განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად

სისხლის სამართლის 21.07.2005
საქმის ნომერი
2კ-109აპ.-05
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
21.07.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 109-აპ 21 ივლისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გაბრიჩიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),თ. ლალიაშვილი,მ. ისაევი

განიხილა მსჯავრდებულ მ. ჭ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 21 თებერვლის განაჩენზე, რომლითაც ვანის რაიონული სასამართლოს 2004წ. 15 სექტემბრის განაჩენი მის მიმართ დარჩა უცვლელად.

აღწერილობითი ნაწილი:

საბრალდებო დასკვნით მ. ჭ-ს ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და “გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

ბაღდათის რაიონული სასამართლოს 2003წ. 26 ნოემბრის დადგენილებით მ. ჭ-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმე დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდა ბაღდათის რაიონულ პროკურატურას. ამავე დადგენილებით მ. ჭ-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ დაპატიმრება შეიცვალა პოლიციის ზედამხედველობაში გადაცემით.

აღნიშნული დადგენილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბაღდათის რაიონულმა პროკურორმა თ. ფ-მ და მსჯავრდებულ მ. ჭ-ს ადვოკატმა დ. ა-მ.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 10 თებერვლის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა პროკურორის საკასაციო საჩივარი. კერძოდ, აღკვეთის ღონისძიება _ პოლიციის ზედამხედველობაში გადაცემა დარჩა უცვლელად, ხოლო დაუშვებლად მიჩნეული მტკიცებულებებისა და საქმის დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაბრუნების ნაწილში, გაუქმდა ბაღდათის რაიონული სასამართლოს 2003წ. 26 ნოემბრის დადგენილება და საქმე ხელმეორედ განსახილველად დაუბრუნდა ბაღდათის რაიონული სასამართლოს სხვა მოსამართლეს, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ მეორე მოსამართლეს განხილული ჰქონდა აღკვეთის ღინისძიების შეფარდების საკითხი, საქმე აცილდა ბაღდათის რაიონულ სასამართლოს და განსახილველად გადაეცა ვანის რაიონულ სასამართლოს.

ვანის რაიონული სასამართლოს 2005წ. 15 სექტემბრის განაჩენით მ. ჭ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და “გ” ქვეპუნქტებით და სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

განაჩენით მ. ჭ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ იგი გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად 2002წ. 21 იანვარს ღამით, ყაჩაღურად თავს დაესხა ბაღდათში, ნინოშვილის ქუჩის ... მცხოვრებ ნ. ვ-ს. დანით შეიარაღებულმა მ. ჭ-მ მოკვლის მუქარით და ქონების დაუფლების მიზნით დაზარალებულს მოსთხოვა ფული, რისი ვერ მიღების შემდეგაც ასევე დანის დემონსტრირებითა და მოკვლის მუქარით თანამზრახველებთან ერთად გაიტაცა დაზარალებულის კუთვნილი 35 დასახელების ნივთი, რითაც მას 1818 ლარის მატერიალური ზიანი მიაყენა.

აღნიშნული განაჩენი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 21 თებერვლის განაჩენით დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული მ. ჭ. საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას.

პალატის სხდომაზე მსჯავრდებულ მ. ჭ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ. გ-მ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მან მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა განაჩენის გაუქმება და მ. ჭ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა, რასაც დაეთანხმა მ. ჭ.

პროკურორმა ჯ. კ-მ დადგენილი განაჩენი მიიჩნია კანონიერად და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს და მიიჩნია, რომ მსჯავრდებულ მ. ჭ-ს საკასაციო საჩივრის მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს მის მიმართ გამოტანილი განაჩენი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა ეთანხმება საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მსჯავრდებულ მ. ჭ-ს ბრალდების საქმეზე წინასწარი გამოძიება ჩატარებულია საქმის გარემოებათა ყოველმხრივი, ობიექტური და სრული გამოკვლევის თაობაზე საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც საბრალდებო დასკვნა და სასამართლოების მიერ გამოტანილი განაჩენები, ძირითადად, ემყარება ვარაუდებსა და მოსაზრებებს და არა _ ურთიერთშემაჯამებელ უტყუარ მტკიცებულებებს.

