით და ძაღლი ავტომანქანაში საერთოდ არ უნახავს, სრულიად უსაფუძვლოა.

დაზარალებულ მ. გ-სა და მოწმეების _ ნ. ჭ-ს, დ. ღ-ს, ქ. გსს, ნ. გსს, ნ. გ-სა და სხვათა ჩვენებებით უდავოდაა დადასტურებული, რომ მსჯავრდებულმა ვ. პ-მ ნამდვილად ჩაიდინა ის ქმედებები, რომლებიც მას სასამართლომ ბრალად შერაცხა. აღნიშნული მტკიცებულებების საფუძვლიანობა დადასტურებულია საქმეში არსებული სხვა ისეთი მტკიცებულებებითაც, როგორიცაა: შემთხვევის ადგილისა და გვამის დათვალიერების ოქმი, სასამართლო-სამედიცინო, ბიოლოგიური, ტრასოლოგიური, ფიზიკო-ტექნიკური, კომპლექსური ამბულატორიული სასამართლო-ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური, ბოჭკოვანი მასალებისა და ნაკეთობების კრიმინალისტიკური ექსპერტიზების დასკვნები, ზესტაფონის რაიონის მთავარი ვეტექიმის მიერ შედგენილი აქტი. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ მსჯავრდებულ ვ. პ-ს მიმართ გამოტანილი განაჩენი არის კანონიერი და სასჯელის ზომაც სამართლიანად აქვს განსაზღვრული.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 29 ნოემბრის განაჩენი ვ. პ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.