განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 151-კოლ 15 თებერვალი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),ნ. გაბრიჩიძე (მომხსენებელი),მ. გოგელია
განიხილა მსჯავრდებულ გ. კ-ს, მსჯავრდებულ გ. გ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის თ. გ-სა და პროკურორ ზ. ბ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 10 ნოემბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
გასაჩივრებული განაჩენით:
1. გ. კ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის მეორე ნაწილით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით სასჯელად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი. საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მასზე კონტროლი და დახმარება დაევალა სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელობას;
2. გ. გ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის მეორე ნაწილით და მიესაჯა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით სასჯელად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი და 6 თვე. საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მასზე კონტროლი და დახმარება დაევალა სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელობას.
ამავე საქმეზე მსჯავრდებულები არიან ფ. ტ, ე. ლ და ზ. ჩ, რომლებიც განაჩენს საკასაციო წესით არ ასაჩივრებენ.
განაჩენით ფ. ტს, გ. გ-ს, გ. კ-ს, ე. ლ-სა და ზ. ჩ-ს მსჯავრი დაედოთ იმაში, რომ ჩაიდინეს სამსახურებრივი გულგრილობა, რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
გარდაბნის რაიონის სოფ. ... დისლოცირებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის ¹21236 სამხედრო ნაწილის საინჟინრო მესანგრეთა ასეულის იარაღის საცავში 2004წ. 6-7 მარტს, ღამით, ფარულად შეაღწიეს გამოძიებით დაუდგენელმა პირებმა და ფარულად დაეუფლნენ და მართლსაწინააღმდეგოდ გაიტაცეს სამხედრო ნაწილის კუთვნილი, 880 (რვაას ოთხმოცი) აშშ დოლარის ღირებულების მე-2 კატეგორიის 15 ცალი ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღი (¹....................), 22 ცალი ავტომატის მჭიდი და 12 ცალი ხიშტ-დანა, რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი.
¹21236 სამხედრო ნაწილში მეთაურის მოვალეობას ასრულებდა გ. გ, შტაბის უფროსის მოვალეობას _ გ. კ, ასეულის მეთაურის მოვალეობას _ ფ. ტ, კავშირგაბმულობის ოცეულის მეთაური იყო ე. ლ, ხოლო საინჟინრო-მესანგრეთა ასეულის ზემდეგი _ ზ. ჩ.
2004წ. 6-7 მარტს პასუხისმგებელი მორიგეები იყვნენ ფ. ტ და ე. ლ.
ამავე განაჩენით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სამოქალაქო სარჩელი და ხუთივე მსჯავრდებულს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის ¹21236 სამხედრო ნაწილის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრა ზარალის თანხა _ 880 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი.
მსჯავრდებული გ. კ საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას.
მსჯავრდებულ გ. გ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი თ. გ საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და მის მიმართ საქმის შეწყვეტას.
პროკურორი ზ. ბ საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და საქმის დაბრუნებას ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრების მოტივთა საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს და მიიჩნია, რომ მსჯავრდებულ გ. კ-სა და მსჯავრდებულ გ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. გ-ს საკასაციო საჩივრების მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. სახელმწიფო ბრალმდებლის, რუსთავის საქალაქო პროკურორის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა ეთანხმება მსჯავრდებულთა საკასაციო საჩივრებში აღნიშნულ მოსაზრებებს იმის შესახებ, რომ საქმეზე წინასწარი გამოძიება ჩატარებულია საქმის გარემოებათა ყოველმხრივი, ობიექტური და სრული გამოკვლევის თაობაზე საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც საბრალდებო დასკვნა და სასამართლოს მიერ გ. გ-ს, გ. კ-სა და ზ. ჩ-ს მიმართ გამოტანილი განაჩენი, ძირითადად, ეყრდნობა ვარაუდებსა და მოსაზრებებს და არა _ ურთიერთშემაჯამებელ უტყუარ მტკიცებულებებს.
საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა გ. გ-მ განაცხადა, რომ წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს, სამსახურებრივი გულგრილობა არ ჩაუდენია, პირიქით, დიდი პასუხისმგებლობით ასრულებდა თავის მოვალეობას, რის გამოც მრავალჯერ იყო დაჯილდოებული მედლებით, სიგელებით, გამოცხადებული ჰქონდა მადლობები. ბატალიონი განიცდიდა პირადი შემადგენლობის მწვავე ნაკლებობას, ირიცხებოდა 102 ჯარისკაცი, მაგრამ მსახურობდა მხოლოდ 34, რაც შეუძლებელს ხდიდა სადღეღამისო განაწესის შესრულებას. მან მრავალჯერ მოახსენა ამის შესახებ სარდლობას როგორც წერილობით, ისე ზეპირად, მაგრამ ხელმძღვანელობას რეაგირება არ მოუხდენია. ამის გამო ნაწილში დარჩენილი ოფიცრები და ზემდეგები თითქმის საგანგებო რეჟიმში გადაიყვანა, დაავალა მათ მორიგეობა, რათა პირადად გაეკონტროლებინათ და დაეცვათ საიარაღო ოთახი, ასევე პირადი კონტროლი დაეწესებინათ ნაწილში დარჩენილი ჯარისკაცების სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე. თვითონაც სისტემატურად ამოწმებდა იარაღების შესანახ ოთახს. შეამოწმა 4 მარტსაც, რა დროსაც იარაღები ადგილზე იყო. 6 მარტს, 16 საათზე, განაწესის მორიგეს _ ე. ლ-ს ჰკითხა, თუ როგორ მიმდინარეობდა განაწესის დანიშვნა, რაზედაც მან უპასუხა, რომ ყველაფერი წესრიგში იყო. ასეთივე შეკითხვით მიმართა ასმეთაურ ფ. ტ-ს, რის თაობაზეც მან უპასუხა, რომ თვითონ რჩებოდა მორიგედ და პირადად უზრუნველყოფდა შინაგანაწესის შემოწმებას. 7 მარტს შეატყობინეს, რომ გატაცებული იყო 15 ცალი ავტომატური იარაღი. მას პირადად არ შეეძლო, ყოველ ღამეს დარჩენილიყო სამხედრო ნაწილში და შეემოწმებინა განაწესის მორიგეობა, ფიზიკურადაც ვერ შეძლებდა ამას. მიუხედავად ამისა, ის მაინც სისტემატურად ამოწმებდა განაწესის მუშაობას. იგივე გააკეთა 6 მარტსაც, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, მისი დავალება არ შეასრულა ასეულის პასუხისმგებელმა მორიგემ ფ. ტ-მ, რომელმაც მიატოვა სამსახური და დაცვის გარეშე დატოვა იარაღების შესანახი ოთახი, ხოლო სამხედრო ნაწილის მორიგემ ე. ლ-მ, რომელსაც უშუალოდ ევალებოდა როგორც ფ. ტ-ს, ასევე განაწესის სხვა სამხედრო მოსამსახურეების კონტროლი, მართალია, ღამით შეამოწმა განაწესის მორიგეები და აღმოაჩინა, რომ ფ. ტ ადგილზე არ იმყოფებოდა, მაგრამ არავითარი რეაგირება არ მოუხდენია. ფ. ტ და ე. ლ აღიარებენ დანაშაულს და გამოძიებას მისცეს ასეთივე ჩვენებები. გ. გ დარწმუნებულია თავის უდანაშაულობაში, რის გამოც ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და მის მიმართ საქმის შეწყვეტას.
საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა გ. კ-მ განაცხადა, რომ თავს არ ცნობს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. მას სამხედრო ნაწილის შტაბის უფროსის თანამდებობა ოფიციალურად არ დაუკავებია, ის სისტემატურად იყო მივლინებებში (პალატას წარუდგინა 2005წ. 24 იანვრით დათარიღებული ¹4 ცნობა სამ ფურცელზე მივლინებების შესახებ, რაც გამოქვეყნდა და დაერთო საქმეს). ის, თავდაცვის მინისტრის 26.11.01წ. ¹3140 ბრძანების შესაბამისად, ასრულებდა ქიმიური ასეულის მეთაურის მოვალეობას. შტაბის უფროსის მოვალეობის შესრულება რომ დაეკისრებინათ, ეს აუცილებლად იქნებოდა მითითებული მივლინებიდან სამხედრო ნაწილში დაბრუნების ბრძანებაში (გ. კ-მ პალატას წარუდგინა ბრძანებების ასლები სამ ფურცელზე: თავდაცვის სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს უფროსის 2001წ. 26 ნოემბრის ¹3140 ბრძანება; საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2003წ. 13 ოქტომბრის ¹225 ბრძანება და სამხედრო ნაწილ ¹21236-ის მეთაურის 2004წ. 22 იანვრის ¹22 ბრძანება, რაც გამოქვეყნდა და დაერთო საქმეს). გ. კ აცხადებს, რომ იარაღების დაცვა ან მათი განკარგვა მისთვის არავის დაუვალებია და ამას ვერავინ იტყვის, მით უმეტეს, ის არ იყო ვალდებული, ყოველ ღამე შეემოწმებინა განაწესი. ვისაც ევალებოდა ამის შემოწმება, ისინი გააფრთხილა სამხედრო ნაწილის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელმა გ. გ-მ. მანაც პირადად ნახა, რომ განაწესის ყველა მორიგე ადგილზე იყო და ასრულებდა თავის მოვალეობას. დარწმუნდა, რომ იქ რაიმე საფრთხე არ არსებობდა და წავიდა დასაძინებლად. შემდგომში გამოირკვა, რომ პასუხისმგებელ ოფიცრებს _ ფ. ტა-სა და ე. ლ-ს თავიანთი მოვალეობა არაჯეროვნად შეუსრულებიათ. ორივე მათგანი აცნობიერებს საკუთარ შეცდომას და აღიარებს დანაშაულს. ზემდგომი მეთაურებისათვის ცნობილი იყო, რომ სამხედრო ნაწილში მინიმალურად საკმარისი პირადი შემადგენლობაც კი არ არსებობდა, რომ დაკომპლექტებულიყო ყარაული, მორიგე, მედღევეები, პატრული, მით უმეტეს, როცა სამხედრო ნაწილის ტერიტორია არ არის შესაბამისად შეღობილი და განათებული, არ არსებობს კავშირისა და შეტყობინების ტექნიკური საშუალებები და ყველაფერს მას ედავებიან, თანაც ისეთ პირობებში, როდესაც დროის უმეტეს ნაწილს ის სამსახურებრივ მივლინებებში და არა სამხედრო ნაწილში ატარებდა. იარაღების ქურდობის შემდეგ სამსახურებრივი მოკვლევაც კი არ ჩატარებულა, არ დაუზუსტებიათ, ვინ რა დარღვევები დაუშვა, ისე დააპატიმრეს უკანონოდ. იგი ითხოვს განაჩენის გაუქმებას და მის მიმართ საქმის შეწყვეტას.
მსჯავრდებულმა ზ. ჩ-მ საკასაციო პალატის სხდომაზე განაცხადა, რომ წინასწარ გამოძიებასა და საოლქო სასამართლოში დაკითხვისას თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ. განაჩენიც არ გაუსაჩივრებია საკასაციო წესით, თუმცა მიაჩნია, რომ უდანაშაულოა. ის, როგორც ზემდეგი, იყო საყარაულო სამსახურში და არა იქ, სადაც იარაღები იყო შენახული. გარდა ამისა, ის სამორიგეოდ გავიდა 5 მარტს და მორიგეობა 6 მარტს, დილით დაამთავრა. იგი შეცვალა წიკლაურმა, თვითონ კი წავიდა დასასვენებლად. მორიგეობის შემდეგ ორი დღე დასვენება ეკუთვნოდა. როგორც გამოძიებამ დაადგინა, იარაღების ქურდობა მოხდა 6-დან 7 მარტს, ღამით. ამ დროს ის სამხედრო ნაწილში საერთოდ არ ყოფილა და არც იყო ვალდებული, ვინაიდან დასვენება ეკუთვნოდა. ედავებიან იმას, რომ თითქოს მისთვის არასამუშაო დღეებში ჩაიდინა დანაშაული, სამსახურებრივი გულგრილობა, რასაც არ ეთანხმება. იგი ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და მის მიმართ საქმის შეწყვეტას.
