საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 26.01.2005
საქმის ნომერი
2კ-155კოლ.-04
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
26.01.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 155-კოლ 26 იანვარი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი (მომხსენებელი),მ. გოგელია

განიხილა ადვოკატ თ. ც-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 19 ნოემბრის განაჩენზე ი. დ-ის მიმართ.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 15 ნოემბრის განაჩენით ი. დ-ს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. მასვე 3 წლით ჩამოერთვა ავტომანქანის მართვის უფლება.

განაჩენით ი. დ-ს მსჯავრი დაედო სიმთვრალეში ჩადენილი ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევისათვის, რასაც შედეგად მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. განაჩენის მიხედვით, მან დანაშაული ჩაიდინა შემდეგ გარემოებებში:

2003წ. 30 ივნისს, დაახლოებით 23 საათსა და 30 წუთზე, ქ. თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ საგზაო პოლიციელები _ შ. ი. და გ. ბიბილეიშვილი “ბმვ-ს” მარკის ოპერატიული ავტომანქანით. მოძრაობდნენ რა ბარათაშვილის ხიდიდან “ლაგუნა ვერეს” მიმართულებით, რესტორან “ძველ სახლთან” მათ შენიშნეს მოძრაობის წესების დარღვევით მოძრავი ავტომანქანა “შკოდა ოქტავია”, რომელსაც მართავდა ლ. ბოჭორიშვილი. პოლიციელების მითითებით, ლ. ბოჭორიშვილმა ავტომანქანა “შკოდა ოქტავია” გააჩერა ¹115 ბოძთან ისე, რომ ავტომანქანის მარჯვენა თვლების მანძილმა ტროტუარამდე შეადგინა 50 სმ, მის წინ, ხუთი მეტრის დაშორებით, გაჩერდა საგზაო პოლიციელთა ავტომანქანა “ბმვ”, რომლის უკანა მარჯვენა თვლიდან ტროტუარამდე მანძილმა შეადგინა 3,1 მეტრი, ხოლო წინა მარჯვენა თვლიდან ტროტუარამდე _ 2,6 მეტრი. ავტომანქანებს _ “შკოდა ოქტავიას” და “ბმვ-ს” ჩართული ჰქონდათ უკანა წითელი მაშუქები. პოლიციელი შ. იაშაღაშვილი მივიდა ავტომანქანა “შკოდა ოქტავიასთან” და მძღოლს მოსთხოვა საბუთები. ავტომანქანიდან გადავიდა ლ. ბოჭორიშვილიც და დადგა ავტომანქანა “შკოდა ოქტავიას” წინა, მარცხენა კარიდან 150 სმ-ის დაშორებით, ზურგით მოძრაობისაკენ. შ. იაშაღაშვილს ეცვა მომწვანო ფერის ამრეკლი ჟილეტი. შ. იაშაღაშვილმა ლ. ბოჭორიშვილს გამოართვა საბუთები და ტრიალდებოდა პირით მტკვრისაკენ. ამ დროს ორთაჭალის მხრიდან “ლაგუნა ვერეს” მიმართულებით მოძრაობდა ავტომანქანა “ვაზ _ 2106”, რომელსაც მართავდა საბურთალოს რაიონის სახანძრო რაზმის უფროსი, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი პოლიციის კაპიტანი ი. დ-ი, მის გვერდით კი იჯდა გ. ნაცვლიშვლი. ი. დ-ი მიუახლოვდა რა @¹115 ელექტროგანათების ბოძს, ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა, მოძრაობდა რა გადაჭარბებული _ 80 კმ/სთ-ში სიჩქარით, დაარღვია “საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” კანონის მოთხოვნები და შეეჯახა ზემოთ მითითებულ ადგილას მდგარ ლ. ბოჭორიშვილსა და შ. იაშაღაშვილს, შემდეგ კი _ მარჯვენა მხარეს გაჩერებულ “ბმვ-ს”, რომელიც წინ 20 მეტრით გადაადგილდა. ავტომანქანის დაჯახების შედეგად ლ. ბოჭორიშვილი ადგილზევე გარდაიცვალა, შ. იაშაღაშვილმა კი მიიღო ჯანმრთელობის მოშლით სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება.

საკასაციო საჩივრით ადვოკატი თ. ც-ა ითხოვს განაჩენის გაუქმებას და საქმის შეწყვეტას. ადვოკატის აზრით, განაჩენი დაუსაბუთებელი და უკანონოა. იგი ეყრდნობა ვარაუდებს და არა უტყუარ მტკიცებულებებს. მისი აზრით, სასამართლოს უნდა გაეზიარებინა ალტერნატიული ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, რომელმაც გამორიცხა მსჯავრდებულის მხრიდან მოძრაობის წესების დარღვევა. საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ მსჯავრდებული შემთხვევის მომენტში მთვრალი არ ყოფილა და მოწმეების ჩვენებები ამ მიმართებით სიმართლეს არ შეესაბამება.

პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა ი. დ-მა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა _ თ. ც-ამ და თ. გ-მა მოითხოვეს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება. დაზარალებულმა ნ. ბ-ემ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. ა-მა მოითხოვეს განაჩენის უცვლელად დატოვება.

სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა ე. ქარჩავამ საკასაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირა. მან განაჩენი ი. დ-ის მიმართ მიიჩნია კანონიერად და მოითხოვა მისი უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: პალატა არ ეთანხმება საკასაციო საჩივრებს განაჩენის გაუქმებისა და საქმის წარმოებით შეწყვეტის შესახებ, უსაფუძვლობის გამო. პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით, სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოიკვლია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მსჯავრდებულ ი. დ-ის როგორც მამხილებელი, ისე გამამართლებელი გარემოებები; წინასწარი და სასამართლო გამოძიებით მოპოვებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, მოწმეების _ შ. ი-ის, გ. ბ-ის, რ. ა-ის ჩვენებებით, საგამოძიებო ექსპერიმენტით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითა და სხვა მასალებით ი. დ-ის მიერ მასზე ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია და მას სწორი სამართლებრივი შეფასება აქვს მიცემული. სასამართლო კოლეგიამ, გაითვალისწინა რა მსჯავრდებულის პიროვნება, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და ხასიათი, ი. დ-ს სასჯელი განუსაზღვრა იმ ზომით, რაც არ არის მეტისმეტად მკაცრი და აშკარად უსამართლო.

პალატა თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 19 ნოემბრის განაჩენი ი. დ-ის მიმართ დასაბუთებული და კანონიერია. ამდენად, არ არსებობს მისი გაუქმებისა და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 19 ნოემბრის განაჩენი ი. დ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.