საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 82-კოლ 5 ივლისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ისაევი (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი (მომხსენებელი),ნ. გაბრიჩიძე
განიხილა ადვოკატების _ ო. ს-ს, გ. ჯ-სა და თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორ მ. კ-ს საკასაციო და კერძო საკასაციო საჩივრები საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005წ. 20 აპრილის განაჩენსა და განჩინებაზე მსჯავრდებულ კ. მ-ს მიმართ.
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005წ. 20 აპრილის განაჩენით კ. მ-ს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და “ე” ქვეპუნქტებით სასჯელის ზომად განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა; აქედან პირველი 3 წლის _ საპყრობილეში, ხოლო დანარჩენი 11 წლის _ მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
ამავე სასამართლოს 2005წ. 20 აპრილის განჩინებით კ. მ-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენის, შენახვისა და ტარების ბრალდების ნაწილებში, რაც წინასწარმა გამოძიებამ დააკვალიფიცირა სსკ-ის 109-ე მუხლის “თ”, “ი”, “ლ” ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებით, დამატებითი გამოძიებისათვის დაუბრუნდა ქ. თბილისის პროკურატურას.
განაჩენით კ. მ-ს მსჯავრი დაედო შემდეგი დანაშაულის ჩადენაში: ის, როგორც წარსულში სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის არაერთგზის ნასამართლევი პირი, 2003წ. 12 იანვარს, დაახლოებით 23 საათსა და 30 წუთზე, ქ. თბილისში, ... ქ. ¹10-ში მდებარე ავტოფარეხთან, სხვა პირებთან ერთად, ჯგუფურად, დიდი ოდენობის ნივთის დაუფლების მიზნით, ყაჩაღურად თავს დაესხა ჯ. ქა-ს და გაიტაცა მისი კუთვნილი ... მარკის ავტომანქანა.
საბრალდებო დასკვნით კ. მ-ს ბრალად დაედო ისიც, რომ მან ცეცხლსასროლი იარაღით, რომელიც უკანონოდ ჰქონდა შეძენილი, ინახავდა და ატარებდა, ყაჩაღობის გაადვილების მიზნით, ჯგუფურად, ანგარებით, ჩაიდინა ჯ. ქ-ს განზრახ მკვლელობა, როცა ამ უკანასკნელმა მათ თავდაცვის მიზნით გაუწია წინააღმდეგობა.
საკასაციო საჩივრით მსჯავრდებულ კ. მ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ო. ს. ითხოვს განაჩენის გაუქმებას და საქმის შეწყვეტას. ადვოკატს მიაჩნია, რომ საქმეში არ არსებობს იმის უტყუარი მტკიცებულება, რომ კ. მ-მ ჩაიდინა ბრალად შერაცხული დანაშაული. მისი აზრით, წინასწარი და სასამართლო გამოძიება ჩატარდა არაობიექტურად, მტკიცებულებები სრულად და ყოველმხრივ არ გამოკვლეულა; არ ჩატარებულა კანონით გათვალისწინებული ექსპერტიზები; განაჩენს საფუძვლად დაედო კანონის დარღვევით მოპოვებული მტკიცებულებები და ა. შ.
კერძო საკასაციო საჩივრით თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორი მ. კ. ითხოვს სასამართლო კოლეგიის განჩინების გაუქმებას და განზრახ მკვლელობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდების ეპიზოდებში საქმის ხელახალი განხილვისათვის სასამართლოსათვის დაბრუნებას. პროკურორს მიაჩნია, რომ სასამართლო კოლეგიამ მტკიცებულებები ობიექტურად არ გააანალიზა, არ შეაჯერა ისინი სხვა მტკიცებულებებთან და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმების უხეში დარღვევით გამოიტანა დაუსაბუთებელი განჩინება.
კერძო საკასაციო საჩივრით დაზარალებულის უფლებამონაცვლე მ. კ-ს კანონიერი წარმომადგენელი, ადვოკატი გ. ჯ. ითხოვს სასამართლოს განჩინების გაუქმებას. მისი აზრით, სასამართლოს ჯარჯი ქაცანაშვილის განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდების ეპიზოდებშიც უნდა გამოეტანა გამამტყუნებელი განაჩენი.
პალატის სხდომაზე ადვოკატმა ო. ს-მ მოითხოვა თავისი საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება, მსჯავრდებულ კ. მ-ს მიმართ განაჩენის გაუქმება და საქმის შეწყვეტა. მსჯავრდებული კ. მ. დაეთანხმა თავისი ადვოკატის მოთხოვნას. მან აღნიშნა, რომ დანაშაული არ ჩაუდენია და არის უკანონოდ მსჯავრდებული.
თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორმა მ. კ-მ მოითხოვა თავისი კერძო საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება, სასამართლოს განჩინების გაუქმება და მკვლელობის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდების ეპიზოდებში საქმის სასამართლო განხილვა.
დაზარალებულის უფლებამონაცვლე მ. კ-მ და მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა, ადვოკატმა გ. ჯ-მ მოითხოვეს თავიანთი კერძო საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება. რაც შეეხება განაჩენს, თვლიან, რომ იგი კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო და კერძო საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია და თვლის, რომ საკასაციო და კერძო საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს.
პალატა არ ეთანხმება მსჯავრდებულისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას განაჩენის გაუქმებისა და საქმის შეწყვეტის შესახებ, უსაფუძვლობის გამო. საქმეში არ მოიპოვება არსებითი ხასიათის ისეთი პროცესუალური დარღვევა, რომელიც საფუძვლად დაედება განაჩენის გაუქმებას. პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოიკვლია საქმის გარემოებები, მსჯავრდებულ კ. მ-ს როგორც მამხილებელი, ისე გამამართლებელი გარემოებები დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდების ეპიზოდში. წინასწარი და სასამართლო გამოძიებით მოპოვებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, სასამართლო-ბიოლოგიური, ქიმიური, ბალისტიკური და ოდოლოგიური, ასევე დაქტილოსკოპიური ექსპერტიზების დასკვნებით, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ნივთმტკიცებებით, მოწმეების _ დ. ტ-ს, რ. ქ-ს, ნ. ლ-სა და სხვათა ჩვენებებით სასამართლო კოლეგიამ დადგენილად მიიჩნია კ. მ-ს მიერ სხვა პირთან ერთად 2003წ. 12 იანვარს ჯ. ქ-ზე ყაჩაღური თავდასხმის შედეგად მისი კუთვნილი ავტომანქანის გატაცების ფაქტი. პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა მსჯავრდებულ კ. მ-ს მართლსაწინააღმდეგო ქმედება ბრალდების ამ ეპიზოდში და სასჯელიც დაუნიშნა იმ ზომით, რაც შეესაბამება მის პიროვნებას, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესა და ხასიათს. პალატა თვლის, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005წ. 20 აპრილის განაჩენი კ. მ-ს მიმართ როგორც დანაშაულის კვალიფიკაციის, ისე სასჯელის ნაწილში კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი. ამასთან ერთად, პალატა ითვალისწინებს რა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რომ მსჯავრდებულმა ყაჩაღური თავდასხმის დროს თვითონაც მიიღო სხეულის დაზიანება, შესაძლებლად თვლის, რომ მან განაჩენით დანიშნული სასჯელი _ 14 წლით თავისუფლების აღკვეთა _ მოიხადოს მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ამასთან დაკავშირებით, განაჩენიდან უნდა ამოირიცხოს მითითება მსჯავრდებულის მიერ სასჯელის პირველი სამი წლის საპყრობილეში მოხდის შესახებ.
პალატა არ იზიარებს პროკურორ მ. კ-სა და დაზარალებულის უფლებამონაცვლე მ. კ-ს კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და თვლის, რომ სასამართლო კოლეგიამ კ. მ-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვისა და ტარების ეპიზოდებში სწორად დააბრუნა დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად, რადგან განჩინებაში მითითებული საკითხების გამორკვევა სცილდება სასამართლოს შესაძლებლობის ფარგლებს და ისინი მხოლოდ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად უნდა შესრულდეს. პალატა თვლის, რომ ბრალდების ამ ეპიზოდებში გამოძიებამ საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად უნდა გამოიკვლიოს საქმის გარემოებები და მხოლოდ მოპოვებულ მტკიცებულებათა ანალიზისა და სამართლებრივი შეფასების შედეგად უნდა იქნეს მიღებული კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო და კერძო საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005წ. 20 აპრილის განაჩენი შეიცვალოს შემდეგი მიმართებით: განაჩენიდან ამოირიცხოს მითითება მსჯავრდებულ კ. მ-ს მიერ სასჯელის პირველი სამი წლის საპყრობილეში მოხდის შესახებ და მან სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “დ”, “ე” ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი _ 14 წლით თავისუფლების აღკვეთა _ მოიხადოს მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. დანარჩენ ნაწილში განაჩენი კ. მ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005წ. 20 აპრილის განჩინება განზრახ მკვლელობის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვისა და ტარების ეპიზოდებში კ. მ-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმის დამატებითი გამოძიებისათვის ქ. თბილისის პროკურატურისათვის დაბრუნების შესახებ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.