საკასაციო პალატამ საქმე სრული მოცულობით შეამოწმა სარევიზიო წესით, მათ შორის _ იმ მსჯავრდებულთა მიმართ, რომლებსაც საკასაციო საჩივარი არ შეუტანიათ.
საკასაციო პალატამ შეაჯერა რა მსჯავრდებულების _ გ. გ-ს, გ. კ-ს, ზ. ჩ-ს ჩვენებები საქმეში არსებულ მასალებთან, მიიჩნია, რომ მათი ბრალეულობის დასაბუთებისას საბრალდებო დასკვნა და სასამართლოს განაჩენი არ ემყარება საკმარის უტყუარ მტკიცებულებებს. საქმეზე ჩატარებული წინასწარი გამოძიება არსებითად არასრულია და იგი არ შეიძლება სასამართლო სხდომაზე შეივსოს, რის გამოც თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 10 ნოემბრის განაჩენი უნდა გაუქმდეს ნაწილობრივ: მსჯავრდებულების _ გ. გ-ს, გ. კ-ს, ზ. ჩ-ს მიმართ განაჩენი უნდა გაუქმდეს და საქმე მათ მიმართ დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდეს პროკურატურას, ხოლო მსჯავრდებულების _ ფ. ტ-სა და ე. ლ-ს მიმართ განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
დამატებითი გამოძიების დროს უნდა გაირკვეს და დაზუსტდეს შემდეგი საკითხები:
მსჯავრდებულები _ გ. გ, გ. კ და ზ. ჩ თავიანთ ჩვენებებში განმარტავენ, რომ სამხედრო ნაწილი განიცდიდა პირადი შემადგენლობის მწვავე ნაკლებობას, 102 ჯარისკაციდან სახეზე იყო მხოლოდ 34, რაც შეუძლებელს ხდიდა სადღეღამისო განაწესის შესრულებას. ამის შესახებ როგორც წერილობით, ასევე ზეპირად არაერთხელ მოახსენეს ხელმძღვანელობას, მაგრამ მათ რეაგირება არ მოუხდენიათ.
იარაღების გატაცების დროს, 2004წ. 6-7 მარტს, ღამით, პასუხისმგებელი მორიგეები იყვნენ ფ. ტ და ე. ლ, რომლებმაც, მიუხედავად გაფრთხილებისა, არაჯეროვნად შეასრულეს თავიანთი მოვალეობა, რასაც მძიმე შედეგი მოჰყვა. ისინი აღიარებენ დანაშაულს.
დამატებითმა გამოძიებამ, საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების მეშვეობით, უნდა შეამოწმოს ზემოთ დასახელებულ მსჯავრდებულთა ჩვენებები, მათ მიმართ წარდგენილი ბრალდების გასაბათილებლად გამოთქმული მოსაზრებები. უნდა გაირკვეს, რამდენად რეალურია და რამდენად შეესაბამებიან ისინი საქმეში არსებულ მასალებს, მტკიცებულებებსა და ფაქტობრივ გარემოებებს. ასევე უნდა აღმოიფხვრას მტკიცებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობები.
ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებასაც, რომ სამსახურებრივი გულგრილობა გაუფრთხილებლობაში გამოიხატება, რაც შეიძლება ჩადენილ იქნეს გაუფრთხილებლობითი დანაშაულის ორივე სახით: თვითიმედოვნებითა და დაუდევრობით. ამასთან, მსჯავრდებულთა ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის უნდა არსებობდეს პირდაპირი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი. დანაშაული შეიძლება ჩადენილ იქნეს როგორც მოქმედებით, ისე უმოქმედობითაც.