საქმეზე წინასწარი გამოძიების არასრულყოფილად ჩატარების დასტურია ის ფაქტი, რომ საქმის მასალებიდან გამომდინარე, არ არის დადგენილი და უტყუარად დადასტურებული, თუ რა ვითარებაში და ვისთან ერთად ჩაიდინა მ. ჭ-მ მასზე შერაცხული დანაშაული. ის თავს დამნაშავედ არ ცნობს. დანაშაულის ჩადენის იარაღი _ დანა ამოღებული არ არის. 2003წ. 27 მაისს სისხლის სამართლის საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო საქმე გამოძიებით დაუდგენელი სამი ან ოთხი პირის მიმართ. ამ პერიოდის განმავლობაში გამოძიება ისე იძიებდა მ. ჭ-ს ბრალდების საქმეს, რომ ერთხელაც არ დაინტერესებულა, თუ რა ღონისძიებებს ატარებდა პოლიციის ოპერატიული სამსახური ყაჩაღობაში მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით. საქმეში არ მოიპოვება რაიმე წერილობითი დოკუმენტი პოლიციისათვის ასეთი დავალების მიცემის შესახებ და, ბუნებრივია, არც რაიმე პასუხი არსებობს, თუ რა ღონისძიებებს ატარებდა პოლიცია აღნიშნული დანაშაულის სრულად გახსნისა და დანაშაულში მონაწილე პირების დასადგენად, რასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმისათვის.

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ხელის თითების ორი და შვიდი კვალი, (დაქტილოფირებზე არაკვალიფიციურად გადატანილი), ექსპერტიზის დასკვნით, პიროვნების გაიგივებისათვის უვარგისი აღმოჩნდა.

მ. ჭ-ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, ძირითადად, ემყარება დაზარალებულ ნ. ვ-სა და არასრულწლოვანი მოწმის _ კ. ვ-ს მიერ წინასწარი გამოძიების დროს მიცემულ ჩვენებებს. მათ შემდგომში, სასამართლოებში დაკითხვის დროს, რადიკალურად შეცვალეს თავიანთი ჩვენებები და განაცხადეს, რომ მათ მიერ წინასწარი გამოძიების დროს მიცემული ჩვენებები არ არის სწორი, არ შეეფერება სინამდვილეს, მათ არ შეუძლიათ დაადასტურონ მ. ჭ-მ ჩაიდინა თუ არა დანაშაული.

დაზარალებულმა ნ. ვ-მ, რომელიც წინასწარი გამოძიების დროს მიცემულ ჩვენებებში ყაჩაღურ თავდასხმაში ამხელდა მ. ჭ-ს, ამოიცნო იგი როგორც ფოტოსურათზე, ასევე ფიზიკურად. სასამართლო სხდომაზე დაკითხვის დროს განაცხადა, რომ ღამით თავს დაესხა სამი თუ ოთხი უცნობი პირი, ერთ-ერთმა, რომელსაც ხელში დანა ეჭირა, მოკვლით ემუქრებოდა და აგინებდა, ორჯერ ჩაარტყა სახეში. ვერცერთ პიროვნებას ვერ ცნობს და დრესაც არ შეუძლია მათი ამოცნობა. პოლიციაში სურათისა და პირის ამოცნობის დროს მიანიშნეს ერთ-ერთ პიროვნებაზე და მანაც ამოცნობის ნიშნად თავი დააქნია. მოხუცებულობის გამო არ ახსოვს, როდის, რა სახის ჩვენება მისცა. “ამოცნობის დროს ერთ პიროვნებაზე დავაქნიე თავი, ავადამყოფმა სკლეროზიანმა ქალმა, ოთხმოცდაათი წლის ასაკს მიახლოებულმა და კინაღამ მოვკვდი იქიდან რომ გამოვედი, ვიდარდე, რატომ დავაქნიე თავი ტყუილზე”.

პირის ამოსაცნობად წარდგენის ოქმში მითითებულია, რომ დაზარალებულმა ნ. ვ-მ ამოიცნო მესამე ადგილზე მდგომი პირი (მ. ჭ.), რომელიც დანით ხელში თავს დაესხა მას, ემუქრებოდა მოკვლით, აგინებდა, დაამახსოვრდა მისი გარეგნული და ფიზიკური აღწერილობა.

დაზარალებულის მხრიდან ამოცნობის შემდეგ განაწყენებულმა მ. ჭ-მ აგინა ნ. ვ-ს და დაემუქრა მოკვლით, რაზედაც ნ. ვ-მ უპასუხა: “შენ უზრდელი ხარ, მაშინაც ასეთი სიტყვებით მომმართავდი, როცა დამაყაჩაღე და მოკვლას მიპირებდიო”.

