საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 411 22 ნოემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი (მომხსენებელი),მ. გოგელია
განიხილა მსჯავრდებულ ჯ. მალანიასა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ასლანიკაშვილის საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 8 აგვისტოს განაჩენსა და განჩინებაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
გაგრის საქალაქო და გუდაუთის რაიონული სასამართლოს 2005წ. 26 აპრილის განაჩენით ჯ. მალანიას საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა გაგრის საქალაქო და გუდაუთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 5 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელიდან 6 თვე და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2004წ. 18 მარტიდან.
იმავე განაჩენით ჯ. მალანია გამართლდა სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ბრალდებაში კი მისი სისხლის სამართლის საქმე დამატებითი გამოძიებისათვის დაუბრუნდა ქუთაისის რაიონულ პროკურატურას.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 8 აგვისტოს განაჩენით გაგრის საქალაქო და გუდაუთის რაიონული სასამართლოს განაჩენი ჯ. მალანიას მიმართ შეიცვალა შემდეგი მიმართებით:
განაჩენიდან ამოირიცხა მითითება “ჯ. მალანიას მიმართ სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “გ” ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების შესახებ”. დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.
იმავე სასამართლოს სააპელაციო პალატის 2005წ. 8 აგვისტოს განჩინებით გაუქმდა გაგრის საქალაქო და გუდაუთის რაიონული სასამართლოს 2005წ. 26 აპრილის განაჩენში მითითებული გარემოება სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “გ” ქვეპუნქტებით საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების შესახებ.
ამ ეპიზოდში მისი ბრალდების სისხლის სამართლის საქმე განსახილველად დაუბრუნდა წყალტუბოს რაიონულ სასამართლოს.
განაჩენით ჯ. მალანიას მსჯავრი დაედო იმაში, რომ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა საბრძოლო მასალა _ 5,45 მმ კალიბრიანი 4 ვაზნა, რომელსაც უკანონოდ ინახავდა თავის საცხოვრებელ სახლში.
საბრალდებო დასკვნით ჯ. მალანიას ბრალი ედება ჯგუფურად, ბინაში შეღწევით ჩადენილი ყაჩაღობისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
2004წ. 11 მარტს სხვა პირებთან ერთად იგი ყაჩაღურად თავს დაესხა წყალტუბოში მცხოვრებ ხათუნა შონიას ოჯახს, რა დროსაც ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით მას გასტაცა “პანასონიკის” ფირმის ტელევიზორი და ვიდეომაგნიტოფონი, რითაც 1000 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.
საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული ჯ. მალანია და მისი ადვოკატი თ. ასლანიკაშვილი ითხოვენ სააპელაციო სასამართლოს განაჩენისა და განჩინების გაუქმებას და საქმის შეწყვეტას შემდეგი მოტივებით:
1. საქმეში არ მოიპოვება უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებენ ჯ. მალანიას დანაშაულებრივ ქმედებას.
2. საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ჯ. მალანიას ალიბს _ ყაჩაღური თავდასხმის დროს ის თავის სახლში იმყოფებოდა, რაც სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა.
3. დაზარალებული ხ. შონია პირველ ჩვენებაში მიუთითებდა, რომ მან თავდამსხმელები ვერ იცნო, შემდეგ კი მან ჩვენება შეცვალა და ჯ. მალანია დანაშაულში ამხილა. საჩივრის ავტორები თვლიან, რომ ხ. შონიას ჩვენება მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებელ მტკიცებულებად.
4. დაუშვებელ მტკიცებულებად უნდა იქნეს ცნობილი გამომძიებლის 2004წ. 12 და 18 მარტის დადგენილებები საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობისა და დართვის შესახებ; ასევე 2004წ. 12 მარტის დადგენილება დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა და ა.შ.
პალატის სხდომაზე ადვოკატმა თ. ასლანიკაშვილმა მხარი დაუჭირა თავის საკასაციო საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.
სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა ნ. ნაკაშიძემ საკასაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირა, განაჩენი და განჩინება ჯ. მალანიას მიმართ მიაჩნია კანონიერად და მოითხოვა მათი უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი, რომელიც ითხოვს ჯ. მალანიას მიმართ განაჩენისა და განჩინების გაუქმებას და საქმის შეწყვეტას, არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ გაგრის საქალაქო და გუდაუთის რაიონული სასამართლოს 2005წ. 26 აპრილის განაჩენი და ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 8 აგვისტოს განაჩენი ჯ. მალანიას მიმართ სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდების ეპიზოდში უნდა გაუქმდეს და საქმე ამ ეპიზოდში ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს წყალტუბოს რაიონულ სასამართლოს. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 8 აგვისტოს განჩინება ჯ. მალანიას მიმართ, რომლითაც მისი ბრალდების სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “გ” ქვეპუნქტებით ბრალდების ეპიზოდში განსახილველად დაუბრუნდა წყალტუბოს რაიონულ სასამართლოს, უნდა დარჩეს უცვლელად.
პალატა არ ეთანხმება საკასაციო საჩივრის მოთხოვნას სასამართლოს განჩინების გაუქმებისა და სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “გ” ქვეპუნქტებით ბრალდების ეპიზოდში ამ ეტაპზე საქმის შეწყვეტის შესახებ, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოს ბრალდების ამ ეპიზოდში სრულად არ გამოურკვევია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და, შესაბამისად, არ მიუღია გადაწყვეტილება გამამტყუნებელი ან გამამართლებელი განაჩენის სახით. პალატა ეთანხმება სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს დადგენილებაში მითითებული საკითხების შემოწმება არ სცილდება სასამართლოს განხილვის ფარგლებს და მათი შემოწმება სავსებით შესაძლებელია ბრალდების ამ ეპიზოდში საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების გარეშეც. პალატა ასევე თვლის, რომ საქმის გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც საფუძვლად დაედო ჯ. მალანიას მიმართ დადგენილ გამამტყუნებელ განაჩენს, დამატებით გამოკვლევასა და სამართლებრივ შეფასებას საჭიროებს.
საქმის ხელმეორედ განხილვისას სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით, სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად უნდა გამოიკვლიოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და საკასაციო საჩივარში მითითებული ყველა გარემოება ჯ. მალანიას მიმართ წარდგენილი ბრალდების თითოეულ ეპიზოდთან დაკავშირებით, ერთნაირი გულმოდგინებით უნდა გაარკვიოს მისი როგორც მამხილებელი, ისე გამამართლებელი, აგრეთვე, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები. სასამართლო გამოძიებით მოპოვებულ და საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ანალიზისა და სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლომ უნდა მიიღოს კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა”, “ე” ქვეპუნქტებით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 8 აგვისტოს განაჩენი და გაგრის საქალაქო და გუდაუთის რაიონული სასამართლოს 2005წ. 26 აპრილის განაჩენი, რომლითაც ჯ. მალანია მსჯავრდებულია სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით, გაუქმდეს და მისი ბრალდების სისხლის სამართლის საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს წყალტუბოს რაიონულ სასამართლოს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 8 აგვისტოს განჩინება, რომლითაც ჯ. მალანიას სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “გ” ქვეპუნქტებით ბრალდების ეპიზოდში განსახილველად დაუბრუნდა წყალტუბოს რაიონულ სასამართლოს, დარჩეს უცვლელად.
აღკვეთი ღონისძიება _ დაპატიმრება _ ჯ. მალანიას მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.