განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად

სისხლის სამართლის 24.11.2005
საქმის ნომერი
2კ-155კოლ.-05
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
24.11.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 155-კოლ 24 ნოემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გაბრიჩიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ი. ტყეშელაშვილი,მ. ისაევი

განიხილა ... რაიონული პროკურორის _ გ. კ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005წ. 20 მაისის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

საბრალდებო დასკვნით გ. თ-ს ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2004წ. 11 ივნისს, დაახლოებით 18 საათზე, გ. თ. კუთვნილი “ალფა-რომეოს” მარკის ა/მანქანით იმყოფებოდა დმანისის რაიონის სოფ. განთიადში, სადაც მან ბენზინგასამართი სადგურის სიახლოვეს შენიშნა დმანისში, ... ქ. ¹71-ში მცხოვრები ეროვნული სამხედრო სასწავლო ცენტრ “კრწანისის” მოსამსახურე თ. ს. და მასთან ერთად მყოფი მისი მეგობარი, რუსთავში, .... ¹4-ში მცხოვრები მ. პ., რომლებიც იდგნენ ავტობუსების გაჩერებაზე და აპირებდნენ სამხედრო ნაწილში წასვლას.

გ. თ-მ, რომელიც იყო პოლიციის მუშაკი და იმყოფებოდა სამოქალაქო ფორმით, თავი წარუდგინა თ. ს-სა და მ. პ-ს და მოსთხოვა, ეჩვენებინათ, რა ჰქონდათ ჩანთასა და ჯიბეებში. თ. ს-მ და მ. პ-მ გ. თ-ს უპასუხეს, რომ ჩანთაში ჰქონდათ სამხედრო ფორმის ტანსაცმელი, ხოლო თ. ს-ს ჯიბეში ედო ორი კოლოფი სიგარეტი და 22 ლარი. გ. თ-მ საჯარო სამსახურის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ, ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება და თავისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, დმანისის შს რაიგანყოფილებაში აყვანის მუქარით თ. ს-ს მოსთხოვა ეყიდა მისთვის “მონო” ბარათი. თ. ს. იძულებული გახდა, გ. თ-ს მიეცა 20 ლარი, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი დმანისში, ... ¹8-ში მცხოვრებ ა. ჩ-სთან ერთად, თავისი კუთვნილი ა/მანქანით წავიდა ქ. დმანისის მიმართულებით, ხოლო თ. ს. და მ. პ. იძულებული გახდნენ, დაბრუნებულიყვნენ სახლში, რადგანაც მათ სამგზავრო ფული აღარ ჰქონდათ. სახლში მისვლისას, როდესაც თ. ს-ს დედამ _ ლ. ს-მ ჰკითხა დაბრუნების მიზეზი, იგი მოუყვა, თუ როგორ წაართვა გზის ფული დმანისის შს რაიგანყოფილების ნარკომანიისა და ნარკობიზნესის წინააღმდეგ მებრძოლი ჯგუფის ინსპექტორმა გ. თ-მ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005წ. 20 მაისის განაჩენით გ. თ. საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.

პროკურორი გ. კ. საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და საქმის დაბრუნებას ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის.

გამართლებული გ. თ. შუამდგომლობით ითხოვს განაჩენის უცვლელად დატოვებას.

პალატის სხდომაზე პროკურორმა პ. მ-მ მხარი დაუჭირა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოთხოვნას, მან იშუამდგომლა განაჩენის გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად დმანისის რაიონული სასამართლოსათვის იმ მოტივით, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილი გამოკვლევის გარეშე გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი.

პალატის სხდომაზე ადვოკატმა ი. ა-მ ითხოვა გამამართლებელი განაჩენის უცვლელად დატოვება, რასაც დაეთანხმა გ. თ.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განაჩენის კანონიერება, საჩივართა საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს და მიიჩნევს, რომ განაჩენი მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის გაეგზავნოს დმანისის რაიონულ სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა თვლის, რომ გ. თ-ს ბრალდების საქმეზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო განხილვა ჩატარებულია საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, საქმის ფაქტობრივ გარემოებათა ყოველმხრივი, ობიექტური და სრული გამოკვლევის თაობაზე.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლომ დაუსაბუთებლად უთხრა უარი პროკურორის შუამდგომლობას გამომძიებლის დაკითხვაზე იმ მოტივით, რომ ეს გამოიწვევდა საქმის განხილვის გაჭიანურებას, მაშინ, როდესაც საამისო საფუძველი არ არსებობდა. თვით სასამართლომ საქმის განხილვა გააჭიანურა, 2004წ. 2 დეკემბერს მიიღო საქმე და მხოლოდ 2005წ. 21 მარტს მისცა ბრალდებული გ. თ- სამართალში. აქედან გამომდინარე, გამომძიებლის დაკითხვაზე უარის თქმა საქმის გაჭიანურების მოტივით ყოვლად უსაფუძვლოა.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ხელახალი სასამართლო განხილვის დროს, საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით, კიდევ ერთხელ გულდასმით უნდა შემოწმდეს და გამოკვლეულ იქნეს როგორც წინასწარი გამოძიებისა და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, ასევე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები და მოსაზრებები. უნდა გაირკვეს რამდენად რეალურია და რამდენად შეესაბამებიან ისინი საქმეში არსებულ მასალებს, მტკიცებულებებსა და ფაქტობრივ გარემოებებს. უნდა აღმოიფხვრას მოწმეთა ჩვენებებს შორის არსებული წინააღმდეგობები და აღნიშნული გამოკვლევის შემდეგ მოხდეს საბოლოო შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება.

პალატა თვლის, რომ საქმის ხელახალი, სრულყოფილი განხილვისა და შეკრებილ მტკიცებულებათა ობიექტური შეფასების შემდეგ სასამართლომ უნდა მიიღოს სამართლებრივად სწორი და კანონიერი გადაწყვეტილება. უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე დანაშაულის დადასტურების შემთხვევაში გ. თ-ს მიმართ სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას უნდა გაითვალისწინოს მისი პიროვნული მონაცემები და დანაშაულის სიმძიმე.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

პროკურორის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005წ. 20 მაისის განაჩენი გ. თ-ს მიმართ და საქმე განსახილველად გაეგზავნოს დმანისის რაიონულ სასამართლოს.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.