საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 156-კოლ 29 მარტი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),ნ. გაბრიჩიძე (მომხსენებელი),ნ. გვენეტაძე
განიხილა მსჯავრდებულ ვ. დ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. დ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 18 ნოემბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 18 ნოემბრის განაჩენით ვ. დ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით _ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, სასჯელის ზომად მას განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
განაჩენის მიხედვით ვ. დ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
ვ. დ-ემ, რომელიც მუშაობდა გლდანი-ნაძალადევის შს სამმართველოს მე-9 განყოფილებაში სექტორის უფროს ინსპექტორად, 1993 წელს მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა, ინახავდა და ატარებდა “მაკაროვის” სისტემის პისტოლეტს. მას 2003წ. 18 თებერვალს, დაახლოებით 19-დან 20 საათამდე, თავისი კუთვნილი ავტომანქანით ნათესავი ი. მ-ი მიჰყავდა ქ. თბილისში, ცისარტყელას ქუჩაზე მდებარე მის სახლში. აღნიშნული ქუჩის შესასვლელთან, ზესტაფონის ქუჩაზე, იდგა “ბმვ-ს” მარკის ავტომანქანა, სატრანზიტო ¹-D-15V, რომელშიც მძღოლის გვერდით იჯდა აფხაზეთის ა/რ უშიშროების სამინისტროს თანამშრომელი კ. ჯ-ე. იგი ელოდებოდა აღნიშნული ავტომანქანის მფლობელს _ კ. კ-ს. ვ. დ-ემ კ. ჯ-ს მოსთხოვა ავტომანქანის გადაყენება, რადგან იგი ხელს უშლიდა ცისარტყელას ქუჩაზე შესვლაში. ამის გამო ისინი შელაპარაკდნენ, რაც გადაიზარდა ჩხუბში, რა დროსაც მან თანნაქონი “მაკაროვის” სისტემის პისტოლეტიდან, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ორჯერ ესროლა კ. ჯ-ს მუცლის არეში, რითაც მან მიიღო რა სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანება, საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
მსჯავრდებულ ვ. დ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი დ. დ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს მის გამართლებას განზრახ მკვლელობის ნაწილში, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვისა და ტარების ნაწილში _ პირობითი სასჯელის გამოყენებას.
პალატის სხდომაზე ადვოკატმა დ. დ-ემ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მან მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების შესახებ, რასაც დაეთანხმა მსჯავრდებული ვ. დ-ე.
პალატის სხდომაზე დაზარალებულის უფლებამონაცვლის _ შ. ჯ-ის ინტერესების წარმომადგენელმა დ. ხ-მ მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას, მან კანონიერად მიიჩნია დადგენილი განაჩენი და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვების შესახებ, რასაც დაეთანხმა დაზარალებულის უფლებამონაცვლე შ. ჯ-ე.
პროკურორმა ბ. გოგლიძემ კანონიერად მიიჩნია დადგენილი განაჩენი და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვების შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს და მიიჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო გამოკვლევა ჩატარებულია სრულყოფილად და საპროცესო კანონმდებლობის დაცვით.
წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო ორგანოებმა გამოკვლეულ მტკიცებულებებს მისცეს სწორი სამართლებრივი შეფასება, საქმეზე დადგენილია კანონიერი განაჩენი, რომლის შეცვლის ან გაუქმების საფუძველი არ მოიპოვება.
საკასაციო საჩივრის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ვ. დ-ეს კ. ჯ-ის მოკვლის განზრახვა არ ჰქონია, რომ იგი იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, სრულიად უსაფუძვლოა.
მოწმეების _ ნ. ბ-ლის, თ. ნ-იას, დ. ლ-შვილის ჩვენებებით უდავოდაა დადასტურებული, რომ მსჯავრდებულმა ვ. დ-ემ ნამდვილად ჩაიდინა ის ქმედებები, რომლებიც მას სასამართლომ ბრალად შერაცხა. აღნიშნული მტკიცებულებების საფუძვლიანობა დადასტურებულია საქმეში არსებული სხვა ისეთი მტკიცებულებებითაც, როგორიცაა: სასამართლო-სამედიცინო, ბალისტიკური, ნიადაგმცოდნეობის, ბოჭკოვანი მასალებისა და კრიმინალისტიკური კომპლექსური ექსპერტიზების დასკვნები.
პალატა ასევე არ იზიარებს საკასაციო საჩივრის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ თითქოს ვ. დ-ის მხრიდან თავდამსხმელის მოგერიებისას გასროლა გამოწვეული იყო უკიდურესი აუცილებლობით, რათა მის ხელში არ აღმოჩენილიყო ცეცხლსასროლი იარაღი, რისი რეალური საშიშროებაც თითქოს არსებობდა კ. ჯ-ძის ფიზიკური სიძლიერისა და ალკოჰოლით აღგზნებულობის გამო. საქმის მასალებიდან გამომდინარე, მათ შორის მომხდარი ჩხუბის დროს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების საჭიროება არ არსებობდა, ვინაიდან კ. ჯ-ძეს ვ. დ-ის მიმართ არანაირი იარაღი არ გამოუყენებია, ფიზიკურად კ. ჯ-ე მასზე ბევრად სუსტი იყო.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის მიერ მსჯავრდებულ ვ. დ-ის მიმართ გამოტანილი განაჩენი არის კანონიერი და სასჯელის ზომაც სამართლიანად აქვს განსაზღვრული.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 18 ნოემბრის განაჩენი ვ. დ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.