ამოცნობას ესწრებოდნენ დამსწრეები _ ც. ე. და ნ. გ., რომლებიც დაიკითხნენ ამოცნობის დამთავრების შემდეგ და დაადასტურეს ოქმის სისწორე. გამოძიებას არ დაუკითხავს ამოსაცნობი პირები: ვ. გ., ი. ყ. და პ. ჭ. აღნიშნული პირები არც სასამართლო პროცესზე არ დაკითხულან და არ მომხდარა მათი დაპირისპირება დაზარალებულ ნ. ვარძიელთან.

მსჯავრდებულ მ. ჭ-ს წინასწარი გამოძიების პროცესში დანაშაულში ამხელდა აგრეთვე არასრულწლოვანი კ. ვ.: რომ მან ღამით თავისი სახლის ფანჯრიდან დაინახა,მეზობელ ნ. ვ-ს სახლის მეორე სართულზე, საძინებელ ოთახში ლამფა ენთო. ამ დროს შენიშნა ფანჯარასთან ვიღაც ბიჭი, რომელმაც გადასწია ფარდა. მან იცნო მ. ჭ., გაუკვირდა, ღამით მოხუც ქალთან რატომ იყო, ამ დროს მას სტუმრები არ უნდა ჰყოლოდა. გამოვიდა ეზოში და შენიშნა სამი თუ ოთხი პირი რომლებსაც ხელში ფუთები ეჭირათ, ისინი წავიდნენ სტადიონზე, სპორტსმენთა გასახდელ შენობაში. იქიდან რომ გამოვიდნენ, ფუთები აღარ ეჭირათ. შევიდა სახლში. არც ოჯახის წევრებისათვის და არც მეზობლებისათვის, რომლებიც მამამისთან სტუმრად იყვნენ, არაფერი უთქვამს დაწვა და დაიძინა მამასთან ერთად.

სასამართლო პროცესზე დაკითხვისას არასრულწლოვანმა კ. ვ-მ განაცხადა, რომ ის დააკავა პოლიციამ, წარადგინეს პოლიციაში, სადაც სცემეს, არ გამოუშვეს მანამ, სანამ პოლიციის მუშაკების კარნახით არ მისცა მ. ჭ-ს საწინააღმდეგო ჩვენება და მეორე დღეს გამოუშვეს. შემდეგ კიდევ წაიყვანეს და დაკითხეს. სინამდვილეში მას მ. ჭ. არ დაუნახავს ნ. ვ-ს ბინაში, არც ნივთები არ იცოდა სად იყო და აღნიშნული ყაჩაღობის შესახებ გაიგო მხოლოდ მეორე დღეს, დილით, ნ. ვ-საგან, რომელმაც მეზობლებს უთხრა ღამით დამაყაჩაღესო.

კ. ვა-მ გამოძიების პროცესში უარი განაცხადა მ. ჭ-სთან დაპირისპირებაზე, მასთან ნათესაური კავშირის მოტივით.

შემთხვევის ადგილის სქემის მიხედვით, ნ. ვ-სა და კ. ვ-ს სახლებს შორის მანძილი შვიდი მეტრია (კ. ვ-ს ჩვენებით _ 15-მეტრი). ეზო გაყოფილია მავთულბადის ღობით. სქემაზე არ ჩანს და არც გამოძიებას არ გაურკვევია მათი სახლების ფანჯრების განლაგება. ასევე არ შეუმოწმებია, ნამდვილად დაინახავდა და ამოიცნობდა თუ არა არასრულწლოვანი კ. ვ. ღამით, ლამფის შუქზე, თავისი სახლის ფანჯრიდან ნ. ვ-ს ბინაში ფანჯარასთან მყოფ პიროვნებას _ მ. ჭ-ს.

აღნიშნული სქემის მიხედვით, ნ. ვ-სა და კ. ვ-ს სახლებიდან საკმაოდ დიდ მანძილზეა დაშორებული სტადიონი და იქ არსებული სპორტსმენთა გასახდელი შენობა, მანამდე არის საკონსერვო ქარხნის ტერიტორია თავისი შენობა-ნაგებობებით, ცისტერნებით. სტადიონის ტერიტორიაზე მიმსვლელი პიროვნება რამდენიმე ღობეზე უნდა გადავიდეს იქ რომ მოხვდეს. გამოძიებას არ შეუმოწმებია ღამით, დაახლოებით 12 საათზე, შეძლებდა თუ არა კ. ვ. საკმაოდ შორ მანძილზე დაენახა სამი თუ ოთხი პიროვნება ფუთებით ხელში, სტადიონზე, შენობაში შესული, აგრეთვე ის, რომ იქიდან გამოსულებს ფუთები აღარ ეჭირათ.

