საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 127-დად 20 მაისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ისაევი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მ. გოგელია,ი. ბიბილაშვილი
განიხილა დაზარალებულ მ. ჩ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ფ-ს კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2005წ. 28 თებერვლის დადგენილებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ადვოკატ მ. ფ-ს საჩივარი და უცვლელად დარჩა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის გამომძიებელ ბ. ა-ს მიერ 2005წ. 12 იანვარს მიღებული დადგენილება სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ მ. დ-ს მიმართ.
აღწერილობითი ნაწილი:
2004წ. 13 ოქტომბერს ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ¹0404576 ქ. თბილისის ... შინაგან საქმეთა სამმართველოს ... განყოფილების უფროსის, პოლიციის ... მ. დ-ს მიმართ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის III ნაწილის “გ” ქვეპუნქტით. სისხლის სამართლის საქმის აღძვრას საფუძვლად დაედო შსს გენერალური ინსპექციიდან რაიპროკურატურაში გაგზავნილი მ. ჩ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ფ-ს საჩივრის ირგვლივ ჩატარებული მოკვლევის მასალები. 2004წ. 15 ოქტომბერს აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე ქვემდებარეობით გადაიგზავნა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ პროკურატურაში.
საქმეზე ჩატარებული წინასწარი გამოძიებით დადგენილად იქნა მიჩნეული შემდეგი:
მ. დ. მუშაობდა რა შსს ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონის შს სამმართველოს I განყოფილების უფროსის თანამდებობაზე, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ირიცხებოდა სახელმწიფო სამსახურში, იყო საჯარო მოსამსახურე, მოხელე და ამავე კანონით დადგენილი წესით და დაკავებული თანამდებობის შესაბამისად, ეწეოდა ანაზღაურებად საქმიანობას. 2004წ. 7 აგვისტოს მ. დ-მ პოლიციის განყოფილების ოპერატიულ ჯგუფს დაავალა, ჩაეტარებინათ ჩხრეკა მ. ჩ-ს საცხოვრებელ ბინაში, მდებარე ქ. თბილისში. ბინაში ჩხრეკის ჩატარების შემდეგ მ. ჩ.
დაკავებული და წარდგენილ იქნა ისანი-სამგორის რაიონის შს სამმართველოს I განყოფილებაში, სადაც მ. დ-მ მოსთხოვა მას ეღიარებინა ბინაში ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შენახვის ფაქტი. უარის მიღების შემდეგ მ. დ-მ გადაამეტა რა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას, დაუწყო მ. ჩ-ს ცემა ხელებითა და ფეხებით. იმავე დღეს მ. ჩ. წარდგენილ იქნა ისანი-სამგორის რაიონის საგამოძიებო სამსახურში, სადაც რამდენიმე ხანში მივიდა მ. დ., რომელმაც უსაფუძვლოდ დააბრუნა მ. ჩ. ისანი-სამგორის რაიონის შსს I განყოფილებაში, სადაც კვლავ განაგრძო მისი ცემა. ცემის შედეგად მ. ჩ-მ გულმკერდის წინა და უკანა ზედაპირზე, მარცხენა მხარეს, სისხლნაჟღენთების სახით მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, რასაც ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა არ მოჰყოლია.
2004წ. 16 ოქტომბერს მ. დ. დაუსწრებლად იქნა მიცემული ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში იმ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია სსკ-ის 333-ე მუხლის III ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით.
საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ მ. ჩ-ს სხეულის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით, ისანი-სამგორის შსს I განყოფილების უფროსის _ მ. დ-ს მხრიდან არ ჰქონია ადგილი მართლსაწინააღმდეგო დანაშაულებრივ ქმედებას, რის გამოც 2005წ. 12 იანვრის დადგენილებით წარმოებით შეწყდა სისხლის სამართლის საქმე ¹0404986 მ. დ-ს მიმართ სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.
სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის დადგენილებას არ დაეთანხმა დაზარალებულ მ. ჩ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. ფ. და საჩივრით მიმართა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს. ადვოკატი მ. ფ. საჩივრით ითხოვდა გამოძიების მიერ მიღებული დადგენილების გაუქმებას და საქმეზე წინასწარი გამოძიების განახლებას.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ საჩივარი განიხილა მხარეთა მონაწილეობით და თავისი 2005წ. 28 თებერვლის დადგენილებით არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივრით ადვოკატი მ. ფ. ითხოვს სასამართლოსა და გამოძიების მიერ მ. დ-ს მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებათა გაუქმებას და საქმეზე წინასწარი გამოძიების განახლებას. იგი მიუთითებს, რომ საქმეზე ჩატარებული გამოძიება არის არასრული, ტენდენციური, არ შემოწმებულა ყველა გარემოება და მიღებულია უკანონო გადაწყვეტილება. საქმეში არსებული მტკიცებულებები სამართლებრივად სწორად არ არის შეფასებული, ჩასატარებელია მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, რაც ნათელს მოჰფენდა დაზარალებულ მ. ჩ-სათვის სხეულის დაზიანების მიყენების ფაქტს და მ. დ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული იქნებოდა სათანადოდ დაკვალიფიცირებული.
პალატის სხდომაზე ადვოკატმა მ. ფ-მ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მან მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების შესახებ. ადვოკატმა მ. ფ-მ წარმოადგინა დამატებითი მასალები, რაც დაერთო საქმეს.
მ. დ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. ა-მ მხარი არ დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას. მან აღნიშნა, რომ საქმეში არ მოიპოვება არავითარი დამამტკიცებელი საბუთი იმის შესახებ, რომ მ. დ-მ რაიმე ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მ. ჩ-ს. ადვოკატმა ი. ა-მ აღნიშნა, რომ მ. დ. საერთოდ არ შეხვედრია მ. ჩ-ს და მისი მხრიდან გამორიცხულია რაიმე დანაშაულის ჩადენა. ადვოკატმა ი. ა-მ წარმოადგინა მასალები თბილისის შსს დროებითი მოთავსების იზოლატორის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი სიყალბის ჩადენის შესახებ (წარმოდგენილი მასალები დაერთო საქმეს).
ადვოკატ ი. ა-ს დაეთანხმა მ. დ.. მან იშუამდგომლა გამოძიებისა და სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა უცვლელად დატოვება.
პროკურორმა გ. კ-მ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები. მან კანონიერად მიიჩნია გამოძიებისა და სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და იშუამდგომლა მათი უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება და თვლის, რომ მოცემულ საქმეზე გამოძიებისა და სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის კანონიერი და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:
წინასწარი გამოძიების სტადიაზე დეტალურად შემოწმდა საქმეზე წამოჭრილი ყველა ვერსია და მიღებულ შედეგებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება. წინასწარი გამოძიების მიერ შემოწმდა ვერსია იმის თაობაზე, თუ რა ვითარებაში მიიღო დაზარალებულმა მ. ჩ-მ სხეულის მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. ჩატარებული გამოძიებით არ დადგინდა მ. დ-ს მიერ რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტი. ასევე ვერ დადგინდა მის მიერ მ. ჩ-ს ცემისა და მისთვის სხეულის დაზიანების მიყენების ფაქტი, რის გამოც მის მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ გამოძიების სტადიაზე დეტალურად იქნა გამოკვლეული ადვოკატ მ. ფ-ს განცხადებაში მითითებული გარემოებები და ისინი სათანადოდ შეფასდა.
საქართველოს სსსკ-ის 132-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეული მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი დამოკიდებულების, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება მათი ერთობლიობით _ დამნაშავედ ცნობის შესახებ საკმარისობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ეჭვი დამნაშავედ პირის ცნობისათვის მტკიცებულების უტყუარობისა და მისი საკმარისობის თაობაზე უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ, თუ ეჭვი არ შეიძლება გაბათილდეს დამატებით მტკიცებულებათა შევსებით. მოცემულ შემთხვევაში ეჭვი გადაწყვეტილ იქნა ბრალდებულის სასარგებლოდ, მით უმეტეს, ამ ეტაპზე უკვე აღარ არსებობს დამატებით მტკიცებულებათა შეკრების შესაძლებლობა.
პალატა თვლის, რომ არ არსებობს გამოძიებისა და სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა გაუქმების კანონიერი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 242-ე, 243-ე და 568-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ადვოკატ მ. ფ-ს კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2005წ. 28 თებერვლის დადგენილება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.