სამსახურებრივი გულგრილობის დასადგენად განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მოხელის უფლება-მოვალეობათა სამართლებრივ რეგლამენტაციას; ამიტომ კონკრეტულად უნდა დადგინდეს, მოხელემ, ამ შემთხვევაში მსჯავრდებულებმა, მათთვის მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე, რა არ შეასრულეს; იყო თუ არა მათი მოვალეობის შესრულება დაკავშირებული და დამოკიდებული სხვა პირთა სათანადო ქმედებასთან და ჰქონდათ თუ არა შესაძლებლობა, შეესრულებინათ მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობა.
მსჯავრდებულები თავიანთ უდანაშაულობას ასაბუთებენ იმით, რომ სამხედრო ნაწილი განიცდიდა პირადი შემადგენლობის მწვავე ნაკლებობას, რაც შეუძლებელს ხდიდა სადღეღამისო მორიგეობის შესრულებას. მიუხედავად მათი თხოვნისა, ზემდგომი ხელმძღვანელები შესაბამის ზომებს არ იღებდნენ. მსჯავრდებულები თავიანთი შესაძლებლობის ფარგლებში მაინც ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, მაგრამ ფიზიკურად არ შეეძლოთ, ყოველი ღამე სამხედრო ნაწილში გაეტარებინათ. შემდეგი საკითხი, რასაც მსჯავრდებულები აყენებენ, არის ის, რომ დადგენილია კონკრეტული პასუხისმგებელი პირები _ ფ. ტ და ე. ლ, რომლებმაც არაჯეროვნად შეასრულეს თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობა.
დამატებითმა გამოძიებამ დეტალურად უნდა შეამოწმოს ეს საკითხები და მიღებულ შედეგებს მისცეს სწორი სამართლებრივი შეფასება.
გამოძიებამ ასევე უნდა შეამოწმოს, რეალურად ახორციელებდა თუ არა მსჯავრდებული გ. კ შტაბის უფროსის მოვალეობას და რა გავლენა შეიძლება მოეხდინა მივლინებებს მისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე.
ასევე უნდა შემოწმდეს ზ. ჩ-ს ჩვენება, რომ მან 6 მარტს, დილით, დაამთავრა მორიგეობა და წავიდა დასასვენებლად. 6-დან 7 მარტს, ღამით მოხდა იარაღების გატაცება.
მსჯავრდებულები მიუთითებენ გატაცებული იარაღების ღირებულების უზუსტობაზე, რაც ასევე უნდა შემოწმდეს გამოძიების პროცესში.
საქართველოს სსსკ-ის 503-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. იგი დგინდება მხოლოდ იმ პირობით, თუ სასამართლო განხილვის დროს დამტკიცდა განსასჯელის მიერ დანაშაულის ჩადენა უტყუარ მტკიცებულებათა საფუძველზე. ამავე კოდექსის 132-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავი შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამავე კოდექსის მე-19 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, განაჩენი, ასევე, შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 10 ნოემბრის განაჩენი გ. გ-ს, გ. კ-სა და ზ. ჩ-ს მიმართ უნდა გაუქმდეს და საქმე დამატებითი გამოძიებისათვის გაეგზავნოს პროკურატურას.
საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით დამატებითმა გამოძიებამ უნდა უზრუნველყოს საქმის გარემოებათა ყოველმხრივი, ობიექტური, სრული გამოკვლევა და საკმარისი მტკიცებულებების მოგროვება გ. გ-ს, გ. კ-სა და ზ. ჩ-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. გ-სა და მსჯავრდებულ გ. კ-ს საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 10 ნოემბრის განაჩენი გაუქმდეს ნაწილობრივ:
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 10 ნოემბრის განაჩენი ფ. ტ-სა და ე. ლ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 10 ნოემბრის განაჩენი გ. გ-ს, გ. კ-სა და ზ. ჩ-ს მიმართ და საქმე დამატებითი გამოძიებისათვის გაეგზავნოს საქართველოს გენერალურ პროკურატურას.
გ. გ-ს, გ. კ-სა და ზ. ჩ-ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ ხელწერილი გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ _ დარჩეს უცვლელად.
პროკურორ ზ. ბ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.