დაზარალებულ ნ. ვ-ს ჩვენების მიხედვით, უცნობი პირები, რომლებმაც გაიტაცეს ოჯახის კუთვნილი ნივთები, მისი ბინიდან გავიდნენ ღამით, დაახლოებით 12 საათზე. გამოძიებით არ არის დაზუსტებული დრო, რომელ საათზე დაინახა კ. ვ-მ თავისი სახლის ფანჯრიდან მეზობლის, ნ. ვ-ს საძინებელი ოთახის ფანჯარასთან მდგომი მ. ჭ. გამოძიება ასევე არ ეკითხება დაზარალებულ ნ. ვ-ს, დაინახა თუ არა მან ის პირი, რომელიც თავს დაესხა საძინებელ ოთახში, დანას აბჯენდა ყელზე, ემუქრებოდა მოკვლით, სცემდა და აფრთხილებდა, რომ არ ეყვირა, მივიდა თუ არა იგი ფანჯარასთან და გადასწია თუ არა (მ. ჭ-მ) ფანჯრის ფარდა.

საქმის მასალებიდან არ ჩანს, რატომ იქნა არასრულწლოვანი კ. ვ. წარდგენილი პოლიციაში დასაკითხად, მას განცხადება არ დაუწერია, თავისი ინიციატივით არ მისულა, არც თავისი ოჯახის წევრებისა და მეზობლებისათვის არაფერი უთქვამს მ. ჭ-ს შესახებ.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ მ. ჭ-ს ბრალეულობის დასაბუთებისას სასამართლოს განაჩენი არ ემყარება საკმარის უტყუარ მტკიცებულებებს.

საქართველოს სსსკ-ის 503-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. იგი დგინდება მხოლოდ იმ პირობით, თუ სასამართლო განხილვის დროს დამტკიცდა განსასჯელის მიერ დანაშაულის ჩადენა უტყუარ მტკიცებულებათა საფუძველზე. ამავე კოდექსის 132-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ასევე ამავე კოდექსის მე-19 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, განაჩენი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 21 თებერვლის განაჩენი მ. ჭ-ს მიმართ უნდა გაუქმდეს და საქმე ახალი სასამართლო განხილვისათვის გაეგზავნოს ქუთაისის საოლქო სასამართლოს.

ხელახალი სასამართლო განხილვის დროს დეტალურად უნდა დაიკითხონ დაზარალებული ნ. ვ. და მოწმე კ. ვ., დადგინდეს მათ მიერ წინასწარი გამოძიების სტადიაში მიცემული ჩვენებების სასამართლოში შეცვლის რეალური მიზეზები და მიღებულ შედეგებს მიეცეს სწორი სამართლებრივი შეფასება.

საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით, ხელახალი სასამართლო განხილვის დროს, კიდევ ერთხელ გულდასმით უნდა შემოწმდეს და გამოკვლეულ იქნეს წინასწარი გამოძიებისა და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, აღმოიფხვრას არსებული წინააღმდეგობები და აღნიშნული გამოკვლევის შემდეგ მოხდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ მ. ჭ-ს მიერ საკასაციო საჩივარში ჩამოყალიბებულ მოსაზრებას, რომ თითქოს მის მიმართ განაჩენი გამოტანილია სასამართლოს არაკანონიერი შემადგენლობის მიერ, რითაც დარღვეულია საქართველოს სსსკ-ის 563-ე მუხლის მეორე ნაწილის “ლ” ქვეპუნქტი, რადგანაც მოსამართლე ზ. მ. არის ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის მოსამართლე და უფლება არ ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში საქმის განხილვაში. იგივე საკითხი დააყენა საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულ მ. ჭ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. გ-მ.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ მ. ჭელიძისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. გ-ს ზემოთ აღნიშნული მოსაზრება არ არის სწორი, ვინადიან საქმეში, არის ქუთაისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ ო. შ-ს 2005წ. 15 თებერვლის განკარგულება მ. ჭ-ს ბრალდების საქმის განხილვის თაობაზე, მოსამართლეთა შემდეგი შემადგენლობით: მარინა იმერლიშვილი (თავმჯდომარე), დ. სვანიძე და ზაალ მარუაშვილი სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 21 თებერვლის განაჩენი მ. ჭ-ს მიმართ გაუქმდეს და საქმე ხელახალი სასამართლო განხილვისათვის გაეგზავნოს ქუთაისის საოლქო სასამართლოს.

მ. ჭ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ პოლიციის ზედამხედველობაში გადაცემა _ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.